"კიდევ ერთი შანსი მივეცით "ქართულ ოცნებას“ მოწოდების გზით, რომ ვცადოთ და გადავარჩინოთ პარლამენტარიზმი ამ ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"კიდევ ერთი შანსი მივეცით "ქართულ ოცნებას“ მოწოდების გზით, რომ ვცადოთ და გადავარჩინოთ პარლამენტარიზმი ამ ქვეყანაში"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციამ დღევანდელი განცხადებით ხელისუფლებას ქვეყანაში პარლამენტარიზმის გადარჩენის შანსი მისცა.

როგორც კაპანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ოპოზიცია მმართველ გუნდს კრიზისიდან გამოსვლის გზას სთავაზობს.

"ამ განცხადებით ჩვენ კიდევ ერთი შანსი მივეცით "ქართულ ოცნებას“ მოწოდების გზით, რომ ვცადოთ და გადავარჩინოთ პარლამენტარიზმი ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, ერთპარტიული პარლამენტი არის ძალიან ცუდი, ოღონდ ეს არის შედეგი გაყალბებული არჩევნების. ჩვენ ვთავაზობთ გზას, აქედან როგორ გამოვიდეთ და თუ ამაზე პასუხი არ იქნება და ალბათ, არ იქნება იმიტომ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში იმეორებენ, რომ არ აპირებენ დათმობას ამ საკითხზე, ასეთ შემთხვევაში სრულად უნდა შედგეს და გაფორმდეს ერთპარტიული პარლამენტი. ერთ-ორ ადამიანს შეიყვანენ თუ არა, ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი გავლენის მომხდენია საბოლოო ეფექტზე, რომელიც არის ის, რომ ამ პარლამენტში არ იქნება არცერთი მთავარი ოპოზიციური ძალა", - აღნიშნა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს და "ქართულ ოცნებას" მიმართეს, „დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა".

"ინტერპრესნიუსი"