"ოცნებამ" ივანიშვილის წასვლით უკვე გადაიხადა პოლიტიკური ფასი" - პარლამენტი თუ ქუჩა? - კვირის პალიტრა

"ოცნებამ" ივანიშვილის წასვლით უკვე გადაიხადა პოლიტიკური ფასი" - პარლამენტი თუ ქუჩა?

"ახლა საქართველოში ორი რამის შიში დადის - სიკვდილის, პანდემიის გამო და შიმშილის, ამ უმწვავესი სოციალური პრობლემების გათვალისწინებით"

პოლიტიკური ვითარება ჯერ ისევ გაურკვეველია. გიგა ბოკერია აცხადებს, გაზაფხულიდან გამოსვლებს ვიწყებთო, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ... როგორ განვითარდება პროცესები, ქუჩა თუ პარლამენტი? - ამ კითხვით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ ანალიტიკოს გია ხუხაშვილთან.

- ამ ვითარებაში პოლიტიკური კრიზისის გადალახვა შეუძლებელია. გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები, თუმცა, არსებობს ამის მიღწევის ორი გზა: პირველი - პოლიტიკური, როდესაც იყენებ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნასაც, რომ პოლიტიკური პროცესის შედეგად მიიღო რიგგარეშე არჩევნები და მეორე - საპროტესტო მოძრაობა, რომლითაც იმავე შედეგის მიღებას ცდილობ. ჩემთვის პირველი გზა უფრო მისაღებია, რადგან მეორე გზა არის მაღალი რისკის ზონა, სადაც პოლიტიკური ამოცანის შესრულების პარალელურად ზიანდება სახელმწიფო ინტერესი. გარდა ამისა, ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში ამ ტაქტიკის სისუსტე გახლავთ ის, რომ გაყალბებული არჩევნების გამო საზოგადოების კონსოლიდაცია ძალიან გაჭირდება. ეს შესაძლებელია არჩევნებიდან ერთი-ორი კვირის, ერთი თვის შემდეგ, მაგრამ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მეეჭვება, გაყალბებული არჩევნების მიზეზით მასშტაბური საპროტესტო ტალღის აგორება შესაძლებელი იყოს. კი ბატონო, არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამან გარკვეულწილად უკვე დაკარგა აქტუალობა. ახლა ისევ აქტუალურია სოციალური პრობლემები, პანდემიასთან დაკავშირებული სიკვდილის შიში და ა.შ.

- ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ფიქრობს, რომ გაზაფხულზე სოციალური ფონი დამძიმდება და ხალხი ქუჩაში გამოვა... - კი ბატონო, მაგრამ თუ ჩვენ პოლიტიკურ პროცესში სოციალური პრობლემების იმედი გვაქვს, მაშინ რა შუაშია გაყალბებული არჩევნები? პარლამენტში არ შეუძლიათ ამ სოციალურ პრობლემებზე მსჯელობა? გაყალბებულ არჩევნებს რომ თავი გავანებოთ, ამ სახელმწიფოებრივი პრობლემების ფონზე პარლამენტში უფრო ადვილი და ეფექტიანი იქნებოდა მათი ბრძოლა და უფრო სწრაფად მივიღებდით რიგგარეშე არჩევნებსაც, რადგან ოპოზიციის 40%-ს - კონსოლიდირებულს, პოლიტიკურად გამობრძმედილს, ადვილად შეუძლია 60%-იანი რუხი მასის პარალიზება. "რუხ მასას" შეურაცხმყოფელად არ ვამბობ, უბრალოდ, ეს ხალხი პოლიტიკურად გამოუცდელია. როგორც გაყალბებული არჩევნების თემა, ასევე სხვა პრობლემები თუ პარლამენტში წამოიჭრებოდა, ვფიქრობ, ან პარლამენტშივე შეიცვლებოდა ძალთა განაწილება, ან, თუ არ შეიცვლებოდა, გაზაფხულიდან მართლაც შეიძლებოდა პარლამენტიდან ქუჩაში გასვლა, მანამდე კი საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება. მით უმეტეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე გადაიხადა პოლიტიკური ფასი და, ვფიქრობ, უფრო მაღალი, ვიდრე ოპოზიცია ითხოვდა.

- რა არის ეს ფასი?

- ეს ფასი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაა, რაც აბსოლუტურად ცვლის პოლიტიკურ მოზაიკას და, შეიძლება ითქვას, ოპოზიციის შანსს აათმაგებს, ოპოზიცია კი ამას არ იყენებს, პირიქით, ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ისევ არის აქ - ყველაში და ყველგან... რაში სჭირდებათ ეს?! ამით "ქართულ ოცნებას" კი არ ასუსტებენ, აძლიერებენ. მათ, პირიქით, ასე ვთქვათ, უნდა გაუფორმონ წასვლა ბიძინა ივანიშვილს და თქვან: "კი, ბატონო, წავიდა ბიძინა ივანიშვილი? დატოვა კობახიძე? ძალიან კარგი!" და მერე ხალხს ჰკითხონ: "გინდათ კობახიძის ქვეყანაში ცხოვრება?" ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ვიღაცას მოსწონდა ან არ მოსწონდა, მაგრამ მას თვლიდნენ ძალის ცენტრად და სტაბილურობის გარანტად, თუ ეს კაცი წავიდა, ვფიქრობ, კობახიძის ქვეყანაში თითქმის არავის მოუნდება ცხოვრება, რადგან მისი ნეგატიური რეიტინგი სამჯერ აჭარბებს მის პოზიტიურ რეიტინგს. აი, ამიტომ პოლიტტექნოლოგიური სიბრიყვეა იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა. შეიძლება ვიღაცას არ უნდოდა ბიძინა ივანიშვილის ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ მაინც მყუდროდ გრძნობდა თავს, რადგან მასში ძალას ხედავდა. კობახიძეში ხომ ძალასაც ვერ ხედავენ?! აი, ამაზეა საჭირო აპელირება და ეს უნდა მოხდეს პარლამენტში!

