"ყველამ დაიმახსოვროს, უჩვენოდ მაგ რეჟიმს ვერავინ შეცვლის" - კვირის პალიტრა

"ყველამ დაიმახსოვროს, უჩვენოდ მაგ რეჟიმს ვერავინ შეცვლის"

"აშკარაა, რომ საზოგადოება ავად არის"

მას შემდეგ, რაც "ქართული პარტიის" ლიდერებმა მომავლის გეგმებსა და "რევოლუციური სისხლის ჩუხჩუხზე" დაიწყეს ლაპარაკი, ოქრუაშვილისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდა, აინტერესებთ, რას ფიქრობს და როგორ ესახება პროცესების განვითარება. ირაკლი ოქრუაშვილმა "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა:

- არ დარჩენილა არც ერთი სოციალური ჯგუფი საზოგადოებაში, რომელზეც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალადობას არ მიმართა. მიუხედავად ამისა, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ამ ჯგუფების ადეკვატური პროტესტისა ხელისუფლების ძალადობის პასუხად (ერთადერთი გამონაკლისის გარდა, როდესაც დევნილმა ქალმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა), იქნებოდა ეს მასწავლებლების, დევნილების, ვეტერანების, მძღოლების თუ გარემოვაჭრეების შემთხვევა. მოდი, ისიც ვაღიაროთ, რომ პოლიტიკოსების არანაირი დიდი ძალისხმევა თუ მონაწილეობა არ იყო აუცილებელი, რომ რომელიმე ჯგუფს თვითორგანიზება გაეკეთებინა პროტესტის გამოსახატავად.

სულ მუდამ პოლიტიკოსებისა და ე. წ. ლიდერის იმედად ხომ არ უნდა იყოს ხალხი, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ხმა ამოიღოს? ერთ დღეს რომ სრულად გაირყვნას პოლიტიკური სპექტრი, მაშინ რა ვქნათ?

უფრო მეტიც, ის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ზემოთ ვახსენე, ნებისმიერ თავმოყვარე საზოგადოებაში გამოფხიზლებისა და განგაშის ზარის დარისხების მომტანი იქნებოდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, ჩვენი საზოგადოება ისე გულგრილად შეხვდა ამ შემთხვევას, რომ ერთხანს ისიც ვიფიქრე, რომ სულ დავკარგეთ თავმოყვარეობა და ხალხს, ალბათ, მოსწონს და სიამოვნებს, როდესაც მასზე ძალადობენ-მეთქი.

აშკარაა, რომ ყველა სფეროში არსებობს უდიდესი ზიზღი ხელისუფლებისადმი და უდიდესი მოლოდინი, რომ ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალოს მდგომარეობა, მაგრამ ამ საქმეში წვლილის შეტანა არავის სურს. ყველას სხვისი ხელით გაკეთებული უნდა, ყველა სასწაულს ელოდება ან იმ სტერეოტიპით კვებავს საკუთარ თავს, რომ "ყველაფერი ღვთის ნებაა". რაც უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, აშკარაა, რომ საზოგადოება ავადაა.

თანაც იმაზე მძიმედ, ვიდრე 90-იანი წლების დასაწყისში იყო. საკუთარ მაგალითზეც მიადვილდება ამის თქმა, როდესაც გარკვეული ადამიანები იმას მაძახებენ, ციხეში ორ დღეზე მეტხანს რატომ არ გაძელი", რატომ ისევ იქ არა ხარ და პარიზში რატომ ცხოვრობ, მძაფრსიუჟეტიანი სეირის ყურება რატომ შეგვაწყვეტინე პირველივე სერიის დროსო. ისევ ციხეში რომ ვმჯდარიყავი, ვის იმედად უნდა ვყოფილიყავი, ამ ოპოზიციის თუ მიშას მართლმსაჯულების?

ყველას სხვისი ხელით გაკეთებული უნდა და თუ ისე მოხდა, რომ დევნილი ქალივით სავალალო შედეგით და წარუმატებლად დასრულდა ხალხის გამოფხიზლებისათვის თავგანწირვის მაგალითის ჩვენება, შენც არ მომიკვდე, ვინმეს მეორე დღეს ახსოვდე. არავინ იფიქროს, რომ სიტუაციის ასე დრამატულად დახატვა ნიჰილიზმისა და უიმედობის დათესვას ემსახურებოდეს ჩემი მხრიდან, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

იმას რომ ველოდოთ, სანამ სამოქალაქო შეგნების დონე ამაღლდება ჩვენს ხალხში, კიდევ ოცი წელი გავა და ამასობაში მიშა საბოლოოდ გადააგვარებს მთელ ერს, ამიტომ გამოსავალი ერთია, ჩვენ, პოლიტიკოსებმა (რადგან ჩვენ გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ვიდრე რიგით მოქალაქეებს), უნდა მივცეთ ხალხს პროტესტის გამოსახატავად თავგანწირვის მაგალითი, უნდა დავარწმუნოთ გულწრფელობაში და მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს ხალხის გამოღვიძების თუ თავმოყვარეობის აღდგენის საბაბი და საშუალება. სხვაგვარად არაფერი გამოვა.

- ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოზე ლაპარაკობს და ხელისუფლების არჩევნებით გასტუმრებას აპირებს. რას იტყვით მათ ტაქტიკაზე?

- ეგენი ქართული პოლიტიკის შტრაიკბრეხერები არიან და მათი როლი (სააკაშვილს თუ არ ჩავთვლით)  იმაში, რომ ხალხში ასეთი უიმედობაა, უდიდესია. ყველაზე მეტად ეს მათ სინდისზეა.

2007 წელს ხელისუფლებაზე ჩემს დარტყმას" თუ რაიმე ცუდი შედეგი მოჰყვა, არის ის, რომ ყველა ნაფტალინდაყრილი პოლიტიკოსი ისევ ამოტივტივდა ზედაპირზე და ხან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მეშვეობით და ხან არჩევნებით ბიზნესი მოიწყო.

მაგ კატეგორიას არ ეკუთვნის მხოლოდ ალასანია, რომელიც ერთადერთი "ქალწული" იყო ქართულ პოლიტიკაში, უდავოდ დიდი მოლოდინითა და მხარდაჭერის იმხელა რესურსით, რომელსაც მეც კი ვინატრებდი 2007 წელს, მაგრამ ისე სწრაფად და იაფად დააკარგვინა მიშამ უბიწოება, რომ მგონი თვითონაც ვერ მიხვდა.

ყველა მათგანის ადგილი ზუსტად იქ არის, სადაც სააკაშვილის ხელისუფლებას გაისტუმრებს ქართველი ხალხი.

- ოპოზიციის რადიკალურად მონათლული ნაწილი რევოლუციურ ცვლილებებზე ლაპარაკობს. ამ საკითხში "ქართული პარტიისა" და ნინო ბურჯანაძის პოზიციები ემთხვევა. თუმც რატომღაც ერთმანეთთან ყველაზე დაპირისპირებული სწორედ ეს ორი პარტია აღმოჩნდა.

- ბურჯანაძეს ჰგონია, კაცობრიობა ვალშია მასთან, როგორც ყველა დროის საუკეთესო პოლიტიკოსთან. მისი ილუზიები, რომ მარტო შეუძლია მიშას გასტუმრება, 2 მაისს კიდევ ერთხელ გაიფანტება.

მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვისაც ძალიან აწუხებს ე. წ. გაერთიანების თემა. დაახლოებით ორი კვირის წინ, მიუნხენის ინციდენტამდე, როდესაც ბურჯანაძე პარიზში იყო, ერთი საერთო ნაცნობი გამომიგზავნა და შეხვედრა მთხოვა, რაზეც ჩემგან სრულიად ლოგიკური პასუხი მიიღო, რომ მხოლოდ ან ლევანთან ერთად შევხვდებოდი, ან ლევანის თანხმობით და კონკრეტული სამოქმედო გეგმის განსახილველად, რაზეც უარი განაცხადა. აქედან ჩანს, რომ ერთადერთი ჩანაფიქრი მაგ შეხვედრისა ის იყო, რომ ჩემსა და ლევანს შორის ინტრიგა ჩამოეგდო. კარგი იქნება, ხშირად თუ გაახსენებს ერთობის მომხრე ხალხს, როგორ ვთავაზობდით საერთო-საპრეზიდენტო კანდიდატობას და უარი როგორ განაცხადა.

- 2007 წლის შემოდგომაზე ხელისუფლებაზე გამოთქმული თქვენი ბრალდებები მძლავრი საპროტესტო ტალღის დასაბამი გახდა. ამჯერად რა "იარაღს" ამზადებთ?

- ხელისუფლება იმდენად გაირყვნა და ხალხისთვის ეს იმდენად ცხადია, რომ ბრალდებები თუ კომპრომატები ვეღარ გახდება საპროტესტო ტალღის კატალიზატორი.

მხოლოდ თავგანწირვის მაგალითები და გულწრფელობაში ხალხის დარწმუნება იქნება პროტესტის ახალი ტალღის აგორების საშუალება. ამის გაკეთებას კი გაუაზრებლად და ფუჭი გასროლისათვის არ ვაპირებთ. "ქართული პარტია" საკმაოდ სწრაფი ტემპით ემზადება იმისათვის, რომ გადამწყვეტი და მომაკვდინებელი დარტყმა მივაყენოთ სააკაშვილის რეჟიმს.

ინტენსიურად მიდის პარტიული სტრუქტურების მშენებლობა, მაგრამ ჯერ საქართველოს რაიონების 30% ასათვისებელი გვაქვს. მხოლოდ ოფისის გახსნა და დროშის გამოკიდება არ არის საკმარისი რეჟიმის შესაცვლელად. თბილისში ჯერ კიდევ არა გვაქვს სრულყოფილი სტრუქტურები და ამისათვის 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ისევე როგორც სხვა სფეროების გაძლიერების გარეშე ძლიერი პოლიტიკური მანქანა ვერ გვეყოლება ვადაზე ადრე, მაგრამ აშკარად იმ ვადებში ვჯდებით და იმ გეგმით მივდივართ, რაც წინასწარვე გვქონდა განსაზღვრული.

ვიღაც პროვოკატორების მიერ თითქოსდა ჩვენ მიერ დაანონსებული თარიღები - 20 აპრილი თუ სხვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როდესაც "მანქანის" მშენებლობას მოვრჩებით (საწვავი საკმარისი გვაქვს), იმ დღეს დავიწყებთ ბრძოლას ანონსებისა და ფუჭი მოლოდინის გარეშე. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. სადაც ამდენი ითმინა საზოგადოებამ, ცოტასაც დაგვაცდის. ჩვენ ხელოვნურად, ბურჯანაძესავით არ ავჩქარდებით, არიქა, ვინმემ არ დაგვასწროსო.

ჩემზე მეტად არავის ეჩქარება მიშას მოშორება. ვინც ვერ ითმენს ან ჩვენი არ სჯერა, აგერაა ბურჯანაძე, სამ თვეში ერთხელ რომ აუქმებს კონსტიტუციას რუსთაველის პროსპექტზე და მას მიმართონ. თუ ეგეც არ მოსწონთ, ვიღაც "შეფიცულები" ყოფილან და მათთან მივიდნენ. მეტი აღარ ვიცი. ყველამ დაიმახსოვროს, უჩვენოდ მაგ რეჟიმს ვერავინ შეცვლის.

- "სახალო კრებამ" და ნინო ბურჯანაძემ წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების თარიღად 2 მაისი გამოაცხადეს.

- რა შედეგიც 25 ნოემბერს მიიღეს, იმავეს მიიღებენ 2 მაისსაც და 22 მაისსაც. 25 ნოემბერს კონსტიტუცია გააუქმეს და 2 მაისს, ალბათ, პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს ბურჯანაძე და საკუთარ თავს აირჩევს პრეზიდენტად. 2 მაისსაც ინტერესით დაველოდებით, რას იზამს და თუ 2 მაისს კიდევ ახალ თარიღს გამოაცხადებს, იმ თარიღსაც დაველოდებით.

ეგ და მაგის ქმარი თერჯოლის რაიკომის ჭრილიდან უყურებენ რეჟიმის შეცვლას და ვნახოთ,  სადამდე მივლენ. აბა, ასე შეხედეთ: ვინც გაიძახოდა, ფარდის უკან დამაყენესო, იმ კაცმა როგორ უნდა ჩამოაგდოს ის, ვინც მას ფარდის უკან აყენებდა?

ჩვენ ჩვენი გეგმა და მიზნები გვაქვს. მაგათი აბდაუბდა არ გვაინტერესებს. ამწუთასაც ერთად ვსხედვართ მე, ეროსი და ლევანი და ათას საკითხს ვიხილავთ.

ამ საქმეს "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპით მიდგომა სჭირდება და ჩვენ ახლა ოთხმოცდამეათეჯერ ვზომავთ და გაჭრის დროც მალე დადგება.

თუ ვინმეს კონკრეტული კითხვა გაუჩნდება ჩვენთან, მაგალითად, ეს როდის იქნება?" - აუცილებელი ბუნდოვანებისათვის გეტყვით, რომ წელს იქნება". უფრო კონკრეტულად, ცოტა ხანში. ვისაც გჯერათ, დაგველოდეთ.

იხილეთ კომენტარები palitratv.ge-ზე