"მეხუთე რაუნდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" წამოვა კომპრომისზე" - კვირის პალიტრა

"მეხუთე რაუნდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" წამოვა კომპრომისზე"

"არაგონივრული შეზღუდვაა, როცა ქალაქს 9 საათზე კეტავ, გარკვეულ ბიზნესს ამუშავებ, გარკვეულს კი არა, ვიღაცას ფულს აკეთებინებ, ვიღაცას კი 200 ლარზე აცხოვრებ. აი, ეს არის არაგონივრული და უაზრო"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ არ გადაიხედება და "ალეკო ელისაშვილის სადმე შესვლა-შემოსვლა, წასვლა-წამოსვლა, თქმა ან ართქმა, ამაზე გავლენას ვერ მოახდენს".

- "ქართული ოცნება" ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში და ამიტომ აჭიანურებს მანდატების შეჩერებასაც. ფაქტია,

ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს საკითხი ჩვენთვის დახურულია. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილისა და მისი კოლეგის პარლამენტში მისვლას, ეს თემა ჩემთვის სრულიად უინტერესოა და მასზე კომენტარს არ გავაკეთებ.

ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის. მეხუთე რაუნდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" წამოვა კომპრომისზე.

- მმართველ გუნდთან პარტიის ლიდერებს ინდივიდუალური შეხვედრები არ გქონიათ? - "ოცნებასთან" არანაირი ინდივიდუალური შეხვედრა არ გვქონია და არც გვექნება. ოპოზიცია შეხვდება "ქართულ ოცნებას" ელჩებთან ერთად, თუ იქნება მზადყოფნა წამოვიდნენ კომპრომისზე იმ საკითხებზე, რაც ბევრჯერ დავაფიქსირეთ. თუ ასე არ მოიქცევიან, დარჩებათ ერთპარტიული პარლამენტი.

- თუ ელისაშვილი შევიდა პარლამენტში, აღარ იქნება ერთპარტიული, მით უფრო, იქ უკვე არიან "ევროპელი სოციალისტები". - ვინმეს გჯერათ ინჯიას ოპოზიციონერობის?

- თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის პარლამენტში შესვლა რეალურად არ სურს და ამიტომაც იჩენს ასეთ პრინციპულობას. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული, რომ მოლაპარაკება შედგეს და პოლიტიკურმა პროცესმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს, თქვენ რატომ არ მიდიხართ დათმობაზე და ალტერნატიულ გზებს არ ეძებთ მიზნის მისაღწევად? - ჩვენ რა უნდა დავთმოთ?

- "გირჩს" ჰქონდა წინადადება, რა უნდა დაგეთმოთ, მაგრამ არ მოუსმინეთ. - რა უნდა მოგვესმინა, მაგათ ინიციატივაზე "ქართულმა ოცნებამ" უკვე თქვა, რომ არარელევანტურია. როცა უარს ამბობ მთავარ მოთხოვნაზე და სხვა ისეთ დათმობებზე საუბრობ, რომელიც მართლაც არარელევანტურია, ეს არაპროდუქტიულია და ზიანის გარდა არაფერს მოიტანს. განხილვა ნებისმიერი რამის შეიძლება, მაგრამ...…

- თუ პარლამენტში არ შედიხართ, არც რევოლუციას გეგმავთ, რა ალტერნატივას სთავაზობთ საზოგადოებას, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკური აქტივობა? - ალტერნატივა ნამდვილად იქნება. პოლიტიკური აქტივობისთვის ყველა საშუალების გამოყენებას ვაპირებთ, მშვიდობიანი აქციით დაწყებული, სოციალური მედიისა და ტელევიზიებით გაგრძელებული.

ამაზე მალე ჩამოვყალიბდებით. უახლოეს მომავალში იმ აქციაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გაიმართება.

- ამით ახალ საფრთხეს ხომ არ ქმნით? - რა საფრთხე უნდა შევქმნათ?

- შესაძლოა ხალხმრავალ ადგილებში ვირუსი უფრო გავრცელდეს. - თუ აქცია ყველა წესის მიხედვით ჩატარდება, არანაირ ინფექციას არ გავავრცელებთ.

- როგორ წარმოგიდგენიათ პანდემიის მართვა შეზღუდვების გარეშე? - ჩვენ არაგონივრულ შეზღუდვებს ვაპროტესტებთ და არა გონივრულს და მიზანმიმართულს.

- რომელია არაგონივრული შეზღუდვა? - როცა ქალაქს 9 საათზე კეტავ, გარკვეულ ბიზნესს ამუშავებ, გარკვეულს კი არა, ვიღაცას ფულს აკეთებინებ, ვიღაცას კი 200 ლარზე აცხოვრებ. აი, ეს არის არაგონივრული და უაზრო.

ხათუნა ბახტურიძე