"უეც­რად, ვი­ღაც გვერ­დი­დან მე­უბ­ნე­ბა - კუდა ტი ლე­ტიშ? აი, მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ..." - რას იხსენებს ჩინოვნიკი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი თბილისიდან სტრასბურგში ჩაიტანა - კვირის პალიტრა

"უეც­რად, ვი­ღაც გვერ­დი­დან მე­უბ­ნე­ბა - კუდა ტი ლე­ტიშ? აი, მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ..." - რას იხსენებს ჩინოვნიკი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი თბილისიდან სტრასბურგში ჩაიტანა

13:28 / 25-01-2021

"თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში არ ჩაეტია და 5 საათი მუხლებზე დადებული ვატარე ჩემოდანი" - რას იხსენებს ჩინოვნიკი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი თბილისიდან სტრასბურგში ჩაიტანა

2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - 12-წლიანი დავის შემდეგ, საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას მოუგო დავა. სადავო სარჩელში, რომელიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა, რუსეთს ოფიციალური თბილისი 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია - განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, ასევე რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის წერა 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო. მის მომზადებაში იმჟამინდელი იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე ჩინოვნიკი, მათ შორის მინისტრი ნიკა გვარამია, მოადგილე თინა ბურჯალიანი და სხვები პირადად იყვნენ ჩართულნი. "პოსტ ფაქტუმმა" სარჩელის მზადების პროცესზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა და "ნაციონალების" ხელისუფლების რამდენიმე ჩინოვნიკი ჩაწერა, რომლებიც სარჩელის მზადებისა და სტრასბურგამდე მიტანის საქმეში იყვნენ ჩართულნი.

ევროსასამართლოში დაზუსტებული სარჩელი ქართულ მხარეს 2009 წლის 6 თებერვალს უნდა წარედგინა. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლევან მესხორაძე, რომელიც 2009 წელს სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელი იყო, იხსენებს როგორ წაიღო საკუთარი ხელით თბილისიდან სტრასბურგში 23 კილოგრამიანი დოკუმენტაცია - საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ მესხორაძე 23 წლის იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება ევროპული სასამართლოს წინაშე განხილული საქმეები, მათ შორის, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ I (ე.წ. "დეპორტაციების საქმე"), საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ II (ე.წ. "აგვისტოს ომის" საქმე).

"როცა აეროპორტში ავწონე, აღმოჩნდა 23 კილო, სამი ასლი ჩვენი საჩივრისა, მთელი მტკიცებულებებით და დანართებით. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აეროპორტში ვერ ვეუბნები, რომ რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი მიმაქვს, ეს მხოლოდ მე ვიცი და მიზეზს ვერ ვამბობ" - იხსენებს მესხორაძე "პოსტ ფაქტუმთან" საუბარში.

საბოლოოდ, საქართველოს წარმომადგენელმა აეროპორტის ოფიცერი დაარწმუნა და დოკუმენტაცია ბორტზე აიტანა:

"თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში არ ჩაეტია და 5 საათი მუხლებზე დადებული ვატარე ეს ჩემოდანი. საპირფარეშოშიც ვერ გავედი, ვერ ვტოვებდი საჩივარს, იმიტომ რომ შეიძლებოდა ბორტზე რუსეთის აგენტი ყოფილიყო და რაიმე მოემოქმედებინა..." - ამბობს სტრასბურგში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი.

მესხორაძემ გაიხსენა კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტში მოხდა, სადაც ის გადაჯდომას ელოდა:

"უეცრად, ვიღაც გვერდიდან მეუბნება - კუდა ტი ლეტიშ? აი, მაშინ, სიმართლე გითხრათ ვიფიქრე, რომ ეს პროცესი დასრულდა და რუსებმა ასე მარტივად მიაღწიეს თავის საწადელს. ერთადერთი პასუხი, რაც გავეცი მაშინ პარიზის აეროპორტში, იყო: ნი კუდა" - თქვა მესხორაძემ.