"დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბდა და მერე ვილაპარაკოთ ვადამდელ არჩევნებზე"
"დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბდა და მერე ვილაპარაკოთ ვადამდელ არჩევნებზე"
"მოქალაქეებსა" და "გირჩს" ნამდვილად სურთ შემოსვლა. სამწუხაროდ, არის ოპოზიციონერთა ერთი ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება არ შედგეს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია, რა იმძლავრებს, საღი აზრი თუ ბულინგის შიში"

მმართველი გუნდის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ძალიან მალე პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს კიდევ იხილავენ. . შესაბამისად, სურთ შედეგიანი აღმოჩნდეს "მოქალაქეებთან" დაწყებული მოლაპარაკება. მოლაპარაკების სივრცე არის სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც. რისი იმედი აქვს მმართველ გუნდს და კიდევ რომელი ოპოზიციური პარტია შეიძლება ვიხილოთ პარლამენტში,
ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი შალვა პაპუაშვილი გვესაუბრება:

- ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა "მოქალაქეებთან" შეხვედრა. განიხილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევის საკითხი, ასევე არჩევნების ტექნოლოგიებისა და სხვა რეგულაციების დანერგვა. კიდევ სხვა არაერთი საკითხი დადგა დღის წესრიგში. ჩვენი გუნდი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ღიაა. სიმართლე ჩვენს მხარეს
არის, არაფრის გვეშინია. სიმართლე ის არის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში ასახულია ჩვენი მოქალაქეების ნება. ტყუილია, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციამ ამ ნარატივში ვერავინ აიყოლია.

ყველამ ვნახეთ ევროსაბჭოს მისიის ბოლო მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა დემოკრატიის ძირის გამოთხრაა. ამიტომ იმედს ვამყარებთ იმაზე, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილში მაინც გაიმარჯვებს საღი აზრი და პარლამენტში შემოვა.

- კონკრეტულად ვის ელოდებით?
- "მოქალაქეებსა" და "გირჩს" ნამდვილად სურთ შემოსვლა. სამწუხაროდ, არის ოპოზიციონერთა ერთი ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება არ შედგეს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია, რა იმძლავრებს, საღი აზრი თუ ბულინგის შიში.

- თქვენ ამბობთ, რომ სიმართლე თქვენს მხარეს არის. მაშინ რატომ არის მიუღებელი, რომ თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტი ჩატარდეს?
- რატომ უნდა ჩავატაროთ? ვერ ასაბუთებენ ამის აუცილებლობას. დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბდა და მერე ვილაპარაკოთ ვადამდელ არჩევნებზე. ვიღაც-ვიღაცების ახირებაზე მმართველი გუნდი ვერ ივლის.

- ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი არ არის ოპოზიცია, რომელსაც საერთო ჯამში 52%-იანი მხარდაჭერა აქვს და ასევე პოლიტიკაში აღარ არის მთავარი ფაქტორი, ივანიშვილი, რომლის გამოც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში 48% აიღო.
- ასევე ერთი დიდი ტყუილია, რომ ოპოზიციამ საერთო ჯამში 52%-იანი მხარდაჭერა მიიღო. 31 ოქტომბერს არჩევნები არ იყო ხელისუფლებასა და ერთიან ოპოზიციას შორის. არჩევანი იყო პარტიებს შორის, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 48,2%, ჩვენ შემდეგ ყველაზე მეტი ხმა, ანუ 27%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო. ხედავთ, რამხელა სხვაობაა 48%-სა და 27%-ს შორის? საკუთარ ტყუილში კიდევ ტყუილს ამბობენ, "პატრიოტთა ალიანსის" 3%-სა და ბარიერს ქვემოთ დარჩენილი პარტიების 6%-საც თავიანთ თავს ათვლიან! ასე უსინდისოდ იტყუებიან.

- ოპოზიციას ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განსხვავებული მოლოდინი აქვს.
- "გირჩის" თქმის არ იყოს, დასაცინია მოსაზრება, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოხდინოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. თუ მაინც ასე მიუდგებიან საკითხს, "დემოკრატებთან" იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს სწორედ "ქართული ოცნება" დგას.

- საპროტესტო აქციებისთვის მზად ხართ?
- მზად ვართ დავიცვათ ქართველი ხალხი და ქართული დემოკრატია.

- უკვე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო.
- პანდემია მთელ მსოფლიოშია და ყველგან იმართება ასეთი აქციები. ევროპასა და ამერიკაში ვინ არიან ასეთი აქციების ინიციატორები? ფუნდამენტალისტები და რადიკალები. რა გამოდის, ჩვენი ოპოზიცია ისევე იქცევა, როგორც მეცნიერების უარმყოფელი რადიკალთა საზოგადოება? მაშინ რას ელიან ბაიდენის ადმინისტრაციისგან, ჰგონიათ "დემოკრატები" ასეთ რადიკალებს დაუჭერენ მხარს?!

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები