"არც "ევროპული საქართველოს" დაკრულზე ვცეკვავთ და არც "ნაციონალების" მძევლები ვართ" - კვირის პალიტრა

"არც "ევროპული საქართველოს" დაკრულზე ვცეკვავთ და არც "ნაციონალების" მძევლები ვართ"

"არც "ევროპული საქართველოს" დაკრულზე ვცეკვავთ და არც "ნაციონალების" მძევლები ვართ"

პარტია "მოქალაქეების" წევრებთან, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული მათი აზრი იმდენად დაახლოებულია, რომ პოზიტიური შეთანხმების იმედი აქვს. ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოლაპარაკებისკენ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემაც: "მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან არა მარტო ალეკო ელისაშვილის პარტიასთან დავსხდეთ, არამედ ყველა იმ პარტიასთან, ვინც ოდნავ კონსტრუქციულობას გამოიჩენს და რომლის მიზანი იქნება შეთანხმება და არა არევა და ქაოსი". ვინ შევა პარლამენტში და როგორი იქნება ოპოზიციის ბრძოლის ახალი სტრატეგია, "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება:

- 54 ოპოზიციონერი ლიდერიდან 51-მა უკვე დაწერა განცხადება მანდატების გაუქმების შესახებ. მხოლოდ 3 ამბობს, რომ არ შევა პარლამენტში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფართოდ მხარდაჭერილი პოლიტიკური შეთანხმება არ შედგება. თუ მმართველი გუნდი 51 დეპუტატს შეუწყვეტს სადეპუტატო უფლებამოსილებას, შემდეგ ის სამიც დაწერს განცხადებას, იმიტომ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებები, რომელთაც ოპოზიციის დიდი ნაწილის პარლამენტში შესვლის გარეშე მაინც ვერ მიიღებენ. შესაბამისად, ერთ კვირაში მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, სავარაუდოდ, 96 დეპუტატით.

თუ ვინმემ "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა, უმთავრესად ივანიშვილისთვის მიცემული ხმები იყო. გამოდის, დღეს პარლამენტში არ არის ოპოზიცია, რომელმაც საერთო ჯამში 52%-იანი მხარდაჭერა მიიღო; პოლიტიკაში აღარ არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხალხმა "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა. გაუგებარია, ვის და რას წარმოადგენს დღევანდელი ერთპარტიული პარლამენტი. შესაბამისად, უფრო აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

- მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" ყველა ოპოზიციურ პარტიასთან აქვს მოლაპარაკება. თქვენთანაც აქვთ მოლაპარაკება? - ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება მხოლოდ ელჩების თანდასწრებით და ისიც ახალ წლამდე. ბოლო დროს ჩვენ მათთან არანაირი ტიპის მოლაპარაკება არ გვქონია, თუმცა ეს შესაძლებელია, თუ "ქართული ოცნება" რეალურად გაიაზრებს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას.

- აშკარაა, რომ ვადამდელი არჩევნები ორივე მხარისთვის წითელი ხაზია, "მოქალაქეები" და "გირჩი" ალტერნატივას გთავაზობდნენ, იქნებ ღირდა მათი მოსმენა? - ასე არ ვიტყოდი. ჩვენ ბოიკოტი სწორედ ვადამდელი არჩევნების გამო დავიწყეთ, შესაბამისად, ეს წითელი ხაზი კი არა, მთავარი მიზანია. ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ამომრჩევლისთვის მიცემულ პირობას ვარღვევთ და მათ ხმებს აღარ ვიცავთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა აღარ განმეორდეს ის, რაც 31 ოქტომბერს მოხდა.

- ვადამდელი არჩევნების მიზანი ხომ კოალიციური მთავრობის შექმნაა, სწორედ ამას მისცა ხმა ამომრჩეველმა, რომლის ხმებსაც ახლა თქვენ იცავთ. იქნებ ამ მიზნის მისაღწევად სხვა, უფრო მარტივი გზებიც არსებობს? - ვადამდელი არჩევნების მიზანი კოალიციური მთავრობის შექმნა კი არა, იმ პარლამენტის არჩევაა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას რეალურად ასახავს. როგორიც იქნება ხალხის ნება, ისეთი იქნება მთავრობაც, კოალიციური ან ნაკლებად კოალიციური. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები იმდენად დამახინჯდა, ჩვენ აღარ ვიცით, როგორია ხალხის ნება. ამასთან, მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში გაიმართა და 17 მანდატი აბსოლუტური კონკურენციის გარეშე მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ". ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღევანდელი პარლამენტი არ არის ხალხის ნების ამსახველი. ეს ორგანო ვერც საზოგადოების გაერთიანებას მოახერხებს და ვერც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.

- "სტრატეგია აღმაშენებლის" ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივაზე რას იტყვით? გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ცენტრის თაობაზე "ლელოს" უკვე ესაუბრა. - ვფიქრობ, საინტერესო პროცესია, როცა ოპოზიცია პარტნიორულად მოქმედებს. ჩვენ ოპოზიციონერ ლიდერებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის "სტრატეგია აღმაშენებელთან". ერთობლივი ინიციატივები ნამდვილად გვექნება. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია. ამისთვის კი საჭიროა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ლაპარაკი, აზრების გათვალისწინება და შეთანხმება ისწავლონ. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები. ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან მაღალი პოლიტიკური სიმწიფე გამოიჩინეს და ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენეს, რაც ბოიკოტის ერთგულებაში გამოიხატა.

- მაშინ "გირჩის" ინიციატივაზე თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მსჯელობა რატომ იყო მიუღებელი? - ჩვენ შევხვდით "გირჩის" ამომრჩევლებს და მომავალშიც შევხვდებით. ეს არ არის პრობლემა. ოპოზიციურმა ერთობამ "ქართულ ოცნებას" უკვე გადასცა წინადადებები, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

ჩვენი ერთ-ერთი წინადადებაა თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი, სურს თუ არა მოსახლეობას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ძალიან რაციონალური და გონივრული წინადადებაა, თუ ორი მხარე ვერ ვთანხმდებით, მივანდოთ ეს ხალხს, მან გადაწყვიტოს, უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები.

არ ვიცი, რა აქვს ამის საწინააღმდეგო არგუმენტად "ოცნებას", რომელიც ამბობს, რომ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუ მართლა დიდი მხარდაჭერა აქვთ, რატომ ღელავენ, რატომ არ გვთანხმდებიან?

- ბატონო ბადრი, რა საფუძველი აქვს ალეკო ელისაშვილს, როცა ამბობს, რომ მთელი ოპოზიცია გიგა ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს და სხვებთან ერთად "ლელოს" ლიდერებიც მას შესციცინებთ თვალებში? - არც "ევროპული საქართველოს" დაკრულზე ვცეკვავთ და არც "ნაციონალების" მძევლები ვართ. ეს სრული ბოდვაა. "ლელომ" ყველასგან დამოუკიდებლად გადაწყვიტა ბოიკოტის გამოცხადება. ოპოზიციურ ერთობაში ბზარის შეტანა არავის გამოუვა.

- როგორ შეცვლის ბრძოლის სტრატეგიას ოპოზიციური ერთობა ერთი კვირის შემდეგ, როცა გადაწყდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი? - ჩვენთვის უკვე ცხადია, "ქართული ოცნება" ამჯობინებს ჰქონდეს ერთპარტიული პარლამენტი და საკუთარ თავზე აიღოს ყველა მოსალოდნელი რისკი, ვიდრე გაითვალისწინოს ხალხის სურვილი, მოახდინოს ისტორიული გარღვევა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ჩვენ, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება პარლამენტის გარეთ, მშვიდობიანად, კონსტიტუციის დაცვით, კანონიერად განვაგრძობთ ჩვენი პოზიციის გამოხატვას.

- ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხომ არ გაძლევთ იმედს, რომ "ქართული ოცნება" იძულებული გახდება ჩაატაროს არჩევნები? - მუდმივად ვიყავით და ვართ უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტში. ვაპირებთ, კიდევ უფრო გავააქტიუროთ მუშაობა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რათა ამერიკა უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოდ, რეგიონში. ველით, რომ ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ ბევრად ყურადღებიანი იქნება და უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს დემოკრატიის განვითარებას.

ხათუნა ბახტურიძე