- პროცესის ქუჩაში გატანით რას შეიძლება მიაღწიონ?

- პროცესის ქუჩაში გატანით საბოლოოდ მაინც მივიღებთ რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ - ძალიან ბუნდოვანი მომავლით. ახლა საქართველოში ორი რამის შიში დადის - სიკვდილის, პანდემიის გამო და შიმშილის, ამ უმწვავესი სოციალური პრობლემების გათვალისწინებით. ამ დროს ამას გვირგვინად რომ მოერგება პოლიტიკური რყევები, ქუჩისა და ხელისუფლების დაპირისპირება, კი ბატონო, შეიძლება ქუჩამ, ბოლოს და ბოლოს, გაიმარჯვოს, მაგრამ ეს ხომ პიროსის გამარჯვება იქნება, რადგან ამ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო უფრო დაზიანდება და მეტ ზარალს ნახავს! თუ ხელისუფლების პარალიზება მოხდა და თუნდაც ცოტა ხნით გაჩნდა ვაკუუმი, ეს რას გამოიწვევს? უპირველესად, პანდემიის უარესად მართვას - მეტი ადამიანი დაიღუპება და, ცხადია, სოციალური მდგომარეობის გაუარესებასაც. რატომ უნდა ავირჩიოთ ეს გზა, როცა შეიძლება პროცესის უფრო ცივილიზებულად წარმართვა და იმავე შედეგის მიღება?! მე კატეგორიულად არ ვიაზრებ აზრს, რომ პარლამენტში შესვლით ოპოზიცია ხელისუფლებას რაღაცას უფორმებს, ლეგიტიმაციას აძლევს და ა.შ.

არჩევნების შედეგები შეიძლება არ აღიარო, მაგრამ აღიარო რეალური ვითარება, შეხვიდე პარლამენტში, შექმნა საგამოძიებო კომისია, შეისწავლო არჩევნების ყველა გარემოება და გამოაქვეყნო საბრალდებო დასკვნა, მის საფუძველზე კი მოითხოვო რიგგარეშე არჩევნები. ამას წამოეწევა სოციალური თუ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებიც და მერე გამოიყენონ ეს! რატომ უნდა დაკარგონ საპარლამენტო ინსტრუმენტი, არ მესმის!

- ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ისინი ლამის ოპოზიციის ოპოზიციად შერაცხეს.

- მე ალეკო ელისაშვილს არ გავკიცხავ, თუ პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს. ცუდია, რომ ერთიანობა ირღვევა, მაგრამ ეს მისი პარტიის გადასაწყვეტია, მისი პასუხისმგებლობაა და მისი ტვირთია, თუმცა კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ ტონისა და მეთოდის, რომელთა მეშვეობით ელისაშვილი ამას აკეთებს. მან დაარღვია არათუ პოლიტიკური, არამედ ადამიანური ეთიკის ყველა ნორმა, დაიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოუდგენელი შეტევა - ლამის ტუალეტში რას ეუბნებოდნენ ადამიანები ერთმანეთს, იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რაც, პირდაპირ გეტყვით, უღირსი საქციელია. შევიდეს პარლამენტში, სხვებს რატომ უბრაზდება?!

- მასაც ხომ აკრიტიკებენ? - კი, მაგრამ აკრიტიკებენ მას შემდეგ, რაც ალეკომ დაიწყო ყველაფრის გარეთ გამოტანა... კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები, წარმოუდგენელი რაღაცები თქვა და, ბუნებრივია, მერე უპასუხეს... თქვენ გგონიათ, ოპოზიციაში ერთად მყოფ პარტიებს ერთმანეთი მოსწონთ? არ მოსწონთ, მაგრამ თამაშის წესებს იცავენ, ალეკომ კი ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა - ადამიანურიც, პიროვნულიც... შენ პარლამენტში შესვლა გინდა, მაგრამ თან გგონია, რომ რაღაც საშინელებას სჩადიხარ, ამიტომ ფიქრობ, მე თუ გავისვარე, მოდი, ყველა ერთად გავისვაროთო და თუ ამას ვერ აღწევ, ბრაზდები? ეს ხომ აბსურდია!..

- გაისვარა? - არ ვიცი. დღემდე მიდი-მოდი აქვს. რაღაც "პასტანოვკებს" ვუყურებდი - დღეს მივიდა პარლამენტში, რაღაც მოითხოვა; იმათ უთხრეს, არაო. ხვალ კიდევ მივა, ზეგ - კიდევ... შედი, რა, შე კაი ადამიანო, დაგვასვენე და შენც დაისვენე!..

- და მაინც - ქუჩა თუ პარლამენტი? - არ ვიცი... ჩემთვის მისაღებია პარლამენტი, მაგრამ ჯერჯერობით ამის კონტურებს ვერ ვხედავ, დრო კი ძალიან ცოტაა. როგორც კი სესია გაიხსნება, ხელისუფლება ვალდებულია, უფლებამოსილება მოუხსნას ამ ხალხს და სიები გაანულოს. თუ სიები გაანულა, მერე რაღა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს? ეს ძალიან სწრაფად მოხდება, თუმცა მე პროგნოზს ვერ გავაკეთებ.