"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპის ქვეყნებმა აღიარონ რუსული ოკუპაცია და გამოაცხადონ რუსეთი ოკუპანტ ძალად"
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპის ქვეყნებმა აღიარონ რუსული ოკუპაცია და გამოაცხადონ რუსეთი ოკუპანტ ძალად"
ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

- ჯერჯერობით, სანამ ეს პროცესი არ დასრულებულა, სასჯელთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. წინ არის საპარლამენტო ასამბლეის სესია და აუცილებლად მიმაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ ეს მაქსიმალურად გამოიყენოს. ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტმა უნდა მოითხოვოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მანამდე, სანამ არ შესრულდება სტრასბურგის ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება დეპორტაციის საქმეზე, რომელიც წლების წინ ასევე სტრასბურგმა მიიღო, დღემდე არ შესრულებულა. ახლა გვაქვს მეორე,
21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ბოლო ნაწილს უნდა დაველოდოთ. მისი გამოყენება შეგვიძლია ნებისმიერ ფორუმზე. დარწმუნებული ვარ, თუ სწორად ვიმუშავებთ, ის დაგვეხმარება თუნდაც გაეროში, ცნობილი რეზოლუციის ლობირების პროცესში. აუცილებელია მისი მიწოდება ყველა სკეპტიკოსი სახელმწიფოსთვის და მათი დეტალური ინფორმირება. აუცილებელია საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩარევაც. სწორედ მათი
ნაყოფიერი მუშაობის შედეგი იქნება, თუკი ერთმანეთის მიყოლებით მივიღებთ კონკრეტული სახელმწიფოების აღიარებას, რომ ეს იყო ოკუპაცია.

- ამით დეოკუპაციისკენ გზა იხსნება?
- მართალია, ეს გადაწყვეტილება ჩვენ საერთაშორისო ტრიბუნებზე ხელს გვიხსნის, მაგრამ დეოკუპაციის გზაზე ბევრი სხვადასხვა კომპონენტია გასათვალისწინებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის ნათელი პოზიციებიც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია განსაკუთრებით მნიშვნელოვნად, ევროპის ქვეყნებმა აღიარონ რუსული ოკუპაცია და გამოაცხადონ რუსეთი ოკუპანტ ძალად. ეს, ბუნებრივია, ხელს გაუხსნის საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ქვეყანას ელაპარაკოს სანქციებზე, რომლებიც რუსეთს ხელს შეუშლის დასავლურ სამყაროსთან ნორმალურ ურთიერთობაში.

- დეპორტაციის საქმის შესახებ გადაწყვეტილება დღემდე არ არის აღსრულებული. მეორე გადაწყვეტილებაც ხომ არ დარჩება ქაღალდზე?
- რამდენი მილიონი ევროს გადახდას დააკისრებენ რუსეთს, მეათეხარისხოვანია. ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანია ის, რაც ამ გადაწყვეტილებაში მკაფიოდ და ნათლად ჩაიწერა - რომ 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთი არის ფაქტობრივი მმართველი როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე - აფხაზეთში და, შესაბამისად, ყველაფერზე, რაც მოხდა 12 აგვისტოს შემდეგ, ის არის პასუხისმგებელი.

ხვალ და ზეგ რუსეთს აუცილებლად მოუწევს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება ყველა დანაშაულზე, რომლებიც ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინა.


- საჩივრები შეტანილია ჰააგის ტრიბუნალსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოებში. მათი გადაწყვეტილებები არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება.
- მართლმსაჯულების სასამართლოში ახლა საჩივარი, სამწუხაროდ, არ არის, რადგან ეს საქმე უკან დაგვიბრუნა და დავალებები მოგვცა შესასრულებლად. წარმოდგენა არ მაქვს, ამ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა ხელისუფლება ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი, რომ 2021 წლის გაზაფხულზე წარდგენის ვადა იწურება და თუ საქართველოს ხელისუფლება რამეს აპირებს, ეს საქმე უახლოეს პერიოდში უკან უნდა შეაბრუნოს.

- ჰააგის ტრიბუნალისთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის გადაწყვეტილება?
- სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ ბევრი ქვეყანაა და მისი გადაწყვეტილებებიც სახელმძღვანელო და სავალდებულოა როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოსთვის, ამიტომ შეუძლებელია, ჰააგამ ამ გადაწყვეტილების იგნორირება შეძლოს. დაეყრდნობა თუ არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ვიცით, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 12 აგვისტოს შემდეგ მომხდარ ყველა დანაშაულზე და ეს ჰააგის სასამართლოს ყურადღების მიღმა ვერ დარჩება, რადგან მისი მთავარი განსახილველი საკითხი ეს გახლავთ.

ჰააგის სასამართლომ უნდა გარკვიოს, ვინ არის მხარე. სწორედ ამ კითხვას გასცა პასუხი სტრასბურგმა, ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს საკითხი გარკვეულია. მეორე საკითხი, რომელსაც ჰააგის სასამართლო განიხილავს, გახლავთ იმის დადგენა, მეთაურები ადგილზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს თუ ბრძანებები მოდიოდა თავდაცვისა და უშიშროების სამსახურებიდან, ან სულაც - რუსეთის პრეზიდენტისგან. მესამე საკითხია, რამდენად მძიმე იყო ჩადენილი დანაშაულები. ამ ორ სასამართლოს შორის სწორედ ეს არის განსხვავება - სტრასბურგი განიხილავს ინდივიდუალურად ადამიანის უფლებების დარღვევას, ანუ თუ ადამიანი გარდაიცვალა ომის დროს, როგორ გარდაიცვალა და იყო თუ არა ამ დროს დარღვევები, ჰააგა კი იკვლევს, 100 გარდაცვლილია, 500 თუ 2000, ხომ არ იყო ეს გენოციდი და სხვ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო ეთნიკური წმენდა და სხვა საკითხებთან ერთად ვითხოვთ, დაადგინოს, როგორ გაიწმინდა ქართველებისგან ცხინვალის რეგიონი. ამ დროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან იქ რამდენიმე ადგილას მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ მოსახლეობის წმენდა ხდებოდა ეროვნული ნიშნით და ერთმნიშვნელოვნად არის გამოკვეთილი, რომ ეს იყო ქართველების წინააღმდეგ მიმართული.

- რუსული მედია ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სხვაგვარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს...
- "რია ნოვოსტის" ცნობა იყო პირველი და მერე აჰყვა მას სხვადასხვა სააგენტო თუ ტელევიზია თავიანთი ვერსიებით. თქვეს, 8-12 აგვისტოს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგში საქართველო დამარცხდაო, რაც ტყუილია. საქართველო კი არ დამარცხდა, სასამართლომ ამ ნაწილზე თქვა, ჩემი იურისდიქცია არ არისო. მას არ უმსჯელია და არ უთქვამს, ეს დანაშაულები იმ დროს მოხდა თუ არა. ეს არის მთავარი განსხვავება.

- რადგან ეს საკითხი ჰააგის ტრიბუნალის განსახილველია?
- რა თქმა უნდა. ჰააგის სასამართლო სწორედ ომის თემებს განიხილავს. სტრასბურგმა გაავლო ზღვარი და თქვა, რომ 12 აგვისტომდე იყო ომის აქტიური ფაზა, შესაბამისად, მოქმედებს ომის სამართლის წესი, 12 აგვისტოს შემდეგ კი, როდესაც ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხებას, დადგა მშვიდობის ხანა და ამოქმედდა ადამიანის უფლებათა სამართალი...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები