"ასეთი კორუმპირებული და ეკონომიკურ კლასტერად ჩამოყალიბებული ხელისუფლება არ ჰყავს არც ერთ ევროპულ ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"ასეთი კორუმპირებული და ეკონომიკურ კლასტერად ჩამოყალიბებული ხელისუფლება არ ჰყავს არც ერთ ევროპულ ქვეყანას"

"ეცდებიან, მაქსიმალურად გაახანგრძლივონ შეზღუდვები, მით უფრო, თუ არ იქნება წინააღმდეგობა და წნეხი ხალხისგან"

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ პარასკევს, 29 იანვარს, საპროტესტო აქცია დააანონსა - "მიეცი სიგნალი", ერთადერთი მოთხოვნით - გაიხსნას ქვეყანა. მისი აზრით, მოსახლეობა მმართველი გუნდის ერთწლიანი უგუნური გამოკეტვის გამო სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური კრიზისის პირასაა და ამიტომ სთხოვს მძღოლებს, ხელისუფლებას სიგნალით გააგონონ თავიანთი პროტესტი.

- ის, რომ ზოგს ეშინია რეგულაციების მოხსნის, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე - ხელისუფლების პროპაგანდა კარგად მუშაობს. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ პირბადის გარეშე უნდა ირბინო და ყველას უნდა ჩაეხუტო, მაგრამ გონივრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ისეთი, რომელიც დააბალანსებს ჯანდაცვასაც და ეკონომიკასაც. ხელისუფლებას შეეძლო და ახლაც შეუძლია მიიღოს ზომები, გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას ნელ-ნელა გახსნის. რა გააკეთეს სკოლებთან მიმართებით? ერთი წლით არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ ჩაუკეტავს სასწავლო დაწესებულებები, იყო მხოლოდ პერიოდული ჩაკეტვები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ, სკოლები უნდა გახსნილიყო შესაბამისი რეგულაციებით. შედეგი, რასაც სწავლის ამდენი ხნით შეჩერება მოიტანს, იქნება ძალზე სავალალო. ისედაც არ გვქონდა შესაშური მდგომარეობა განათლების მხრივ და ახლა ამ ფსევდოსწავლების რეჟიმში, ონლაინ სწავლება რომ ჰქვია, რას მივიღებთ? თავიანთი უცოდინრობისა და უნიათობის გამო გადაწყვიტეს, არ მიეღოთ ზომები და, უბრალოდ, დაკეტეს ყველაფერი.

ასევე, არც ერთ ქვეყანას არ გაუჩერებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იცით, რატომ? ასეთი კორუმპირებული და ცალკე, ეკონომიკურ კლასტერად ჩამოყალიბებული ხელისუფლება არ ჰყავს არც ერთ ევროპულ ქვეყანას. თვალი რომ გადაავლოთ მერიაში მომუშავე ჩინოვნიკების, პარლამენტარებისა და მინისტრების საჯარო დეკლარაციებს, ნახავთ, რომ ტრანსპორტი აგვიკრძალა ხალხმა, რომელიც ძვირად ღირებული ჯიპებიდან არ ჩამოდის. მათ წარმოდგენა არ აქვთ და, ალბათ, არც სურვილი, წარმოიდგინონ, როგორ წვალობს ხალხი. ამიტომაც ვითხოვთ, გაითვალისწინონ მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ინტერესები.

- თქვენი აზრით, ხელისუფლებას ხელს აძლევს ქვეყანა იყოს ასეთ იზოლაციაში, გაჩერდეს ეკონომიკა, საფრთხე შეექმნას ჯანდაცვის სისტემას და ა. შ. ეს სახელმწიფოს ინტერესებს ასხამს წყალს? - ვფიქრობ, რომ ასეა, სწორედაც მათ ინტერესებს ასხამს წყალს. არა ერთი კვლევა დაიდო დასავლეთში, როგორ გაღრმავდება უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის კოვიდის შედეგად და ჩვენთანაც ასე მოხდება. თუ დაივლით ქალაქის ქუჩებს, შეამჩნევთ, რამდენი კომერციული ფართი იყიდება. ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანები, ვისაც საქართველოში ბევრი ფული აქვს, პანდემიის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრდებიან. ბევრი მათგანი პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ხელისუფლებასთან. ეს ერთი, და მეორეა ავტორიტარიზმი - ხელისუფლებას სხვა შემთხვევაში არ ექნება ასეთი კონტროლი და კომფორტი, იცოდეს, ვინ სად არის 9 საათის შემდეგ, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ამისთვის არ სჭირდება არც მოსმენა, არც დაშინება, არც თვალთვალი, შემოიღო არაკონსტიტუციური რეჟიმი. ეს არის უდიდესი პოლიტიკური კომფორტი ამათთვის. ამიტომაც ეცდებიან, მაქსიმალურად გაახანგრძლივონ შეზღუდვები, მით უფრო, თუ არ იქნება წინააღმდეგობა და წნეხი ხალხისგან.

- ფიქრობთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა? - ხალხში პროტესტი რომ გაჩნდა, ეს კარგად იგრძნობა, მაგრამ სხვა საკითხია, როგორ ივლიან აქციებზე. უმუშევრობის გასაპროტესტებლად რომ მოვიდეს, ამისთვის ტაქსიში ფული უნდა გადაიხადოს. ამიტომ არის, რომ თან აქციაზე ვიხმობ ადამიანებს და თან ამას განვიცდი. ამას ისიც ემატება, რომ ზამთარია, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ სამ საკითხზე პროტესტი მომწიფებულია - ეს არის ტრანსპორტი, სწავლა და კომენდანტის საათის გაუქმება. ამიტომაც ვგეგმავთ მანქანების აქციას და მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდნენ პარასკევს. მძღოლების აქტიურობა გვჭირდება, სადაც უნდა იყვნენ, 11 საათზე რამდენიმე წამით სიგნალის ღილაკს დააჭირონ ხელი.

- ანუ ოპოზიციისგან კვლავ ქუჩის აქციებს უნდა ველოდოთ? - თუ ოპოზიცია გააგრძელებს ბოიკოტს, უნდა იმოქმედოს ქუჩაში, ოღონდ იმაზე კი არ უნდა იყვიროს, როდის შევა პარლამენტში, არამედ იმაზე, რაც ხალხს აწუხებს. რა საჭიროა კვლევები, როცა იცი ხალხის აზრი და განწყობა? კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა, უკვე 3 თვეა - ნოემბერი, დეკემბერი და იანვარი, რაც ისინი ქომაგების გარეშე დარჩნენ. ოპოზიცია იმაზე ლაპარაკმა გაიტაცა, ვინ შევა პარლამენტში და ვინ - არა, აქეთ ვიღაცას ნაგვის ურნას ამხობენ თავზე, იქით იაგო ხვიჩია პანიკას თესავს, როგორც ვფიქრობ, სპეციალურად და ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის არასწორი. ოპოზიცია უნდა დაბრუნდეს ხალხთან, სიტყვა "რაუნდი" საერთოდ უნდა ამოიღონ ლექსიკონიდან, რადგან ეს სიტყვა, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი, ისე მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ელემენტარული პრობლემები აქვთ და რომელთათვისაც მთავარია, საქმე გაკეთდეს.

- თუმცა საქმე ქუჩაში დგომით არ კეთდება, ოპოზიცია კი კვლავ უარს ამბობს მანდატებზე. - საბოლოოდ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ - ან უნდა შეხვიდე, ან გარედან უნდა აკეთო შენი საქმე. საერთოდ არ სჭირდება მანდატი იმას, რომ შენი მოქალაქეებისგან მაღალი ლეგიტიმურობა გქონდეს. ჯიუტად თავის გაგიჟება, მართლები ვართო, როცა საერთაშორისო საზოგადოებაც და შენი ხალხიც ერთსა და იმავეს გიმეორებს, არასწორია, უნდა დაფიქრდე და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

- 2020 წელი მძიმე წელი იყო, თუმცა ერთი კარგი ამბავიც მოხდა თქვენს ცხოვრებაში - დაქორწინდით და მეორე შვილს ელოდებით. გვითხარით, როგორ მიდის ფეხმძიმობა - ამ მდგომარეობაში ჩაატარეთ საარჩევნო კამპანიაც და დღემდე აქტიურობთ, არ გიჭირთ? - როგორც წესი, ბოლო პერიოდი უფრო რთულია ხოლმე, მაგრამ ყველაფერი მშვიდად მიდის, დაახლოებით თვე-ნახევარიღა დამრჩა, მარტში ველოდებით პატარას. ჯერ არ ვიცით, ვინ არის. მითხრეს, თუ გინდათ, სქესს გეტყვითო, მაგრამ არ მოვინდომეთ… ანდროს შემდეგ დიდი შუალედი გამოვიდა. მათ შორის სხვაობა 13 წელი იქნება. ფაქტობრივად, ახლიდან უნდა ვისწავლო ბავშვის მოვლა, რადგან აღარაფერი მახსოვს, დამავიწყდა. ანდრო ძალიან ელოდება მის დაბადებას. სულ სახლში რომ იყო გამოკეტილი, მოიწყინა და ძაღლი მივუყვანე, არც ამან უშველა. ახლა ისიც ძალიან გახარებულია ამ ამბით და - მეც…

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)