"სასამართლო ყოველნაირად ეცადა, პასუხის გაცემისთვის თავი აერიდებინა" - კვირის პალიტრა

"სასამართლო ყოველნაირად ეცადა, პასუხის გაცემისთვის თავი აერიდებინა"

რას მოუტანს საქართველოს სტრასბურგში მოგებული საქმე, რატომ მიიჩნევს კრემლი თავს ასევე გამარჯვებულად და გადაიხდის თუ არა რუსული მხარე კომპენსაციას? - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლივერპულის უნივერსიტეტის სამართლის კათედრის პროფესორს, კანსტანტინ დეგტიაროვს ვესაუბრეთ.

- ქართული მხარისთვის კარგი ამბავიც მაქვს და ცუდიც. კარგი ის არის, რომ სასამართლომ ქართული მხარის თითქმის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა - თითქმის ყველა პრეტენზია, რაც ქართულ მხარეს ჰქონდა, სასამართლომ საფუძვლიანად სცნო. საუბარია ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვან დარღვევებზე ადმინისტრაციული პრაქტიკის ჭრილში - ანუ

დარღვევები იმდენად დიდი მასშტაბის იყო, რომ გამორიცხულია ამტკიცო, თითქოს რუსულ მხარეს ინფორმაცია არ ჰქონდა. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლება ან მხარს უჭერდა, ან საკმარის ღონეს არ ხმარობდა მათ აღსაკვეთად და აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

ცუდი ის არის, რომ სასამართლომ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება 8-დან 12 აგვისტომდე ჩადენილ ადამიანთა უფლებების დარღვევებზე. ყველაფერი რაც ამ პერიოდში მოხდა, სასამართლოს კომპეტენციის გარეთ იქნა მიჩნეული და დასასაბუთებლად წარმოდგენილი იქნა ერთობ საკამათო და ბუნდოვანი არგუმენტი, რაც ვფიქრობ, დამატებით განმარტებებს საჭიროებდა. ერთგან პირდაპირ ვკითხულობთ, რომ რადგან ძალიან რთულია გავარკვიოთ, ვინ რას აკეთებდა ამ ქაოტურ პერიოდში, ამიტომ გადავწყვიტეთ, საერთოდ არ ვეცადოთ გარკვევასო - გამოდის, სასამართლო ამბობს, ვიცით, რომ მოხდა დანაშაული, მაგრამ ეს მონაკვეთი სხვაგან გაარჩიეთო.

- იქნებოდა თუ არა სამართლიანი თქმა, რომ სასამართლომ თავი აარიდა გადაწყვეტილების მიღებას და პასუხისმგებლობა მოიხსნა? - გარკვეულწილად, ასეცაა - არ მგონია, რომ არსებობდა საკმარისი სამართლებრივი მიზეზი, რაც სასამართლოს ხელს შეუშლიდა გარკვევაში, ვისი იურისდიქცია ვრცელდებოდა ამ ტერიტორიებზე. ისტორიაში პირველად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტერიტორიას, რომელიც ოფიციალურად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ე.წ. ქოლგის ქვეშ ხვდება, ამ კონვენციით მინიჭებული უფლებების დაცვაზე, ფაქტობრივად, უარი უთხრა. ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები, დე იურე მაინც, საქართველოს ტერიტორიებად ითვლება, საქართველო კონვენციის წევრია, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი დაცული უნდა იყოს კონვენციის მიერ. მაგრამ როგორც ხედავთ, გამოვიდა, რომ ქაოტური და ბუნდოვანი სიტუაციის გამო, 4 დღის განმავლობაში ამ ხალხმა ფაქტობრივად შეწყვიტა საკუთარი "სამართლებრივი არსებობა" კონვენციის ფარგლებში.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება სასამართლომ? - როგორც მოსამართლე კელერმა განაცხადა, მათ არ აქვთ საკმარისი ბერკეტები ადგილზე სრულფასოვანი, ფაქტების მომკვლევი გამოძიების ჩასატარებლად.

- პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავთ? - ამ ეტაპზე მხოლოდ სპეკულირება შეგვიძლია. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა მოტივაცია ჰქონდა სასამართლოს და რა თქმა უნდა, ისინიც არასდროს იტყვიან, რუსეთის გაღიზიანება არ გვსურდაო, რაზეც ვფიქრობ, თქვენ მიმანიშნებთ. ვფიქრობ, გავლენა იქონია იმანაც, რომ სასამართლოს გადმოსახედიდან, ეს არ იყო ცალმხრივი და ცალსახა ოკუპაცია რუსეთის მხრიდან: მათი გადმოსახედიდან, გარკვეული ბრალი საქართველოსაც მიუძღოდა და აქცენტი კეთდებოდა ე.წ. ცხინვალზე მიტანილ იერიშზე.

- რას ფიქრობთ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაზე, რომელშიც პირიქით რუსული მხარე მიიჩნევს თავს გამარჯვებულად? - ორი აზრი არ არსებობს, რომ სასამართლომ რუსეთი მთელ რიგ დანაშაულებში ბრალეულად მიიჩნია, მაგრამ ცხადია, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ცდილობს ამაზე თვალი დახუჭოს და წინ წამოწიოს ის კომპონენტი, რომელიც მათ ნარატივს შეესაბამება.

ეს ახალი მიდგომა არ არის, იგივე სცადეს უკრაინასთან მიმართებაში - 14-დან 11 საკითხში დამნაშავედ იქნენ მიჩნეული, მაგრამ რუსულმა მხარემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ეს ნამდვილად არ იყო გამარჯვება რუსეთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ თავი აარიდა 8-და 12 აგვისტომდე ჩადენილი დანაშაულებების განხილვას.

- რა მოხდება, თუ რუსეთი იტყვის, ჩვენ არ ვეთანხმებით გადაწყვეტილების ამ ნაწილს და არც ფინანსურ კომპენსაციასაც გადავიხდითო? - როგორც წესი, რუსეთი გადახდაზე უარს ამბობს, როცა კრემლში მიიჩნევენ, რომ ეს მათ სუსტად წარმოაჩენს, მათ პოლიტიკურ იმიჯსა და რეპუტაციას დააზარალებს.

-მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა საკითხისთვის, ვინ იყო აგრესორი 2008 წლის ომში, შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ნარატივზე ასხამს წყალს? - ეს ძალიან რთული კითხვაა და სასამართლოც ყოველნაირად ეცადა პასუხისთვის თავი არიდებას. საქართველოს დიპლომატიურ არსენალში ეს პატარა ბერკეტს ამატებს იმ გაგებით, რომ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდებოდა. ვფიქრობ, სასამართლო შეცბუნებული იყო ცხინვალის დაბომბვით - ამ თავდაპირველმა სადავო ქმედებამ რუსეთს კარგი საბაბი მისცა ეთქვა, რომ იძულებული გახდა, ჩარეულიყო. კრემლი რომ სრულიად მოულოდნელად შეჭრილიყო საქართველოს ტერიტორიაზე, ამ განაჩენს შეიძლება სულ სხვა ტონალობა ჰქონოდა.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამას შორს მიმავალი შედეგები არ მოჰყვება. სასამართლოს მიდგომა, რომ მას არ შეუძლია ჩაერიოს ომის მსვლელობაში, პრობლემურია. ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს მიდგომა სხვა საქმეებში: უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ, ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ, სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მით უფრო, რომ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გაცილებით დიდხანს გრძელდებოდა. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სულ მალე გახდეს ბევრად უფრო პრობლემური, ვიდრე ახლა ერთი შეხედვით ჩანს.

ვაჟა თავბერიძე ინტერვიუ მომზადდა "საქართველოს პოლიტიკური უსაფრთხოების ინსტიტუტის" პროექტის ფარგლებში