"დაუშვებელია, ჩვენს მომხრეებს ბრბო ვეძახოთ"- რის გამო აკრიტიკებს გიორგი ბარამიძე რომან გოცირიძეს და სალომე სამადაშვილს?
"დაუშვებელია, ჩვენს მომხრეებს ბრბო ვეძახოთ"- რის გამო აკრიტიკებს გიორგი ბარამიძე რომან გოცირიძეს და სალომე სამადაშვილს?
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, მათი პარტიის წევრებმა - სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ.

როგორც გიორგი ბარამიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა დღის ნიუსრუმში" განაცხადა, სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს.

"ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ბოდიში მოსახდელი. მე არ მივესალმები არც იმ ფორმას, რა ფორმითაც ჯელალ ქიქავამ მათ მოუწოდა ის, რაც მოუწოდა "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის აზრით, სალომე
სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ პარტია უნდა დატოვონ. ზომიერების მომხრე ვარ ამ შემთხვევაში. სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები იყვნენ და არიან, მიუხედავად ამ შეცდომისა, თუმცა მათ ამ ქმედებას პატივს ვერ ვცემ. ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბრბო ეძახეს ამ ხალხს და თავს
დაესხნენ ჩვენს ალალ მებრძოლებს, პატიოსან, პატრიოტ ადამიანებს. მათ მხრებზე ვდგავართ პოლიტიკურად ყველა, ვისაც ლიდერი გვეწოდება და არ გვაქვს უფლება ქვემოთ ვიფურთხოთ. პირიქით, უნდა ჩავიდეთ თუ მათთან ლაპარაკი გვინდა და დიდი პატივისცემით და თავის დახრით უნდა ვუთხრათ შენიშვნა. ნებისმიერმა ჩვენგანმა, რომელიც მათ მიმართ აუგს იტყვის და ამ შეცდომას დაუშვებს, ბოდიში უნდა მოიხადოს", - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, დაუშვებელია პარტიის ლიდერებმა მათ მხარდამჭერებს ბრბო უწოდონ.

"პოლიტიკოსებს, რომლებსაც ხანდახან გვიწოდებენ ხოლმე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, ასჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენს მომხრეებზე და გულანთებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც ისინი რაღაც ისეთს არ გააკეთებენ, რასაც ჩვენ არ მოვუწონებთ და თუ ჩვენ გავკადნიერდებით და შენიშვნას მივცემთ, ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან პატივისცემით, მათდამი სიყვარულით და მადლიერებით, იმიტომ, რომ ფიზიკურ ბრძოლაში ეს ადამიანები ჩვენზე გაცილებით მეტს აკეთებენ. დღისით და ღამით ყინვაში არიან და მაგალითად, ბათუმში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ მავნებელ პუტინისტურ რეჟიმს აპროტესტებენ. ამ ადამიანებს ჩვენ დიდი სიფრთხილით და პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. დაუშვებელია, ჩვენს მომხრეებს ბრბო ვეძახოთ და ამდაგვარი ეპითეტით შევამკოთ და ვთქვათ, რომ სამარცხვინოა", - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. შსს-მ ფანგანი გუშინ დააკავა, თუმცა დღეს გათავისუფლდა. ინციდენტს გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი, რომელმაც ბათუმში მომხდარ ინციდენტს ამაზრზენი უწოდა.

"ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება", - დაწერა სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილმა. მისი აღნიშნული პოზიცია გაიზიარა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემაც.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები