"ქვეყანაში ვითარების "გაცხელებაზე" სხვების მუქარებიც მოგვისმენია" - რას პასუხობს არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში ვითარების "გაცხელებაზე" სხვების მუქარებიც მოგვისმენია" - რას პასუხობს არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას

თუ პარლამენტი საბოლოოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანის ხმები",-ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

"ლელოს" ლიდერის განცხადებით, დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც, ვინაიდან "სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს".

"ქართული ოცნება" ერთ პარტიულ პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას. დღეს გავიგეთ, რომ ერთ კვირაში ისინი აპირებენ მანდატების მოხსნას. ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე ვიღებთ ასეთ სურათს - გაყალბების პირობებში 48 %-იანი პარტია "ქართული ოცნება", იღებს თავის თავზე სერიოზულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ 52%ამომრჩეველს უთხრას უარი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე. ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა. ისინი ირჩევენ ერთპარტიულ პარლამენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შეყავთ ღრმა კრიზისში. ჩვენ მივაღწიეთ პროპორციულ არჩევნებს, მართალია ნაწილობრივ მაგრამ მაინც. ასევე დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. არ შეიძლება "ოცნება" იყოს მარტო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პარლამენტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და შემდეგ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების თვალში იქნება არალეგიტიმური. რას მოიმოქმედებს პარლამენტი?! ეს იქნება ბოლო აკორდი, ოპოზიციისა და მმართველი პარტიისთვის. თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანის ხმები. ეს არის პრინციპული საკითხი! სანამ საქართველოში არ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს პოლიტიკაში, იქამდე ადამიანებს ვერ დავუბრუნებთ ნდობას. ადამიანებს აღარ სჯერათ თავისუფალი არჩევნის. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა არ კეთდება, ეს კი "ქართულ ოცნებას" აწყობს",-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ქვეყანაში ვითარების "გაცხელებაზე" სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური სვლები გათვლილი აქვს. "გაზაფხულისთვის მზად ვართ! "ქართულ ოცნებას" შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიაზე და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ქვეყანაში ვითარების "გაცხელებაზე" სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს ", -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც მან აღნიშნა რომ თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, "მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანის ხმები".

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით