"ხალხი გამოსავალს კი არა, მოღალატეს ეძებს..." - კვირის პალიტრა

"ხალხი გამოსავალს კი არა, მოღალატეს ეძებს..."

"ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება, მაგრამ ჩემზე ადრე შევა პარლამენტში", - განაცხადა "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ. ამასთან, განმარტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხში მისი თანამოაზრე ალეკო ელისაშვილია, თუმცა, ამის მიუხედავად, "ლელოსთან" აპირებს შეხვედრას, რათა გაარკვიოს ამ ხალხის აზრი, გაბუტული არიან თუ არა. რა ფორმატში შეინარჩუნებს "მოქალაქეებთან" კავშირს და ისევ ისაუბრებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე, ამის შესახებ იაგო ხვიჩია გვესაუბრება:

- დღეს ხელისუფლება ალთასაა, ოპოზიცია - ბალთას. როცა ყველაფერს სააშკარაოზე გამოვიტანთ, ხალხი მიხვდება, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას იმიტომ აქვთ ატეხილი ვაი-უშველებელი, რომ შეთანხმება არც ერთს არ უნდა. ახლა ოპოზიცია ხალხს იმით ასიამოვნებს, რომ პარლამენტში არ შედის, ხელისუფლება კი იმით ცდილობს ამომრჩეველთან ქულების დაწერას, რომ ვითომ პრინციპული და შეუვალია.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შექმნილ გაუგებრობას ემატება ისიც, რომ ქართულ მედიას სეირი უყვარს. საბოლოოდ ხალხი გამოსავალს კი არა, მოღალატეს ეძებს, რომელიც შეიპარება პარლამენტში და რომელსაც ყველა დაგმობს და ახალი მოღალატის ძებნას დაიწყებენ. ვართ ასე და გვავიწყდება მთავარი პრობლემები, თუნდაც ის, რომ კიდევ ერთი თვით გამოგვკეტეს.

- შინ გამოკეტვაზე უკვე აქციებიც დაანონსდა, მათ შორის, თქვენი ყოფილი თანაგუნდელი ზურაბ ჯაფარიძისგანაც. თქვენ მიიღებთ მის აქციაში მონაწილეობას? - ეგ არ ვიცი, თუმცა მის მოთხოვნას სავსებით ვეთანხმები. შესაძლოა ჩვენც იგივე მოთხოვნა დავაყენოთ უფრო ეფექტიანი ფორმით.

- ელისაშვილმა თქვა, თუ "ოცნება" ჩემს პირობებს დათანხმდება, მარტოც რომ მომიწიოს, პარლამენტში შევალო. რომ გაეზიარებინა მისი წინადადებები საპარლამენტო უმრავლესობას და ისიც შესულიყო პარლამენტში, მოღალატედ მონათლავდნენ? - ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ დააკმაყოფილებდნენ ორ საკითხს საარჩევნო კანონმდებლობასა და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, პარლამენტში შევიდოდა. ის შემპირდა, რომ ჩემთვის საინტერესო საკითხს პარლამენტში მხარს დაუჭერს. შესაბამისად, მე მას მოღალატედ ვერ შევაფასებ. შესაძლოა მისი მეთოდები არ მომწონდეს, მაგრამ...

- თქვენს ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მამუკა მდინარაძემ აბსურდული უწოდა. - პროექტი "ოცნებისთვის" უფრო მიუღებელი იყო, ვიდრე ოპოზიციისთვის... რაც სათქმელი იყო, ყველაფერი ითქვა, გამგები გაიგებს. უნდა დავისვენო. თან ვწერ "გირჩის" მთავარ დოკუმენტს, კონსტიტუციას, ჩვენს შიდა სამოქმედო გეგმას. განსახილველად უნდა წარვადგინოთ და 21 თებერვალს მივიღოთ. მალე ბატონ ბადრი ჯაფარიძეს შევხვდები, ჩვენ ერთმანეთთან საუბრის პრობლემა არ გვაქვს.

- საჯაროდ განაცხადეთ, რომ ვაშაძე თქვენი "გადაგდებისთვის" დაისჯებოდა. - ეს მაშინ ვთქვი, როცა ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ახლა შერიგებას ვაპირებთ.

- ოპოზიციიდან განკვეთილ ელისაშვილთან როგორ აპირებთ ურთიერთობის გაგრძელებას? - ბატონ მამუკა ხაზარაძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ არასერიოზულად მიმაჩნია მასთან ერთად მისვლა "ლელოში".

არ ვიცი, შევა თუ არა ის პარლამენტში, ჩვენ დანარჩენი ოპოზიციის გარეშე არ შევალთ. მაგრამ თუ ელისაშვილი შევიდა, იმედია, პროპორციულ არჩევნების საკითხს გაიტანს. ამისთვის მასთან თანამშრომლობა აუცილებლად მიგვაჩნია.

ხათუნა ბახტურიძე