ვაშინგტონიდან სტრასბურგამდე ანუ როგორ შეხვდება საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს?!
ვაშინგტონიდან სტრასბურგამდე ანუ როგორ შეხვდება საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს?!
"სტრასბურგში გამარჯვება არის არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის, არამედ სახელმწიფოს გამარჯვება!"

21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გამოაცხადა - საქართველომ რუსეთს ეს საქმე მოუგო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს ბრალდებას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა. სტრასბურგის
სასამართლომ ასევე გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. სასამართლომ დააკისრა რუსეთს პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისა და ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის. "ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი
ბერკეტია საქართველოსთვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის", - განაცხადეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან:


- უპირველესად მსურს მთელ ქვეყანას მივულოცო ეს გადაწყვეტილება და როგორც საქართველოს ერთმა მოქალაქემ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ წარმატებასა და გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, თანამდებობისა და ა.შ. ეს არის ერთობლივი შრომის შედეგი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება, როცა ყველა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. რაც შეეხება იმას, თუ რას გვაძლევს ეს გადაწყვეტილება - არაერთხელ გვითქვამს, რომ 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად ჩვენ არა მარტო წავაგეთ ფიზიკური ბრძოლა, წავაგეთ საინფორმაციო ომიც.

რუსეთის ამ ზეწოლის გასარღვევად, ჩვენი ქვეყნის პოზიციის გასამყარებელი და მხარდამჭერი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტები გვჭირდება. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამგვარი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების რიცხვს მიეკუთვნება. ერთია ჩვენი პარტნიორების მხარდამჭერი პოლიტიკური ზეპირი განცხადებები, მაგრამ სხვაა, როცა იქმნება საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამართლებრივ საფუძველს უძლიერებს. ეს უმნიშვნელოვანესია რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და ასევე დეოკუპაციისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველაფერი დასრულდა. კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. ამიტომაც არა გვაქვს დამშვიდების უფლება. უფრო მეტი შემართებით უნდა შევუტიოთ ოკუპანტ მხარეს, რათა ეს გამარჯვება უფრო დიდ გამარჯვებად ვაქციოთ. ამისთვის გვჭირდება ერთიანი, მწყობრი დეოკუპაციის სტრატეგია. ეს გადაწყვეტილება ამ მიმართულებითაც ძალიან სერიოზული და უმნიშვნელოვანესია, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ჩვენი უფრო ქმედითი ნაბიჯები, რათა რუსეთს მაქსიმალური პასუხისმგებლობა დაეკისროს. სხვათა შორის, წინადღეს გახმაურდა ეს გადაწყვეტილება და ის მეორე დღესვე ახსენა ნატოს გენმდივანმა სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდგომ, ბრიფინგზე. მოკლედ, ეს არის სამართლებრივად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელზეც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები უნდა დავაშენოთ.

- საინტერესო იყო სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტზე რუსული მხარის რეაქცია - სრული დეზინფორმაციის გავრცელება.
- გასაკვირი არც არის. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია რუსეთის მოქმედება. როცა რაიმე საკითხი თუ გადაწყვეტილება კრემლს არ აწყობს, იწყება საკუთარი ვერსიის მოყოლა და საზოგადოების დეზინფორმირება. ეს გათვლილია საკუთარ მოსახლეობასა და რუსულენოვან აუდიტორიაზე, ძირითადად, დსთ-ის ქვეყნებზე. ცდილობენ ვითარება ისე წარმოაჩინონ, როგორც კრემლის იდეოლოგებს სურთ. მათთვის მძიმეა აღიარება, რომ ასეთმა მნიშვნელოვანმა სასამართლომ რუსეთი გაამტყუნა. რუსეთის რიტორიკას მაშინვე გამოეხმაურნენ საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო მთავრობების წევრები და დაგმეს სტრასბურგის სასამართლო. ეს არის რუსული პროპაგანდის ტრადიციული ნარატივი და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად მტკივნეულია ასეთი გადაწყვეტილებები რუსეთისთვის და რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების შექმნას.

