"დამირეკეს, საიდან იცით, რომ ივანიშვილი სახეს იცვლისო? - ტიკარაძემ მითხრა-მეთქი, - გავეხუმრე" - რისთვის დახარჯა პარლამენტის პირველი ხელფასი ნატო ჩხეიძემ და რას ამბობს ოპოზიციის შიდადაპირისპირებებზე
"დამირეკეს, საიდან იცით, რომ ივანიშვილი სახეს იცვლისო? - ტიკარაძემ მითხრა-მეთქი, - გავეხუმრე" - რისთვის დახარჯა პარლამენტის პირველი ხელფასი ნატო ჩხეიძემ და რას ამბობს ოპოზიციის შიდადაპირისპირებებზე
ბლოკ “ნაციონალური მოძრაობა“- “ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, ნატო ჩხეიძის აზრით, ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს, ცდილობს, თხუნელასავით მიწაში ჩაძვრეს და ისე მართოს ეს ქვეყანა, ხელმეორედ შექმნას ილუზია, თითქოს ქვეყნის მართვაში არ ჩაერევა და ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე იქნება. მას მიაჩნია, რომ სწორედ ამ გზით აიცილებს თავიდან ხალხის რისხვას. ამბობს იმასაც, რომ ოპოზიციის მიზანი კვლავაც ვადამდელი არჩევნებია და ამისთვის იაქტიურებენ.

ნატო ჩხეიძე:
- წერილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა, პირიქით უნდა წავიკითხოთ და აი,
ის იქნება სიმართლე. მის მიერვე შექმნილი სისტემა სწორედაც რომ მისივე ლიდერობას, პირველკაცობას და გადაწყვეტილებების შესრულებას ითვალისწინებს, სხვანაირად ეს სისტემა ვერ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, იგი  პარტიის თავმჯდომარე რომ აღარ არის, რომ მიდის, რომ აღარავინ დაურეკოს რჩევისთვისაც კი, სიყალბეა. მისი  “წავედი“ ითქვა მხოლოდ მოსახლეობის დასაჯერებლად, მაგრამ რეალურად
ასე არ არის.

- რა შეიცვლება ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის?
- "ოცნებისთვის" არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ბევრი იქნება სამსჯელო, ვინ იქნება მთავარი - კალაძე, გახარია, კობახიძე თუ მათ ისევ ივანიშვილი უხელმძღვანელებს. (კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ეს საბოლოო ვერსია უფრო მგონია,) ის აუცილებლად გააკონტროლებს ყველაფერს. წასვლა რომ ნდომოდა, არჩევნების შედეგებს არ გააყალბებდა, რაც ასეთი თვალსაჩინოა და რამაც გამოიწვია დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი. გაყალბების ნაცვლად, "ქართულ ოცნებას" კოალიციური მთავრობა ჩაანაცვლებდა და ივანიშვილსაც ძალიან მშვიდობიანად და ბუნებრივად მოუწევდა სცენიდან გასვლა. რადგან ასე არ მოხდა, ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მაკონტროლებელი კვალავაც თვითონ იქნება.

- როგორ გგონიათ, ამ სამიდან რომელი შეძლებს, გახდეს ლიდერი?
- არც ერთი, რადგან სამივე ივანიშვილის ხელქვეითია. ლიდერს სჭირდება გუნდი, ნდობა და სიყვარული. ლიდერი უნდა იყოს ცოტა ქარიზმატულიც. ყველაფერი ერთად კი არც ერთს არ აქვს. დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში მკვეთრად გამოხატული ლიდერი რომ ვერ გამოჩნდა, ამიტომაც არის სასურველი და მიზანშეწონილი კოალიციური მთავრობა.

- თუმცა "ნაცმოძრაობას" აქვს პრეტენზია და ამბიცია იმისა, რომ ყველაზე ძლიერი მოთამაშე ოპოზიციურ ფლანგზე სწორედ თვითონაა...
- ეს არ არის მხოლოდ პრეტენზია და ამბიცია, ასეა რეალურად. "ნაციონალურ მოძრაობას" მართლაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ნამდვილად ყველაზე ძლიერი პარტიაა, თუმცა ვერ შეძლებს, დამოუკიდებლად, ერთპარტიულად მართოს ქვეყანა. ამიტომაც კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და მერე გამოჩნდება, ვინ შეიძლება გახდეს ლიდერი.

- რას იტყვით ოპოზიციის შიდადაპირისპირებებსა და უთანხმოებებზე?
- ელისაშვილს თუ გულისხმობთ, ის თავიდანვე ოპოზიციისგან განზე იდგა, საერთო შეხვედრებზე არ მოდიოდა. მისი პარტიის წევრი, ლევან იოსელიანი იშვიათად ჩნდებოდა. ბოლო პერიოდში, ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ, თითქოს უფრო აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა, თუმცა ცხადად ჩანდა, რომ ოპოზიციური ერთობის ორგანული ნაწილი მაინც არ იყო და ასეც მოხდა… ერთპროცენტიანი ბარიერი, ერთი მხრივ, ძალიან მომხიბვლელი წინადადება იყო, რადგან გეძლევა შესაძლებლობა, მოხვდე პარლამენტში და მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. ზღვარგადაჭარბებულმა გაყალბებამ და ამ 8 წლის განმავლობაში მომხდარმა არადემოკრატიულმა ქმედებებმა, ქვეყნის უკუსვლამ განაპირობა, რომ ივანიშვილმა ვერ მოახერხა ამ ერთპროცენტიანი პარტიების თავის მხარეს გადაყვანაც კი. ეს უკვე ძლიერ ერთობას ნიშნავს. არ ვიცი, "გირჩის" ერთი ნაწილი რას იზამს, ამ ეტაპზე ყოყმანობენ, მაგრამ რომც გადაწყვიტონ პარლამენტში შესვლა, მაინც იმდენად ცოტანი არიან, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ შერწყმა "ქართულ ოცნებასთან". ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, პარლამენტი ქმედითუნარიანი მაინც ვერ იქნება.

- თქვენი ამომრჩევლის დაკვეთა რა იყო - ის, რომ მანდატებზე უარი გეთქვათ?
- როგორც იცით, მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი, მოვიარე სოფლები, ვესაუბრე ხალხს და მათი დაკვეთა ნამდვილად არ იყო, შევსულიყავით პარლამენტში და იქიდან გვებრძოლა უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მათ სურდათ, შეცვლილიყო ხელისუფლება და ჩვენც ვპირდებოდით, რომ დავიცავდით მათ ხმებს და ხელისუფლება შეიცვლებოდა. ასე რომ, ეს არის საერთო თანხმობის შედეგი, ჩვენს შეუსვლელობას ვგულისხმობ. პარლამენტის ტრიბუნიდან მხოლოდ პრობლემების გაჟღერება არაფერს ნიშნავს, მდგომარეობას ვერ ცვლის. ამიტომაც ვამბობ, რომ მათი სურვილი და ჩვენი ქცევა ერთმანეთს ემთხვევა.

- საინტერესოა, რა ბედი ეწია პირველ ხელფასს, რომელზეც უარი თქვით და ამბობდით, რომ არ იცოდით, რა გექნათ ამ თანხისთვის?
- მაინტერესებდა, რას მეტყოდა საზოგადოება, რისთვის გამომეყენებინა ეს თანხა. არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც ხალხს ვხვდებოდი, მათ ვერ დავეხმარებოდი, რადგან ეს მოსყიდვად ჩაითვლებოდა. კარგია, რომ მომეცა შესაძლებლობა, რამდენიმე ოჯახს დავხმარებოდი. ახალი წლის წინა კვირას მოვიარე გორის, ქარელისა და ხაშურის სოფლები, 8 ოჯახში მივედი და თანხა გავუნაწილე. მათთვის იმედის მომცემი აღმოჩნდა, რომ მიუხედავად დამარცხებისა, მაინც მახსოვდა ისინი. გამარჯვებული კანდიდატი, ზაალ დუგლაძეც გამოვიწვიე და ვთქვი, რამდენი პროცენტითაც მეტი აიღო ჩემზე, მაჯობოს და უფრო მეტი ოჯახი მოინახულოს-მეთქი, მაგრამ მისგან არანაირი რეაქცია არ ყოფილა.

- ერთ-ერთ სტუდიაში ბიძინა ივანიშვილზე ნათქვამ თქვენს სიტყვებს, - "მე არ გამიკვირდება, ისე ძალიან მოინდომოს გაქრობა, რომ სახის ოპერაციაც გაიკეთოს, მერე გვაძებნინოს ჩვენ, სად არის ივანიშვილიო", - უამრავი კომენტარი მოჰყვა სოციალურ ქსელში. რისი თქმა გინდოდათ?
- მე რისი თქმაც მინდოდა, ვთქვი, მაგრამ ხომ იცით, ნათქვამს გადააკეთებენ ხოლმე, ინტერპრეტაციას უკეთებენ და კომენტარებსაც იმის მიხედვით წერენ. მე ვთქვი, ივანიშვილს ისე უნდა საზოგადოება დაარწმუნოს, ვითომ მმართველობაში აღარ არის, რომ ურჩევნია საერთოდ გაქრეს და ვეღარც ვიცნოთ, და რომ ვერ ვიცნოთ, იქნებ სახის ოპერაციაც კი გაიკეთოს, რომ თავი გვაძებნინოს და მის ადგილსამყოფელს ვკითხულობდეთ-მეთქი. წერდნენ, ნატო ჩხეიძემ იცის, რომ ივანიშვილი სახის ოპერაციას იკეთებს და მას ვეღარავინ იცნობსო. ერთმა დამირეკა, საკმაოდ აგრესიული ტონი ჰქონდა, თქვენ საიდან იცით, რომ სახეს იცვლის, ვინ გითხრათ, მშვენიერი სახე გაქვთ და თქვენს სახეს მიხედეთო. საიდან ვიცი და ტიკარაძემ მითხრა-მეთქი, - ვუპასუხე. რა თქმა უნდა, ესეც ხუმრობა იყო და ახლა ტიკარაძემ თუ მიჩივლა, მაბრალებენ და ასეთი რამ არ მითქვამსო, არ ვიცი…

- ბოლოს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გკითხავთ, როგორ შეაფასებთ მომხდარს?
- ყველანაირი გამარჯვება, მცირეც კი, არის დიდი გამარჯვების წინაპირობა. სტრასბურგში საქმის საჩვენოდ გადაწყვეტა, ეს არის მართლაც დიდი გამარჯვება, რომელიც საჭირო იყო ქვეყნის წინსვლისთვის, იმედისთვის და რწმენისთვის, საბოლოო მიზნის მისაღწევად.

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
123
08 თებერვალი 2021 09:00
ილია მოკალით ბოროტო გრუზინებო და რაღაა გასაკვირი
ჩოგანა გორელი
25 იანვარი 2021 14:15
ხომ ვერ გაგვიმხელთ შეთანხმებულ კოალიციური მთავრობის სავარაუდო შემადგენლობას?
gela
25 იანვარი 2021 00:04
ქალბატონო ნატო ყველას რომ ასე აქილიკებთ გორში რომ დაგდებული ბინა გაქვთ ნეტა ბოლოს როდის იყავით და თუ არ გჭირდებათ იქნებ გამოჩინოთ ჰუმანურობა და დროებით ვინმე აცხოვროთ საქართ ველოს პატრიოტო,
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები