პოლიტიკოსებს "ბატონები" შეეყარათ!.. - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსებს "ბატონები" შეეყარათ!..

"თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკა ყველაზე დიდი ბიზნესია"

ხელისუფლება ენ-დი-აის ჩატარებული გამოკვლევებითა და "ურყევი" 50-პროცენტიანი რეიტინგით თავს იმშვიდებს, ოპოზიცია კი ხშირ-ხშირად გვიანონსებს რევოლუციებს... საინტერესოა, ცოტა არ იყოს, ამ კურიოზული ვითარების ფსიქოანალიზი? ამის შესახებ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას გავესაუბრეთ:

- თუ საზოგადოება ცვლილებისთვის მზად არის, მაშინ პროცესების განვითარებისთვის პატარა იმპულსიც საკმარისია. ერთ რომელიღაც მოვლენას შეუძლია პოლიტიკური ვითარების შეცვლაც და სახელისუფლებო ან ოპოზიციური პარტიების რეიტინგზე გავლენის მოხდენაც. კაცობრიობის გამოცდილება გვეუბნება, რომ ამგვარი შესაძლებლობა არსებობს. გავიხსენოთ, ავსტრიის პრინც ფრანც-ფერდინანდის მკვლელობამ, ფაქტობრივად, შეცვალა ევროპის პოლიტიკური  გეოგრაფია. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკვე იყო  მზაობა ამგვარი ცვლილებისთვის.

დღეს საქართველოში თუკი ხელისუფლების ძალის საპირისპიროდ არაფერი არსებობს, ალბათ, ოპოზიციამ ამ ძალას უნდა დაუპირისპიროს რაღაც სხვა, რაც უკვე მის არჩევანსა და მიგნებაზეა დამოკიდებული. რატომ ვერ აგნებს ან არ აგნებს ოპოზიცია ამ "რაღაცას", ეს მართლაც საინტერესოა. იქნებ თავად "არმიგნებაა" ოპოზიციის ერთი ნაწილის ფუნქცია, რისი წყალობითაც მას პოლიტიკური ნიშა უჭირავს.

- თქვენი აზრით, მრავალჯერ "დაანონსებული რევოლუციები" როგორ აისახება საზოგადოების ცნობიერებაზე?

- გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ხალხმა იცის, რაც არის რევოლუცია. მას წინ უძღვის პროცესი, რომელიც თანდათან მწიფდება და რაღაც მომენტში მოსალოდნელია "ნახტომი". ჩვენ კი შეიძლება ისე ავცდეთ ამ "ნახტომს", ვერც კი გავიგოთ, სად მივდივართ ან საით მივექანებით. კაცობრიობა მხოლოდ ბუნებრივ კატაკლიზმებს ვერ ირიდებს თავიდან. ყველა პროცესი მაინც მართულია, იქნება ეს რევოლუცია თუ მხოლოდ მისი დაანონსება.

არსებობს საზოგადოების მართვის სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულება, სადაც მხოლოდ იმაზე მუშაობენ, თუ რა პროცესები როგორ შეიძლება განვითარდეს. რუსთაველის პროსპექტზე რა მოხდება, არავინ ფიქრობს, მაგრამ ის კი ნამდვილად ცნობილია, თუ როგორ უნდა აამოქმედო ხალხი, გამოიწვიო მისი აღშფოთება და შემდეგ გაანეიტრალო. საზოგადოების მართვის ტექნოლოგიები და საშუალებები იმდენად წინ წავიდა, ხანდახან მგონია, რომ თანამედროვე ეპოქისთვის დედამიწა უკვე ძალიან  პატარაა.

ახლახან ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე აჩვენეს, თუ როგორი ფორმისაა იგი. არც მთლად ისეთი ყოფილა, გლობუსივით, თან გაპრიალებული ზედაპირით. დედამიწას თითქოს ქვიანი ნიადაგიდან ამოღებული კარტოფილის ფორმა აქვს, ალაგ-ალაგ ამობურცული. არსებობს შემოქმედი ადამიანების კატეგორია, რომელსაც დედამიწა ებრალება და ეკლესიასტეს მსგავსად მიიჩნევს, რომ ყოველგვარი ყოფითი და მიწიერი ამაოა.

არსებობენ მეორე კატეგორიის ადამიანები, რომლებსაც  პირობითად მომხმარებლებს ვუწოდებ. ისინი ფიქრობენ, ამქვეყნად ცოტა ხნით ვართ მოსული და ყველაფრით უნდა ვისარგებლოთო. სამწუხაროდ, მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა. და მგონია, იმ ბატონებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველა პროცესის მართვა იოლად შეუძლიათ, "ბატონები" აქვთ შეყრილი და ამ დაავადებას დაცხრომა სჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკა ყველაზე დიდი ბიზნესია.