- მე და თქვენ აქამდეც გვისაუბრია თემებზე, რომელიც ყოველგვარ პარტიულ თუ სხვა ტიპის ინტერესებზე მაღლა დგას, რაც საზოგადოების გაერთიანებას უწყობს ხელს. ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, სწორედ ამგვარ თემებს მიეკუთვნება, თუმცა ჩვენთან პოლიტიკოსებმა მოახერხეს ამ საერთო სიხარულის გაყოფა და გამარჯვების მისაკუთრება. მაგალითად, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "ეს არის ჩემი მთავრობის გამარჯვება, იმიტომ, რომ თავის დროზე შევიტანეთ სარჩელი სტრასბურგში. მიუხედავად განცხადებებისა ივანიშვილის და მთელი მისი ბანდის, რომ საქართველო იყო დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა მცდელობა ჰქონოდათ, რომ ჩვენ ეს არ მოგვეპოვებინა, ჩვენ ამას მაინც მივაღწიეთ..."
- ამგვარი განცხადებები ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. ეს გამარჯვება არ არის ერთი ადამიანის, ერთი ხელისუფლების ან ერთი უწყების შრომის შედეგი. სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშებმაც. ამიტომაც უკიდურესად არასწორია თქმა, რომ ეს წინა ან ამჟამინდელი ხელისუფლების დამსახურებაა. მთავარია, ეროვნული ინტერესების დაცვა და არა ის, თუ ვინ დაიდგამს დაფნის გვირგვინს. სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გატარება იმხელა დროს მოითხოვს, რომ შესაძლოა ერთი ხელისუფლების ვადაში ვერც მოხერხდეს და შემდეგმა ხელისუფლებებმა დაასრულონ. მთავარია, იყოს თანამიმდევრულობა, ინსტიტუციური მმართველობა, თანამშრომლობა. სტრასბურგში გამარჯვება არის არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის, არამედ სახელმწიფოს გამარჯვება! სამწუხაროა, როგორც ჩანს, ჩვენს პოლიტიკოსებს ეს კარგად არ ესმით, არადა, პოლიტიკაში ყოფნა უპირველესად პასუხისმგებლობის გააზრებას გულისხმობს. ერთი რამ მინდა ვთქვა - 2021 არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წელიწადი - დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გადის. როგორ ვხვდებით საიუბილეო თარიღს - 2021 წლის 9 აპრილს? იმ ქვეყნად, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე იწვნია გახლეჩის, ერთმანეთთან დაპირისპირების უმძიმესი შედეგი, მაგრამ ამ ყველაფრისგან რაღაც ისწავლა? თუ იმ ქვეყნად, რომელმაც შეცდომებისგან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა და ისევ ერთსა და იმავე წრეზე დადის?

ეს კითხვა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ პოლიტიკოსებმაც და საზოგადოების წევრებმაც. 30 წელი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის შეიძლება ბევრი არაფერია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია საქართველოს თანამედროვე რესპუბლიკისთვის! დროა გავიაზროთ, სად რა შეგვეშალა... უმნიშვნელოვანესია, რომ ამ 30 წლის იუბილეს საქართველო შეხვდეს ღირსეულად, იმ პოლიტიკური კრიზისის გადალახვით, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს.


- ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მათ შორის ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც უპასუხა შეკითხვას აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომ თუკი საქართველოს ნატოს წევრობისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა შეუძლია, მისთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩესო, სტოლტენბერგმა კი განაცხადა, საქართველოს მთავარი ამოცანა ნატოს წევრობისკენ გზაზე რეფორმებიაო.
- უპირველესად მივესალმები ამ ვიზიტს, იმიტომ, რომ ძალიან გვჭირდება ამ მიმართულებით გააქტიურება, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ბოლოდროინდელი ცვლილებების გამო. მხედველობაში მაქვს ყარაბაღის მორიგი ომი და ამის შედეგად რუსეთის გავლენის უფრო გაძლიერება. ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიურობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის. ამ შემთხვევაში ალიანსის ინტერესები და ხედვა ჩვენსას ემთხვევა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. მართლაც მისასალმებელია ენტონი ბლინკენის განცხადება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებში ალიანსის გაფართოების შესახებ ერთნაირი მოსაზრებები არ არის. ამიტომ აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ იმ პარტნიორებთან ურთიერთობა, რომლებიც უფრო კონსერვატორები არიან და ალიანსის გაფართოებას უფრო ფრთხილად ეკიდებიან. ყველაზე მთავარი კი ის არის, რაც იენს სტოლტენბერგმა გვითხრა, რომ საქართველოს ნატოსკენ გზა რეფორმებსა და დემოკრატიულ განვითარებაზე გადის. პირდაპირ ითქვა, ნატოს სჭირდება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებიო. ამიტომ კარგად უნდა გადავხედოთ ჩვენი რესპუბლიკის მიერ განვლილ 30-წლიან გზას და ვნახოთ, რას მივაღწიეთ, როცა ერთიანობა შევძელით, და რამდენი დავკარგეთ, როცა შიდა დაპირისპირებას გადავყევით.

