"შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირს და არა მათ, ვისაც 4 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს" - კვირის პალიტრა

"შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირს და არა მათ, ვისაც 4 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს"

ბევრი პროგრამა გვაქვს რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს ვისაც მართლა უჭირს და არა იმათ, ვისაც 4 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებაზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი იმ ოჯახებს დაეხმარება, ვინც ნამდვილად შეჭირვებულია და თანადგომა სჭირდება. როგორც კახა კალაძე განმარტავს, საცხოვრებელი ფართების დაკანონება არ ნიშნავს იმას, რომ "მიწა მივიტაცო და შემდეგ პრეტენზია გამოვთქვა, რომ ეს ჩემი საკუთრებაა".

"თქვენ იცით რომ დაკანონების თემა ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები და ოჯახები, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში და ვერ ახორციელებდა მათ დაკანონებას გარკვეული პრობლემების გამო. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელება დავიწყეთ და 1400-ზე მეტ ოჯახს უკვე მივეცით შესაძლებლობა ერთ ლარად გადაგვეცა საცხოვრებელი ფარები მათ საკუთრებაში.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მე ავდგე, მიწა მივიტაცო და შემდეგ პრეტენზია გამოვთქვა რომ ეს ჩემი საკუთრებაა და აქ უნდა ავაშენო საცხოვრებელი ფართი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდეს 4 ბინა, 4 ავტომობილი და ასე შემდეგ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მუნიციპალიტეტი ამას არ დაუშვებს. ბევრი სხვა პროგრამა გვაქვს, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს ვისაც მართლა უჭირს და არა იმათ, ვისაც 4 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, ყველას 1000 ბინა და მანქანა მისცეს, მაგრამ ამ პროგრამებით ისარგებლებს ის, ვისაც მართლა სჭირდება ჩვენი თანადგომა, მართლა შეჭირვებულია და მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა სჭირდება.

დაკანონებების პროექტს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, მინდა ყველა ოჯახს მივმართო, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართეთ ადგილობრივ, რაიონულ გამგეობას და გექნებათ სრული ინფორმაცია თუ რა საბუთები და დოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს კონკრეტული ფართების დაკანონება.

დღეს გვაქვს შესაძლებლობა 66 ოჯახს დავუკანონოთ საცხოვრებელი ფართი, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადავცეთ ისნის რაიონში. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს",-აცხადებს კალაძე.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 ათასი ოჯახიდან 1500-მდე ოჯახს დაეხმარა და ისინი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ასევე უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან სხვა ოჯახებიც.

"ძალიან მნიშვნელოვანია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საკითხი. როდესაც ამირჩიეს და საქმიანობას შევუდექით, ამ პრობლემის მოგვარება დავიწყეთ. როდესაც აღწერა გავაკეთეთ, 3 ათასი ოჯახი იყო, ვინც კოოპერატივით დაზარალებული იყო. ეს არის პრობლემა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არის. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ეს ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელ ფართებს ელოდებოდნენ. თუმცა, წლების განმავლობაში არავინ ყურადღებას არ აქცევდა და პრობლემა პრობლემად რჩებოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ოჯახების ფართებით დაკმაყოფილებასთან მიმართებით. მინდა გითხრათ, თუ რა გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში. 3 ათასი ოჯახიდან 1500-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ, რაც ვფიქრობ, კარგი შედეგია. ამ პირებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და ისინი ინვესტორთან შეთანხმებით, ჩვენი სამსახურების ჩართულობით ეს კონკრეტული კომპანიები ვალდებული არიან, ააშენოს კოპუსები და მოხდეს ამ ადამიანების ბინებით დაკმაყოფილება",-განაცხადა კალაძემ.

მან აღნიშნა, რომ დარჩენილი 1500 ოჯახი საცხოვრებლით ასევე დაკმაყოფილდება.

"დარჩენილ 1500 ოჯახს პირობას ვაძლევ, რომ ძალიან მალე ისინიც დაკმაყოფიდლებიან და მაქსიმალურად ექნებათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა, თანადგომა. პრობლემა, რომელიც ათეული წლებია ამ ქალაქში არსებობს და ოჯახები ელოდებოდნენ, პირობას გაძლევთ, ძალიან მალე მოგვარებული და მოწესრიგებული იქნება", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"