აკაკის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო! - კვირის პალიტრა

აკაკის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო!

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს აშკარად უიღბლო პერიოდი აქვს. ჯერ იყო და, სახალხო დამცველმა ყველაზე მკაცრად  სწორედ მისი უწყება გააკრიტიკა, მერე კი პირდაპირ შარში გაეხვია.

შარია, აბა, რა, ოპოზიციის ყბაში რომ ჩავარდები და მისი დასაცინი გახდები? ჯერ ლევან გაჩეჩილაძემ, შემდეგ კი საჩხერელმა რესპუბლიკელებმა ასეთი ამბავი გაავრცელეს: იმერეთში ჩასული მინისტრი მასპინძლებს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში წაუყვანიათ. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მინისტრს სურვილი გამოუთქვამს, ბარემ აკაკის საფლავზეც გამიყვანეთ, ყვავილებს დავაწყობო.

ისე, რა არის სასაცილო? მინისტრმა ლოგიკურად ივარაუდა, რომ ადამიანის საფლავი იქ უნდა იყოს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ეგრე სადაა, ყველა დიდ ადამიანს მთაწმინდაზე რომ მიარბენინებთ. რა ქნას კალმახელიძემ? საფლავების მინისტრი კი არაა! მას პატიმრების კარგად მოვლა ევალება და არა საფლავების ადგილმდებარეობის ცოდნა, თან საზღვარგარეთ აქვს განათლება მიღებული, ქუთაისის გიმნაზიაში კი არა!

შენ ფული მოიტა და...

სოფლის მეურნეობის 150-მილიონლარიან დაპირებულ დაფინანსებაში, როგორც გაირკვა, 15 მილიონს ხელისუფლება იაპონიიდან ელოდება. ადრე დაგვპირებია თურმე იაპონია გრანტის გამოყოფას. ოპოზიცია დაინტერესდა, იაპონიაში მომხდარი უბედურების შემდეგ კიდევ აქვს იაპონიას ჩვენთვის გრანტის გამოყოფის თავი, იქნებ გაარკვიოთო? ჩვენმა ხელისუფლებამ, ისე, რომ წარბიც არ შეუხრია, გაარკვია: კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებას საქართველოში იაპონიის ელჩმა უთხრა, ეს თანხა უკვე გამოყოფილია და მიუხედავად ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიისა, გადმოირიცხებაო.

ვიცი, რომ იაპონელები სიტყვის ხალხია, მაგრამ ჩვენ რა ხალხი ვართ ასეთ შემთხვევაში? სრულიად სერიოზულად მინდა ვიკითხო: იაპონიაში ასეთი ტრაგედიის დატრიალების შემდეგ ცოტა სირცხვილი ხომ არაა, ამ ქვეყანას ფულს რომ ვართმევთ? თუ ამ ქვეყანას 15 მილიონს აქეთ ვართმევთ, მაშინ რა საჭირო იყო იმაზე ლაპარაკი, საქართველო იაპონიას დასახმარებლად მილიონს გადაურიცხავსო. საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში ქულებს ვიწერთ? თუ ჩვენი პოზიცია ასეთია: "იაპონელებმა ფული მოიტანონ და შეგვრცხვება თუ არა, ჩვენ ვიცით!"

KvirisPalitra.Geსიმინდის რესპუბლიკა

საქართველოს ხელისუფლებას ახალი ლოზუნგი აქვს - "თავისუფალი და დაუმუშავებელი მიწის არც ერთი მტკაველი ჩვენ გვერდით!" ამ თემაზე პრეზიდენტმა აბაშაში ჰიბრიდული სიმინდის თესვის დროს ისაუბრა. "თავისუფალი და დაუმუშავებელი მიწის ერთი მტკაველიც არ უნდა იყოს, როგორც ეს ბელგიასა და ჰოლანდიაშია. ტექნიკა იგივე გვაქვს, კომუნიკაციები და გზებიც ისეთი გავაკეთეთ, როგორიც ამ ქვეყნებშია, ჩვენი ხალხი არავის ჩამოუვარდება შრომისმოყვარეობით, ნიჭითა და გონიერებით, გასაღების ბაზრები გვაქვს და რატომ არ უნდა გვქონდეს ისე, როგორც ამ ქვეყნებში აქვთ?" - განაცხადა სააკაშვილმა.

მართლაც, რატომ არ უნდა იყოს ჩვენთან ისე, როგორც ბელგიასა და ჰოლანდიაშია? რითა ვართ ჩვენ მათზე ნაკლები? ლოზუნგების ამბავში მათზე გამოცდილებიც კი ვართ. ჯერ კიდევ როდის ვამბობდით: "არც ერთი ჩამორჩენილი და უდისციპლინო ჩვენ გვერდით!" "ხუთწლედი ოთხ წელში!" ზოგიერთმა შეიძლება შევარდნაძის აბაშის ექსპერიმენტიც გაიხსენოს, მაგრამ მთავარი არც ლოზუნგია და არც ექსპერიმენტი, მთავარი პრეზიდენტის ახალი გატაცებაა - სიმინდი! თან უბრალო კი არა - ჰიბრიდული სიმინდი.

"ადრე აქ 1,5-2 ტონა სიმინდი მოდიოდა, ახალი, ჰიბრიდული ჯიშის თესლით კი საშუალოდ 8 ტონა, ანუ გაოთხმაგებულ-გახუთმაგებულ მოსავალს მივიღებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველო გახდება სიმინდის ექსპორტიორი", - განაცხადა ტრაქტორზე ასულმა სააკაშვილმა. პრეზიდენტი ბოლო დროს ჰიბრიდულ სიმინდზე იმდენს ლაპარაკობს, ისეთ რეკლამას უკეთებს, არ გამიკვირდება, ახალი ლოზუნგი რომ გაჩნდეს: "სიმინდი გადაარჩენს საქართველოს!"

აი, რატომ ვართ დემოკრატიული ქვეყანა

საინფორმაციო სააგენტოებმა გასულ კვირას გაავრცელეს ცნობა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჯაშუშობისა და მავნებლობის ბრალდებით კავშირგაბმულობის ექსმინისტრი კიმ ენ სამი და ფინანსთა ექსმინისტრი მუნ ილ ბონი სიკვდილით დასაჯეს. კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი სარკინიგზო სადგურზე 2004 წელს მომხდარი აფეთქების გამო დაისაჯა, ხოლო ყოფილი ფინანსთა მინისტრი - ფინანსური რეფორმის ჩავარდნის გამო. 2009 წლის დეკემბერში რეფორმის მარცხმა მოსახლეობის უკმაყოფილება, ფასების ზრდა და საქონლის დეფიციტი გამოიწვია.

თქვენ კიდევ არ გჯერათ, რომ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. დემოკრატიული რომ არ ვიყოთ, სულ ცოტა, ნახევარი მთავრობა ხომ გვეყოლებოდა უკვე დახვრეტილი?