"სინამდვილეში 132 კი არა, 176 კგ ოქრო დაიკარგა!" - კვირის პალიტრა

"სინამდვილეში 132 კი არა, 176 კგ ოქრო დაიკარგა!"

"არაბული ოქროს ნაკეთობები შემოაქვთ იაფად, ზარაფხანის დამღას ადებენ და შემდეგ ძვირად ყიდიან"

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სკანდალურ წერილებს "მოოქრული აფერა" ზარაფხანის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი  ჟანა ქარელიძე გამოეხმაურა. მას სჯერა, რომ ასეთი წერილები საზოგადოებას სწორი და  სახელმწიფოებრივი აზროვნებისკენ უბიძგებს და წარსულში საიდუმლოებით მოცული დეტალების გახმაურება სწორედ ამიტომ არის აუცილებელი.

ჟანა ქარელიძე: - 31 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ზარაფხანაში ქიმიკოს-ლაბორანტად და ბევრი რამის თვითმხილველი ვარ. ვადასტურებ, რომ ზარაფხანის ყოფილმა ხელმძღვანელმა დათო ლორთქიფანიძემ "კვირის პალიტრასთან" სრული სიმართლე ილაპარაკა. ჩემთვის ყველა ის ფაქტი, რაზეც ბატონი დათო ლაპარაკობს, ცნობილი იყო.

- თქვენ თუ დაამატებთ ზარაფხანის ყოფილი დირექტორის მონათხრობს რამეს?

- საწარმოს ხელოვნურად გაკოტრება ადრევე დაიწყო, რის შედეგადაც ზარაფხანას 6-მილიონიანი დავალიანება ჰქონდა. დათო ლორთქიფანიძემ მართლაც სცადა მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. მას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს. მას შემდეგ, რაც სასინჯი დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა აკაკი რამიშვილმა სპეცრაზმის თანხლებით თანამდებობა დაიკავა, წარმოუდგენელი პროცესები დაიწყო. როგორც ვიცი, მისი დავალებით პირდაპირ

ფანჯრებიდან ისროდნენ საწარმოს ძვირად ღირებულ დაზგებსა და სხვა დანადგარებს. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეყარა ეზოში საიუველირო მაგიდები და დაზგები, ზარაფხანის ფანჯრებს კი  მინებიც  აღარ  ჰქონდა შერჩენილი.

ასე გააკოტრეს ხელოვნურად ზარაფხანა და გროშებად გაყიდეს. იმხანად  რამიშვილმა უკანონოდ გამათავისუფლა სამსახურიდან, მაგრამ მისი გადაწყვეტილება გავასაჩივრე, პროცესი მოვიგე და სამსახურში იძულების წესით აღმადგინეს. თუმცა, იქ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე. ზარაფხანის ახალი მფლობელის, კობა ნაყოფიას ცოლისდამ სამსახურის დატოვება მაიძულა.

- მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ დღეს მომგებიანი საწარმოა ზარაფხანა.

- მის მფლობელებს  ქონებაზე, ბინებზე, მანქანებზე, საზღვარგარეთ გადახდილ ქორწილებზე ეტყობათ, რომ ბევრი ფული იშოვეს. საინტერესოა, რის ხარჯზე გამდიდრდნენ? დღეს ზარაფხანის შენობაში სავალალო მდგომარეობაა, რაც გარედან ერთი შეხედვითაც ეტყობა. ფაქტობრივად,  საწარმო პატარა საამქროდ არის გადაკეთებული და მხოლოდ შენობის  მომცრო კუთხე აქვს დათმობილი. დანარჩენი ბიზნესორგანიზაცია "დეველოპმენტს" უკავია.

იმ პატარა საამქროში არ შეიძლება იმ ოდენობის ოქროსა თუ ვერცხლის ნაკეთობების წარმოება, რამდენიც ზარაფხანის ნიშნით იყიდება საიუველირო მაღაზიებში. როგორც ვიცი, ძვირფასი ლითონების ნაკეთობებს იაფად უკვეთენ არაბეთში, საქართველოში ჩამოაქვთ და აქ ზარაფხანის დამღას ადებენ, შემდეგ კი ძვირად ყიდიან თავიანთ საიუველირო მაღაზიებში.

- არაბულ ნაკეთობას თავისი დამღა არ აქვს?

- რა პრობლემაა დამღის ამოვსება და ზარაფხანის ნიშნის დადება? ოქროზე ხომ სავალდებულო კონტროლი აღარ არის ქვეყანაში?

ერთ ფაქტს გიამბობთ. არცთუ დიდი ხნის წინ პეკინზე მდებარე ზარაფხანის საიუველირო მაღაზიაში შევედი. დავათვალიერე ნაკეთობები და ერთმა ვერცხლის ძეწკვმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ისე იყო მოწნული, მივხვდი, ზარაფხანის არ იყო. არადა, ჩვენი ნიშანი ედო და დამიდასტურეს კიდეც, ჩვენი ნაკეთობააო. ასეთ სკვნილებს რომ არ ამზადებენ ზარაფხანაში-მეთქი! - აღვშფოთდი მე. თქვენ ამ საწარმოში მუშაობდითო? - დაირცხვინა გამყიდველმა და აღიარა, რომ ნაკეთობა ზარაფხანისა არ იყო. ადრე ზარაფხანის მფლობელებს არაბეთიდან იაფი ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ, ახლა ვერცხლის  სამკაულების შემოტანაც დაიწყეს.

- "საუკუნის დანაშაულის" გახსნაზე რას ფიქრობთ?

- გამიხარდა, რადგან დანაშაულის გაუხსნელობა ჩირქს სცხებდა პატიოსან ადამიანებსაც, რომლებიც ზარაფხანაში მუშაობდნენ. თუმცა კითხვები გამიჩნდა. ჯერ ერთი, გამოძიების ვერსიით, ამ საქმეში ფიგურირებს ზარაფხანის ყოფილი თანამშრომელი კოტე აბაიშვილი, რომელსაც ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა. ვერ ვიჯერებ, რომ ის ქურდობის  საქმეში ურევია. გვეუბნებიან, რომ 132 კგ ოქროს დატაცების ფაქტიც გახსნეს. არადა, თავის დროზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 176 კგ ოქრო დაიკარგა. ასე იყო დანაკარგი აღრიცხული ბუღალტერიაშიც(?!).

სხვათა შორის, აღარავინ ამბობს, რომ აკაკი რამიშვილის დირექტორობის დროს 3 ტონა თითბერიც დაიკარგა. ზარაფხანის თითბრის სუვენირები საკმაოდ ძვირად იყიდებოდა და იყიდება კიდეც ზარაფხანის კუთვნილ საიუველირო მაღაზიებში.

ქურდი შეუმჩნევლად სამ ტონა თითბერს ზურგზე ვერ მოიდებდა და "ერთ მშვენიერ დღეს" ვერ გაიტანდა. ამას სპეციალური ტექნიკა სჭირდება, საწარმოს კი იარაღასხმული დაცვა ყოველთვის იცავს. ხელმძღვანელობის ჩაურევლად 3 ტონა თითბრის გატანას ვერავინ მოახერხებდა.

თავის დროზე ამ დანაშაულის თაობაზე ჟურნალისტური გამოძიებაც ჩატარდა და დაიბეჭდა მასალა ერთ-ერთ გაზეთში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღუძრავთ, ჩვენი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

როცა ასეთი სკანდალური წერილები ქვეყნდება და დოკუმენტებითაც დასაბუთებულია ფაქტები, ხელისუფლებას რეაქცია ხომ  უნდა ჰქონდეს! კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: როცა რომელიმე მნიშვნელოვანი ობიექტის პრივატიზებას აპირებენ, წინასწარ გაიძახიან, კერძო ინვესტორი დანგრეულსა და გაპარტახებულს ააყვავებს, უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს, საწარმოს - პროფილი, ძველ თანამშრომლებს კი ადგილები შეუნარჩუნდებათო. სინამდვილეში დაპირებას არავინ ასრულებს. დამისახელეთ თუნდაც ერთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტი, რომლის პრივატიზების შემდეგ ახალმა მფლობელმა დაპირება პირნათლად შეასრულა.

P.S. ბუნებრივია, ჩვენი წერილების შემდეგ ზარაფხანის ამჟამინდელ მფლობელებთან ბევრი კითხვა დაგვიგროვდა, მაგრამ მათგან პასუხები ამ კითხვებზე ჯერ ვერ მივიღეთ. მზად ვართ მოვისმინოთ მათი მოსაზრებები წერილებში მოყვანილ ფაქტებსა და არგუმენტებზე, რა თქმა უნდა, თუ ისინი საუბრის სურვილს გამოხატავენ.