- გასულ კვირას ჯო ბაიდენი უკვე ოფიციალურად შეუდგა აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას...
- ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ - აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არის შანსი საქართველოსთვის, რათა ჩვენი სახელმწიფო ბევრი მიმართულებით გადავიყვანოთ თვისებრივად ახალ ეტაპზე. ამისთვის გვჭირდება პროაქტიული საგარეო პოლიტიკა და მნიშვნელოვანი რეფორმები. შესაძლოა საქართველოსთვის ძალიან მალე გაიხსნას შესაძლებლობის ფანჯარა და თუ ამ მომენტისთვის მზად არ ვიქნებით, ამ გაშვებულ შანსს ნამდვილად ვერ ავინაზღაურებთ. აბსოლუტურად სხვა ტიპის ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ში. ის ამბობს, რომ უნდა დაბრუნდეს მსოფლიოში ამ ქვეყნის ლიდერობა, მაგრამ დაბრუნდეს არა ძალით, არამედ ღირებულებებით, იდეალებით... მსოფლიოს სჭირდება ამგვარი ლიდერი - ბაიდენს აქვს ამის აღსრულების ამბიცია და ჰყავს პროფესიონალთა ჯგუფიც. თვითონაც იმ კალიბრის პროფესიონალია, რომელსაც ამის გაკეთება ძალუძს. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ვიფიქროთ სტრატეგიულ ამოცანებზე და არ უნდა გადავყვეთ წვრილმან კინკლაობას.

- სწორედ ამაზე უნდა გკითხოთ. როგორ აფასებთ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას? ვხედავთ დაპირისპირებებს ოპოზიციაში, რომელიც აქამდე ერთობლივ ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტში შესვლას, საერთო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა კი სულ უფრო მცირდება...
- დაპირისპირებები მართლაც არასასიამოვნოა, თუმცა ამაზე უარესი ის არის, რომ ეს პროცესი ჩიხშია და გამოსავლის პოვნის შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. იმთავითვე დაპირისპირება ისეთი მაღალი ნოტიდან დაიწყო, საიდანაც უკან დახევა მხარეებს ძალიან უჭირთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მხარეები ვერ აცნობიერებენ, რომ მათ ეროვნული ინტერესების აღსრულებისთვის ერთმანეთი სჭირდებათ. შეთანხმებისთვის გზების გამონახვა მათი ვალდებულებაა და რაოდენ დასანანია, რომ ამას ვერ გრძნობენ.

- ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ მას 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაცია "ანტიკორუფციული ფონდის" თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს. 23 იანვარს მთელ რუსეთში გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქციები სლოგანით: "თავისუფლება ნავალნის!" როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ნავალნი რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
- ჩვენ გვახასიათებს პროცესების შავ-თეთრ ფერებში ყურება. ზოგს ნავალნი კარგ პოლიტიკოსად იმიტომ მიაჩნია, რომ პუტინის მოწინააღმდეგეა, სხვებისთვის კი ცუდია, რადგან საქართველოზე არაერთი არაკორექტული განცხადება აქვს გაკეთებული. პოლიტიკაც და საერთაშორისო ურთიერთობებიც ისეა მოწყობილი, რომ შავ-თეთრად არ იყოფა. რუსეთში ვითარება მძიმეა, იმაზე მძიმე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ნავლნიზე ვიტყვი ერთ რამეს - მისი სადამსჯელო ოპერაცია უშედეგოდ დამთავრდა.

ითქვა, რომ მასში ეფ-ეს-ბე მონაწილეობდა, რაც ხელისუფლების მონაწილეობას ნიშნავს და ამ ამბავზე პასუხისმგებლობა ვლადიმირ პუტინს დაეკისრა. შესაბამისად, ნავალნი უბრალო ოპოზიციონერიდან პუტინის პირად მტრად იქცა. თუმცა ის რუსი პოლიტიკოსია და ყოველთვის ისე მოიქცევა, რაც პუტინის საწინააღმდეგოდ და ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამოადგება. მისთვის საქართველოს ინტერესები არასოდეს იქნება მნიშვნელოვანი. მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც აშკარად წინასწარ კარგად ჰქონდა დაგეგმილი, იცოდა, რაზეც მიდიოდა... მისი რუსეთში ჩასვლა და ეს აქციები არ ნიშნავს, რომ ხვალ პუტინი აღარ იქნება პრეზიდენტი.

ჩვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. რუსეთში ძალიან საინტერესო შიდა დინებებია, მათ შორის ხელისუფლებაში, ძალაუფლების გადანაწილებაში და ა.შ. კარგად უნდა გამოვთვალოთ ამ პროცესებში ჩვენი შანსებიც, საფრთხეებიც და ამაზე ველაპარაკოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები