"ბაიდენის ადმინისტრაციამ იცის, რომ ნებისმიერ დათმობას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს" - კვირის პალიტრა

"ბაიდენის ადმინისტრაციამ იცის, რომ ნებისმიერ დათმობას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს"

"ჩვენზეა დამოკიდებული, აშშ-ისთვის რამდენად კეთილსინდისიერი პარტნიორები ვიქნებით. არადა, ბოლო პერიოდში ბევრი შეცდომა დავუშვით"

უკვე ოფიციალურად აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. მსოფლიო ინტერესით ადევნებს თვალს ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის გარშემო მიმდინარე პროცესებს. ბაიდენი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა - პირველად 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე დღეში, როცა ის ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მომდევნო წელს კი უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში გვეწვია.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი საქართველოსა და საზოგადოდ, რეგიონის საკითხებს კარგად იცნობს. როგორი იქნება მისი, ამჯერად როგორც პრეზიდენტის საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკა; რას შეცვლის ამერიკის ხელისუფლების სათავეში ბაიდენის მოსვლა ამერიკისთვის და საზოგადოდ, მსოფლიოსთვის, ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრა:

- ბაიდენს საკმაოდ რთული ამოცანები და მემკვიდრეობა დახვდა. თუმცა სწრაფად გააცნობიერა პროცესები - პირველი, რაც გააკეთა, დაიწყო პანდემიასთან საბრძოლველად რესურსების მობილიზება; დაიწყო დიდი სახელმწიფოების კლუბში ხელახლა დაბრუნება, რადგან ტრამპის პოლიტიკა ბევრად ჩაკეტილი იყო. მაგალითად, ამერიკა გამოეთიშა პარიზის შეთანხმებას კლიმატის შესახებ, სავაჭრო ხელშეკრულებას, დაიწყო მექსიკასთან კედლის მშენებლობა, მუსლიმანური სახელმწიფოებიდან მოქალაქეების ქვეყანაში შესვლა შეზღუდა.

თავის დროზე ტრამპმა სცადა გამოესწორებინა ობამას ადმინისტრაციის შეცდომები, რამაც თუნდაც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმი გადაარჩინა; ასევე, რუსეთს საშუალება მისცა, დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბებულიყო ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში ანგარიშგასაწევი ძალა გამხდარიყო.

ბაიდენს ასევე მოუწევს გადახედოს ჩრდილო კორეასთან ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას - კიმ ჩენ ინთან ამერიკის წინა პრეზიდენტს ცოტა უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა - გაუგებარია, რატომ ერგო ამხელა პატივი ჩრდილოკორეელ დიქტატორს. ტრამპთან ამდენი შეხვედრით ამერიკის ბევრი მოკავშირე ქვეყნის პრეზიდენტი ვერ დაიტრაბახებს. ალბათ, ამ მიმართულებითაც ცვლილებებია მოსალოდნელი. გადახედავენ ირანთან ამერიკის პოლიტიკასაც, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ქვეყანასთან ლოიალური იყო. პირიქით, თუნდაც სოლეიმან ყასემის საქმე გავიხსენოთ - გავლენიანი ირანელი სამხედროს ლიკვიდაცია სწორედ ამერიკას მიეწერება. ამერიკის საგარეო პოლიტიკა არ იყო თანამიმდევრული, კომპლექსური. ამიტომ ველი, რომ ირანის საკითხზე ამერიკის პოზიცია გაცილებით თანამიმდევრული გახდება.

ამერიკა ბაიდენის მოსვლის პირველივე დღეებში დაუბრუნდა პარიზის შეთანხმებას, რაც ევროპაში პრესტიჟის გამყარებისთვის გადადგმული ნაბიჯია და ასეც მოხდება. მოსალოდნელია ასევე ახალ მოკავშირეებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მით უფრო, რომ ამერიკა-საფრანგეთისა და ამერიკა-გერმანიის ბოლოდროინდელ ურთიერთობას მარტივს ნამდვილად ვერ ვუწოდებ.

- თქვენი აზრით, როგორი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება რუსეთ-თურქეთის საკითხისადმი? - ბაიდენის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ერთ-ერთი მიზანი იქნებოდა რუსი ხალხის გათავისუფლება პუტინის ტირანიისგან. შესაბამისად, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა გართულდება და რუსეთისთვის ეს ახალი პრობლემების დასაწყისი იქნება.

ბაიდენი მაინც ძველი თაობის პოლიტიკოსია. ის სკეპტიკურად უყურებს რუსეთთან პოლიტიკის გადატვირთვის საკითხს. ბაიდენი ხისტი ლიდერია. ის არ ფიქრობს, რომ გადატვირთვის პოლიტიკა შედეგის მომტანია. ობამამ ეს სცადა და ამერიკელებს ეგონათ ურთიერთობა დალაგებული ჰქონდათ რუსეთთან, მაგრამ თურმე არაფერიც არ ყოფილა დალაგებული. რუსული დიპლომატიის სტილია ვაჭრობა, მოითხოვო ყველაფერი და სასურველი მიიღო. რუსეთი ამას ყველგან აკეთებს, სადაც გასდის. მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ იცის, რომ ნებისმიერ დათმობას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს. რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგიაში ამერიკა პირველ გამოწვევად სახელდება. ამიტომ სავსებით მოსალოდნელია, რომ ამერიკამ რუსეთის დასასუსტებლად გადადგას ნაბიჯები.

- რას შეიძლება ეს მოიცავდეს? - ამერიკა შეეცდება ურთიერთობის ინტენსიფიკაციას ახალ მოკავშირეებთან, მათ შორის საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. არსებული რეალობა საქართველოსთვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, ახალ სივრცეს დიპლომატიაში. ამის გზავნილია სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ საქართველოს ელიან ნატოში, მიუხედავად იმისა, ეს გააღიზიანებს თუ არა რუსეთს. არც ტრამპის ადმინისტრაცია იყო ჩვენი ნატოში მიღების წინააღმდეგი, მაგრამ ახლა ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან დაახლოება უფრო გაგვიმარტივდება. შეგვიძლია ნატოს უფრო ახლო პარტნიორები გავხდეთ. თუმცა ამისთვის ჩვენც უნდა ვიყოთ მზად. ამერიკამ უნდა იგრძნოს, რომ საქართველო არის ღირსეული პარტნიორი, ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა ღირს და არა შეუმდგარი სახელმწიფო კლასიკური გაგებით, რისკენაც ახლა მივდივართ. ახლა ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთს უცხოელების შუამავლობის გარეშე აღარ ელაპარაკებიან. თუ უცხოელი რაღაცაში მხარს უჭერს, ეს ისე აღიქმება, თითქოს ის უპირატესობით სარგებლობს. ვფიქრობ, პოლიტიკოსს, ოპოზიციონერი იქნება თუ ხელისუფლების წევრი, არ უნდა სჭირდებოდეს იმის მტკიცება, მე მართალი ვარ იმიტომ, რომ უცხოელები მიჭერენ მხარსო.

- თქვენი აზრით, ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია უფრო აქტიურად მიადევნებს თვალს ჩვენს შიდაპოლიტიკურ პროცესებს? - ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის აქტიურობა იმაში გამოიხატება, რომ ის ურჩევს ქართველ მაღალჩინოსნებს ისე იმუშაონ, როგორც კანონმდებლობაში გვიწერია. რუსული და ჩინური დიპლომატიისგან განსხვავებით, დასავლური დიპლომატიისთვის უცხოა კონკრეტული ლიდერისთვის მხარდაჭერა. დასავლეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მისი ღირებულებები ახლოს არის დასავლურ ღირებულებებთან.

არც ბაიდენის ადმინისტრაციისგან უნდა ველოდოთ ფავორიტების დასახელებას, არც იმას, თუ რომელი გუნდი გაიმარჯვებს არჩევნების შემდეგ, რადგან ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა უკვე არ განისაზღვრება პერსონალიებით. ეს არის ხელშეკრულებებსა და საერთაშორისო ვალდებულებებზე დამყარებული ურთიერთობა.

თუმცა იმისთვის, რომ ამერიკა ჩვენთან ურთიერთობაში თავისუფალი იყოს, მას, სულ მცირე, სჭირდება, რომ საქართველოში არ იყოს მესამე სამყაროს დიქტატორული პოლიტიკური ლანდშაფტი. ჩვენ თავად გამოვაცხადეთ დემოკრატია დეკლარირებულად, თორემ შეგვეძლო საუდის არაბეთის მსგავსი წყობა გვქონოდა და ამერიკას მაინც ექნებოდა ჩვენთან პარტნიორული ურთიერთობა. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად კეთილსინდისიერი პარტნიორები ვიქნებით. არადა, ბოლო პერიოდში ბევრი შეცდომა დავუშვით.

- ანაკლიის პორტს გულისხმობთ? - დიახ, საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ამერიკის სახელმწიფო მდივან პომპეოს შეჰპირდა, რომ პორტი აშენდებოდა, მაგრამ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესაკავებლად თურმე დროებით უარი ვთქვით მის აშენებაზე.

- შესაძლებელია თუ არა ასეთი დაბლოკილი პროექტების განახლება? - ამ თემას უთუოდ მიუბრუნდებიან. მათ ხომ არაფერი დაუძალებიათ, დიპლომატია კი პირობის შესრულებაზე მუშაობს. ქვეყანამ აიღო ეს ვალდებულება, რომელიც გადაიბარა ახლანდელმა პრემიერმა გიორგი გახარიამ. პარტნიორი, მით უფრო, ამერიკისთანა, არ უნდა გადააგდო მოლაპარაკებაში. მეორე მხრივ, ამერიკასა და ევროპას სულ არ აინტერესებთ, ხელისუფლებაში "ნაციონალები" იქნებიან თუ "ოცნება".

როცა პოლიტიკური ელიტა მოსახლეობას რაღაცას ჰპირდება, მით უფრო, იმ მნიშვნელობის პროექტს, როგორიც ანაკლიის პორტია, ამას პარტნიორი ქვეყნები თვალს ადევნებენ და სვამენ კითხვას, სანდოა თუ არა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ატყუებს, იქნება კი ის ჩვენთვის საიმედო და კეთილსინდისიერიო?.. სახელი არ უნდა გავიტეხოთ.

მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ - რაც უნდა ერთგული იყოს ესა თუ ის პარტნიორი, ჩვენ შიგნით თუ არ დავლაგდით, ბაიდენი ვერაფერში დაგვეხმარება. თუ არ ვიქნებით ისეთი სახელმწიფო, რომლის განვითარებაში ინვესტიციის ჩადება მომგებიანი იქნება, არავინ დაგვეხმარება.

- თქვენი აზრით, როგორი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში? - იმის ილუზია არავის აქვს, რომ რუსეთი რაიმეს დათმობს. ამიტომ საქართველო უნდა ეცადოს, რომ დემოკრატიულად გაძლიერდეს, რადგან ამერიკა სამხრეთ კავკასიაში პარტნიორების გარეშე ვერ გაძლიერდება. პარტნიორი კი საქართველო უნდა იყოს. აზერბაიჯანი და სომხეთი ვერ იქნებიან, რადან ერთი თურქეთისკენ იყურება, მეორე - რუსეთისკენ. საქართველოს ახლა შესაძლებლობები ეზრდება, მაგრამ ამას გამოყენება სჭირდება.