"ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეას დიდი ინტერესი მოჰყვა" - კვირის პალიტრა

"ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეას დიდი ინტერესი მოჰყვა"

"ელისაშვილი გამო მეორედ მიწევს "ფიცის დადება", რომ არ შევდივარ პარლამენტში"

"სტრატეგია აღმაშენებელი" ემიჯნება ოპოზიციაში პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას, რადგან მიიჩნევს, რომ მსგავსი დაპირისპირება საზოგადოებაში აღრმავებს იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს", - განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში ოპოზიციონერ ლიდერთა პოზიციების ცვლილება და ახალ ალტერნატივებზე საჯაროდ მსჯელობა აღიქმება უკან დახევად, რაც ცრუილუზიას უქმნის ხელისუფლებას, თითქოს ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვის გარეშე კომპრომისებისთვის მზად არის. "მზად ვართ ოპოზიციაში ვიმსჯელოთ და მოვისმინოთ ნებისმიერი განსხვავებული წინადადება, რომელიც ეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვისთვის მზადყოფნას", - დასძინა ვაშაძემ.

გადახედავს თუ არა თავის გადაწყვეტილებას ვაშაძე სადეპუტატო მანდატზე უარის თქმის შესახებ და როგორი იქნება მისი შემდგომი სტრატეგია, ამის შესახებ თავად გვესაუბრება:

- არაფრის გადახედვას არ ვაპირებ. შეთანხმებისკენ სავალი ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები. ვუსმინე მდინარაძის და თალაკვაძის განცხადებებს და ძალიან თვითკმაყოფილები მომეჩვენნენ. თუ ამ გზით ივლიან, ერთფრაქციულ პარლამენტს მიიღებენ. "ევროპელ სოციალისტებსაც" ვერ გააფორმებენ ოპოზიციად. ვისი სიითაც გავიდნენ, ის გუნდიც კი არ ცნობს ამ ხალხის უფლებამოსილებას.  "ქართული ოცნება" თამაშობს პარლამენტარიზმით. ბიძინა ივანიშვილის წასვლამ ძალიან დაასუსტა "ქართული ოცნება". მათმა მთავარმა ფაქტორმა ყველა უფლებამოსილება მოიხსნა.

- მეორე მხრივ, ოპოზიციის პოზიციაც ხომ არ შესუსტდა მას შემდეგ, რაც ალეკო ელისაშვილმა რაღაცები გათქვა. - არა მგონია, ყველა ხვდება, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადებები სინერგიაში მოდის "ქართულ ოცნებასთან". ის შევა პარლამენტში და ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მის პოზიციას ხალხი მხარს არ უჭერს.

- როგორ გგონიათ, ელისაშვილს რატომ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ თქვენ მასთან შეხვედრას გეგმავდით და ბოლო მომენტში რაღაც მიზეზით აღარ შეხვდით? - ვიცი, რაზეც მიმანიშნებთ, მაგრამ ეს დიდი სისულელეა. თავად განსაჯეთ, ვიღაც მაშანტაჟებს, არ შევხვდე ან შევხვდე ალეკო ელისაშვილს? ვის რაში აინტერესებს, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით თუ არა? მე საქმის კურსშიც კი არ ვიყავი, თუ ჩემთან ოფიციალურ შეხვედრას გეგმავდა. უბრალოდ, ჩვეულებრივ, ადამიანურ შეხვედრას ვგეგმავდით. ჩვენ, ოპოზიციონერები, ისედაც სულ ვხვდებით ერთმანეთს.

ამერიკიდან რომ ჩამოვედი და ჟურნალ-გაზეთებს გავეცანი, გული გამისკდა, თურმე პომპეზურ შეხვედრას ვგეგმავდი. საქმე იქამდე მივიდა, განცხადების გაკეთება დამჭირდა იმასთან დაკავშირებით, რომ ალეკო ელისაშვილთან ერთად პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ.

მე ჟურნალისტებთან ერთად, დაფით და ნაღარით, შეხვედრაზე ვთქვი უარი, თორემ ისე ადამიანური შეხვედრა რა პრობლემა იყო? ასეთ შეხვედრაზე არავისთან მაქვს პრობლემა, მაგრამ ტელევიზიით ვერავინ დამიგეგმავს შეხვედრას.

- მისი ოპოზიციიდან გარიყვა რამდენად მართებულად მიგაჩნიათ? - როცა ადამიანი მუდმივად თავს გესხმის და თავისი განცხადებებით უხერხულ მდგომარეობაში გაყენებს, ხომ მოერიდებით? მის გამო მეორედ მიწევს "ფიცის დადება", რომ არ შევდივარ პარლამენტში.

- ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის თქვენს ინიციატივაზე რას გვეტყვით? - ინტენსიურად ვმუშაობთ, ძალიან ბევრ პირთან გვაქვს მოლაპარაკება. დიდი მომზადება გვჭირდება, ვნახოთ, რა იქნება, პოლიტიკურ თანამშრომლობაში მოგვიანებით გადაიზრდება. თუმცა ფაქტია, რომ ცენტრის შექმნის იდეას დიდი ინტერესი მოჰყვა.

- თქვენი განცხადება ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ და ამერიკაში ვიზიტი ერთმანეთს დაემთხვა თუ შედეგობრივ კავშირთან გვაქვს საქმე? - ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ პროცესს დასავლეთი სრულად დაუჭერს მხარს.

ხათუნა ბახტურიძე