21:01:21 – დეოკუპაციის დასაწყისი?! - კვირის პალიტრა

21:01:21 – დეოკუპაციის დასაწყისი?!

"ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობით, თუ ჩვენი ქვეყანა მოინდომებს, შეუძლია დეოკუპაციასაც მიაღწიოს. უდიდესი სამართლებრივად დასაბუთებული დოკუმენტია, დიდი პალატის პრეცედენტული გადაწყვეტილება"

21 იანვარს ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი 12 წლის წინ შევიდა. საქართველოს საჩივარში ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაზე იყო ლაპარაკი, კერძოდ, სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

ევროპულმა სასამართლომ ექვსი მუხლის დარღვევა აღიარა. რაც შეეხება განათლების უფლებასა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების არარსებობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება განათლების უფლების დარღვევის დადგენისთვის. ასევე სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ცალკე ემსჯელა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევაზე. ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ პირს, რომელსაც ერღვევა უფლება, ჰქონდეს ამ უფლების დარღვევის შეფასების და სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. რაც შეეხება სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხს (კონვენციის 41-ე მუხლი), ევროპულმა სასამართლომ ამ საკითხის განხილვა ერთი წლით გადადო და ამ ვადაში მხარეებს - საქართველოსა და რუსეთს მორიგების საშუალება მისცა.

იურისტ ლია მუხაშავრიას ევროსასამართლოში არაერთი საქმე მოუგია, მათ შორის - რუსეთის წინააღმდეგაც. ის აქტიურად იყო ჩართული აგვისტოს ომის საქმეებშიც, სოფლებში დადიოდა და თავისი თვალით ნახა, რა გადაიტანეს ადამიანებმა. მისმა ორგანიზაციამაც არაერთი ინდივიდუალური საჩივარი გააგზავნა ევროპულ სასამართლოში და დაზარალებულები ახლა ამ საქმეების განხილვას ელიან.

ლია მუხაშავრია:

- ჩვენ ომი მოვუგეთ რუსეთს იმით, რომ ევროსასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობით, თუ ჩვენი ქვეყანა მოინდომებს, შეუძლია დეოკუპაციასაც მიაღწიოს. უდიდესი სამართლებრივად დასაბუთებული დოკუმენტია, დიდი პალატის პრეცედენტული გადაწყვეტილება.

სხვათა შორის, ევროსასამართლო ყოველთვის გვერდს უვლიდა ომის საკითხების განხილვას. პირველად განიხილა ეს საკითხი და მიიღო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საერთოდ, ვფიქრობ 21-ე საუკუნეში ბევრი რამ იცვლება. ომს, აგრესიას, რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას ცივილიზებულმა საზოგადოებამ დაუპირისპირა სამართლებრივი დოკუმენტი, სასამართლო და მართლმსაჯულება. მგონი, ეს ყველაზე კარგი ხერხია, დაამარცხო ასეთი აგრესორი. პირველად ისტორიაში პატარა ქვეყანამ უზარმაზარ იმპერიას მოუგო ომის საქმე, დაამტკიცა, რომ ომის მსხვერპლია და რუსეთმა დაარღვია ბევრი ფუნდამენტური უფლება, რომლებიც გარანტირებულია ევროკონვენციით. სწორედ ეს თქვა ევროსასამართლოს დიდმა პალატამ.

როცა ჩვენ გავასაჩივრეთ აგვისტოს ომის საქმე, იჩივლა არა მარტო ჩვენმა სახელმწიფომ, არამედ შევიდა დაახლოებით 900-მდე ინდივიდუალური საჩივარი. მარტო ჩემმა ორგანიზაციამ 29 საქმე გაასაჩივრა, რომლებზეც 100-ზე მეტი მომჩივანია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროსასამართლოს ეს საქმეები განეხილა. გარდა ევროსასამართლოსი, აგვისტოს ომი გასაჩივრებულია ჰააგას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ე.წ. გაეროს სასამართლოში, სადაც ჩვენ ვუჩივით რუსეთს და რუსეთიც გვიჩივის. საქმე გასაჩივრებულია ჰააგის ტრიბუნალშიც. დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით, პირველად რომელი სასამართლო გადაწყვეტდა ამ საკითხს. არ მოველოდი, რომ ეს იქნებოდა ევროპული სასამართლო, მეგონა, ჰააგის ტრიბუნალს უფრო ადრე შეეძლო გამოძიების დასრულება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. მერე უფრო ადვილი იქნებოდა ამ დარღვევების სახელმწიფოზე განვრცობა, მაგრამ პირიქით მოხდა, თუმცა, გასაგებია, რატომ - ევროსასამართლომ დაადგინა ძალიან სერიოზული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ევროკონვენციის საწინააღმდეგოდ.

ახლა ამ გადაწყვეტილებით შეიარაღებულ ჩვენს მთავრობას, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობასა და ჩვენს მეგობრებს ერთად შეგვიძლია გავაგრძელოთ თანამიმდევრული საქმიანობა და ამჯერად მოვითხოვოთ, აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა.

ჩემთვის ეს ნიშნავს დევნილების სახლებში დაბრუნებას, მათი საკუთრების უფლების დარღვევის გამო კომპენსაციას, იქ მათი მშვიდობიანად ცხოვრების უფლების დაცვას და ამისთვის გარანტიების შექმნას. აღარ უნდა გაიტაცონ ჩვენი მოქალაქეები, უნდა შეწყდეს უკანონო დაპატიმრება, რაც ნიშნავს იმასაც, რომ ეს არ იყოს მხოლოდ დევნილების დაბრუნება, არამედ იყოს იურისდიქციის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

- ძალიან იმედიანია თქვენი განცხადება... - მართლაც ასეა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ევროპულმა სასამართლომ ამ საკითხზეც იმსჯელა. ის იყენებს სამართლებრივ ტერმინს - ეფექტური კონტროლი. მიჩნეულია, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ევროპული კონვენცია ამ ტერიტორიებზე და ის ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს. ეს საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, პოლიტიკური და სამხედრო ტერმინი კი გახლავთ ოკუპაცია, ამიტომ ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაძლევს უფლებას, განვაგრძოთ ბრძოლა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოიყენოს ეს დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებამ? - ჩვენი ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს და ამ გადაწყვეტილებით შეიარაღებულმა ევროპის საბჭოსა და მისი მინისტრთა კომიტეტის მეშვეობით, რომელიც არის ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების სააღსრულებო ორგანო, მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, რომ მოხერხდეს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა. ეს შესაძლებელია ძალიან ბევრი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თუ სოციალური საშუალებით და ამ პროცესში უმთავრესი იქნება სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი დადგენილების აღსრულება. ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ წარიმართება მინისტრთა კომიტეტის გამოსვლა სააღსრულებო დოკუმენტთან დაკავშირებით, რა ჩაიწერება მასში და კონკრეტულად რა დაევალება რუსეთის ფედერაციას; როგორი იქნება მოლაპარაკებების შედეგად საკომპენსაციო თანხა, რომელიც გადაწყვეტილეაბის საფუძველზე უნდა გადაიხადოს რუსულმა მხარემ; მერე ეს კომპენსაცია როგორ უნდა გაუნაწილდეს იმ ადამიანებს, ვისაც უდიდესი ზიანი მიადგა როგორც სიცოცხლის უფლების დარღვევით, ისე წამების, უკანონო პატიმრობისა და ტყვეობის შედეგად საკუთრების უფლების დარღვევით. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ აქვს ძალიან მყარი სათავე და ეს მისასალმებელია.

- ასეულობით საქმეს სასამართლო ინდივიდუალურად განიხილავს? - ნაწილი განხილულია და ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შემდეგ, ცხადია, სხვა საქმეების განხილვა გაცილებით გაიოლდება, თუმცა სასამართლოს შეუძლია მათ განხილვაზე უარი თქვას, ვინაიდან ეს არის პრეცედენტული სასამართლო და თქვას, რომ მთავრობამ უნდა იხელმძღვანელოს ამ გადაწყვეტილებით, ან სააღსრულებო დადგენილებაში მიუთითოს, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება შეეხება ინდივიდუალურ საჩივრებსაც. უმნიშვნელოვანესია, როგორ წარიმართება აღსრულების პროცესი, როგორ დასაბუთდება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ალბათ, ზიანი შეიკრიბება და ერთიანად მოსთხოვენ რუსეთს კომპენსაციის გადახდას, მერე კი ეს გაუნაწილდება ცალკეულ ადამიანებსა და ოჯახებს. როგორ დაბრუნდებიან ეს ადამიანები თავიანთ სახლებში და როგორ შეძლებენ ცხოვრებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ეს უკვე მთავრობის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

- გაჩნდა რუსეთის კომენტარებიც. ამბობენ, ჩვენ გავიმარჯვეთო... - რუსეთს დეზინფორმაციით უნდა ამ დოკუმენტის მნიშვნელობის დაკნინება, თუმცა ვინც საქმეში კარგად არის ჩახედული, ყველა იტყვის, რომ ეს რუსეთისთვის კატასტროფაა, რადგან ჩნდება ახალი ისტორიული ბერკეტი სასამართლოს ძალით და სამართლის სახელით რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად, რუსეთის იმპერიული პოლიტიკის ასალაგმავად ევროპასა და საქართველოში.

ეს რუსეთს ძალიან ცუდ მომავალს უქადის, იმიტომ, რომ წინ არის უკრაინის, მოლდოვის საქმეები და არ არის გამორიცხული, ევროსასამართლომ ამ შემთხვევებშიც ასეთივე გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იქნება სერიოზული დარტყმა და შეტევა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად.

- 2014 წელსაც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის საქმეზე. რუსეთს დაეკისრა სოლიდური თანხის გადახდაც, მაგრამ ეს დღემდე არ აღსრულებულა. ამ საქმესაც ასეთივე ბედი ხომ არ ელის? - პირველ საქმეზე რუსეთს 12 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. ვფიქრობ, ახალი გადაწყვეტილება ასეთი მკაფიო სწორედ იმიტომ არის, რომ პირველი გადაწყვეტილების აღსრულებას რუსეთი თავს არიდებს. დარწმუნებული ვარ, ევროპული სასამართლო, ევროპის საბჭო და ევროპული საბჭოს ყველა ორგანო ჩაერთვება, რომ რუსეთი აიძულონ, შეასრულოს ჯერ პირველი, შემდეგ კი მეორე გადაწყვეტილება. ამისთვის გამოიყენებენ არა მხოლოდ დიპლომატიურ მეთოდებს, როგორც აქამდე ხდებოდა, არამედ, ალბათ, ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებსაც, რომლებიც ზოგიერთმა ქვეყანამ ისედაც დაუწესა რუსეთს და თუ ეს მთელ ევროპაში მოხდება, რუსეთს უკან დასახევი მართლაც აღარ დარჩება. ეს საქმე მტკიცებულებებით ისე იყო გამყარებული, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით 17-ვე მოსამართლემ - მათ შორის რუსეთის წარმომადგენელმაც - ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

ზოგი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ სასამართლომ ხუთდღიანი ომი დეტალურად არ განიხილა და მიაჩნიათ, თითქოს ამით რუსეთმა წარმატებას მიაღწია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საკითხები, რომლებიც არ განიხილა ევროპულმა სასამართლომ, გადასაწყვეტად რჩებათ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს. მათ წარმოებაში მიიღეს იგივე საქმე, ოღონდ ის თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად უნდა განიხილონ და გადაწყვიტონ, ვისი ბრალი იყო, რაც მოხდა. ჰააგის ტრიბუნალი დამნაშავეებს გაასამართლებს. სწორედ ტრიბუნალზე გამყარდება მტკიცებულებებით დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ბრალი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო კი იმსჯელებს, აგვისტოს ომის დროს გაეროს რომელი კონვენციები დაირღვა. განსაკუთრებით საყურადღებოა ე.წ. ჟენევის კონვენცია, რომელსაც ომის კონვენციას უწოდებენ და რომელიც ომის წესებსა და პროცედურებს ადგენს. კიდევ ბევრი საკითხია, რომლებიც ამ ორმა საერთაშორისო სასამართლომ უნდა განიხილოს და დარწმუნებული ვარ, იქაც გავიმარჯვებთ.

თუ რუსეთი გააგრძელებს ურჩობას და არ აღასრულებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს იქნება მინიშნება, რომ საჭიროა სხვა საერთაშორისო სასამართლოებმა უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ. რუსეთის წინააღმდეგ მათი ძალისხმევა იქნება უფრო მტკიცე და თანამიმდევრული, რადგან მგონია, რომ ეს ახალი ისტორიული მოვლენა მიმართულია სწორედ რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს არის საშუალება, ცივილიზაციამ, ბოლოს და ბოლოს, დაამარცხოს ომის გამჩაღებელი აგრესორი სახელმწიფო.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ რუსეთს ომს ვერ მოვუგებთ იარაღით, მაგრამ მოვუგებთ სასამართლოთი, სამართლიანობითა და სამართლით. დღეს სწორედ ეს ეტაპი დაიწყო და ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას.