"ერთმანეთისთვის ბევრი სარგებლობის მოტანა შეგვიძლია" - კვირის პალიტრა

"ერთმანეთისთვის ბევრი სარგებლობის მოტანა შეგვიძლია"

ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

გასულ კვირას "პალიტრა მედიას" საპატიო სტუმარი ეწვია: ზედმიწევნით ზრდილობიანი უცხოელი ჩინელ დიპლომატად გაგვეცნო და ჰოლდინგის მუშაობის უფრო ახლოს გაცნობა გვთხოვა. ასეთი ვიზიტები ჩვენთან საკმაოდ ხშირია და ცხადია, უარი არც ჩინეთის საელჩოს პირველი მდივნის, ლო შისუნისთვის გვითქვამს. ორიოდე დღეში კი ბატონი ლო უკვე ჩინეთის ახალწარდგენილ სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ ჩენ ძიანფუსთან ერთად გვეწვია.

ჟურნალ-გაზეთების, ვებგამოცემების, რადიო-ტელევიზიისა და "ინტეგრირებული ნიუსრუმის" მუშაობის გაცნობის შემდეგ ჩინელი დიპლომატი აღტაცებას ვერ მალავდა: "საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი ევროპულ დიპლომატიურ მისიებში, ბოლოს გერმანიაში ვიყავი. გულახდილად რომ ვთქვა, ის, რაც "პალიტრა მედიაში" ვნახე, ევროპულ სტანდარტებს არაფრით ჩამოუვარდება".

ვფიქრობ, ჩინეთის მზარდი მსოფლიო მნიშვნელობისა და ამ ქვეყნისადმი დასავლური სამყაროს არაორდინარული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ელჩთან საუბრის გაცნობა მკითხველისთვის საინტერესო იქნება. მით უმეტეს, რომ ბატონი ჩენ ძიანფუ გამოცდილი დიპლომატი გახლავთ და არა მხოლოდ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, დემოკრატიაზე, საზოგადოდ, მსოფლიო პოლიტიკურ რეალიებსა და ამ რეალიებში ოფიციალური პეკინის როლსა თუ მისიაზე საგულისხმო მოსაზრებები გაგვიზიარა:

- ეს კარგი დასაწყისია, ჩემი სტუმრობით ჩვენ უკვე დავიწყეთ მეგობრობა და იმედია, ის კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოში სულ 5 თვეა, რაც ვარ. ეს არც ისე ბევრი დროა, მაგრამ საქართველომ ჩემზე უკვე მოახდინა ღრმა შთაბეჭდილება. ქართველები ძალიან გულღია და სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობაც აქვს. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ის, რაც ყველაზე მეტად საქართველოში მომეწონა, ბუნების თვითმყოფადობაა. ვიცი, რომ ქართველები თავიანთ სამშობლოს "სამოთხის ბაღს" უწოდებენ. ეს მართლაც ასეა.

თქვენ პატარა ქვეყანა გაქვთ, მაგრამ დიდი ისტორიითა და კულტურით. ეს უზარმაზარი სიმდიდრეა: ხალხური ცეკვა, სიმღერა, არქიტექტურა, მხატვრული შემოქმედება, ღვინის წარმოება, თბილისში ბევრი მუზეუმია. ეს კი ერის მრავალფეროვან კულტურასა და ისტორიაზე  მეტყველებს და სწორედ ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი ნებისმიერი ქვეყნისთვის.

- საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ჩინეთი მზარდი ეკონომიკის და შესაბამისად,  მზარდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანაა. რაში ხედავთ საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს?

- პერსპექტივები ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებისა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით, ეს ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება. მოგეხსენებათ, ჩინეთიც და საქართველოც განვითარებადი ქვეყნებია და ამდენად, ორივესთვის ეკონომიკა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ერთმანეთისთვის ჩვენ ბევრი სარგებლობის მოტანა  შეგვიძლია. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, რაც ჩინეთში გახსნილობისა და რეფორმების ეპოქა დაიწყო, ჩვენმა ქვეყანამ ბევრს მიაღწია. ჩინელი ბიზნესმენები აქტიურად ეძებენ ქვეყნის გარეთ ბიზნესწარმოების საშუალებებს, ამდენად, მათთვის საინტერესო იქნება საქართველოში ინვესტიციების განხორციელება. მით უმეტეს, რომ  საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა დიდ სტიმულს იძლევა.

- მსოფლიოს ორი დიდი ქვეყანა, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობენ, გააძლიერონ ურთიერთობა, რომელიც წლების განმავლობაში გართულებული იყო. დაბრკოლებები ამ გზაზე არცთუ უმნიშვნელოა: ვაშინგტონისთვის - ადამიანის უფლებები, პეკინისთვის ტაივანი და ტიბეტი უკომპრომისო პრეტენზიებია. როგორ გესახებათ აშშ-ისა და ჩინეთის სამომავლო ურთიერთობა?

- ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია. შესაბამისად, მათ აკისრიათ დიდი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშეც. დღეს ორივე ქვეყანა ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესებას და საამისოდ ორივე მხარე ბევრს აკეთებს. მე ვიტყოდი, შედეგი უკვე სახეზეა - ურთიერთნდობა არსებობს და კიდევ უფრო ღრმავდება. ცხადია, ჩვენ შორის არის აზრთა სხვადასხვაობაც - როგორიცაა ტაივანის საკითხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ჩინეთი წინააღმდეგია იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ტაივანს იარაღი მიჰყიდოს. მეტიც, ის ვალდებულია ყველანაირად შეუწყოს ხელი ტაივანის ყურის ორივე ნაპირის მშვიდობიან თანაცხოვრებას.

- "მსოფლიო მალე დარწმუნდება, რომ შეცდა, რადგან სინამდვილეში ლიბიაში განვითარებულ მოვლენებს საფუძველი ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენებმა ჩაუყარა", - განაცხადა კადაფიმ RUSSIA TODAY-თან ინტერვიუში. დღეს, როდესაც ევროამერიკული კოალიცია ლიბიას უტევს, როგორი იქნება ჩინეთის პოზიცია?

- ჩინეთის პოზიცია ნათელია: ჩვენ ყოველთვის იმ პრინციპის მხარდამჭერებად გამოვდივართ, რომ მკაცრად და ზედმიწევნით იყოს დაცული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუცია და საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყოველი ქვეყნის სუვერენიტეტსა და საზღვრების ხელშეუხებლობას. ჩინეთის უპირველესი სურვილია, ნებისმიერი საერთაშორისო დონის უთანხმოება მხოლოდ სამშვიდობო და მოლაპარაკების გზით გადაიჭრას. თავი შევიკავეთ გაეროს უშიშროების საბჭოზე იმ რეზოლუციის კენჭისყრის დროს, როდესაც ლიბიის საჰაერო სივრცის დახურვაზე იყო ლაპარაკი. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას, რომ ლიბიაზე საჰაერო იერიშების დროს მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

- ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთი რევოლუციების კასკადმა მოიცვა. დასავლურ მედიაში ეგვიპტის, ტუნისისა და სხვა რევოლუციები "ფეისბუკის რევოლუციებადაც" კი მონათლეს. როგორი ვითარებაა ამ მხრივ ჩინეთში?

- იმას, რაც ახლო აღმოსავლეთში მოხდა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა - პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც, რელიგიურიც. თავისი როლი ითამაშა პროპაგანდის ფაქტორმაც. და მაინც, მე ვიტყოდი, რომ გადამწყვეტ როლს პირველი სამი ფაქტორი ასრულებს. თუ ეკონომიკა წესრიგშია, ხალხი კარგად ცხოვრობს და ქვეყანაშიც სიმშვიდეა, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, თუ ქვეყანაში თავისუფლებაა, პროტესტისთვის ადგილი აღარ რჩება. "ფეისბუკი" იქნება, ტვიტერი თუ სხვა რამ, რაც უნდა დიდი გავლენა ჰქონდეთ, ვერანაირ უარყოფით გადამწყვეტ როლს სიტუაციის არევაში ვერ ითამაშებს. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ ის გარე ძალებმა დაშალეს, სინამდვილეში, თავად საბჭოთა კავშირში ვერ იყო საქმე კარგად. რაც შეეხება ჩინეთს, ჩვენთან ვერანაირი გარეშე ფაქტორი უარყოფით ზემოქმედებას ვერ მოახდენს. მხოლოდ ერთს გეტყვით: ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკა ყოველწლიურად ათი პროცენტით იზრდება. ეს ყველაფერი, ცხადია, ხალხის კეთილდღეობაზეც აისახება. ჩვენთან ძალიან ჰარმონიული დამოკიდებულებაა ერებს შორისაც. მაგალითად, ჩინეთში ორმოცდათექვსმეტი ეროვნების ხალხი ცხოვრობს. ყველაზე დიდი მათგან ხან ცია, დანარჩენი ორმოცდათხუთმეტი შეიძლება ეროვნულ უმცირესობებად ჩავთვალოთ, მაგრამ მათ ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც ყველას ჩინეთში. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც. თუ დღევანდელ და რეფორმამდელ ჩინეთს შეადარებთ, დიდ სხვაობას მიიღებთ.

დღეს პოლიტიკური თავისუფლებაა და ის წარმოუდგენლად დიდია კულტურული რევოლუციის ეპოქასთან შედარებით. ზოგიერთ ქვეყანაში ვერ იგებენ, რა ხდება ჩინეთში. ჰგონიათ, ჩვენთან მხოლოდ ეკონომიკური რეფორმა განხორციელდა და პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. სხვათა შორის, გუშინ ვკითხულობდი ერთი დასავლელი ავტორის სტატიას, სადაც წერია, თუ ჩინეთმა პოლიტიკური რეფორმა არ განახორციელა, ეკონომიკური განვითარება უკუშედეგებს გამოიწვევსო. ესეც "ჩინეთის დაშლის დოქტრინის" ერთ-ერთი გამოვლინებაა. ბოლო ათი წელია, ეს დოქტრინა დასავლეთში ძალიან პოპულარულია. გასული სამი ათწლეულის განმავლობაში, დასავლეთ ევროპაში ჩინეთის დაშლის პროგნოზი სულ მცირე, ოთხჯერ მაინც გაკეთდა. ამ პროგნოზების ავტორთა სამწუხაროდ თვით ეს დოქტრინა დაიშალა, ჩინეთი კი უფრო გაძლიერდა.

- ლიუ სიაობოსთვის ნობელის პრემიის მინიჭებამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია. ცერემონიის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნობელის პრემიის კომიტეტის წევრებს "ჯამბაზები უწოდა. მიიჩნევთ, რომ ნობელის კომიტეტი ამ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივით სარგებლობდა?

- ლიუ სიაობო დაპატიმრებულია ქვეყნის პოლიტიკური წყობის დამხობის მცდელობისთვის. საინტერესოა, რატომ აძლევს დასავლეთი მშვიდობის პრემიას მაინცდამაინც ამ ადამიანს? რა მშვიდობის მოტანა შეიძლება ასეთი მიდგომით? ფაქტს უკვე ვხედავთ, მაგრამ მხოლოდ დანახვა არ კმარა, უნდა დავფიქრდეთ კიდეც, რატომ უპირისპირდებიან ასეთი მეთოდებით ჩინეთს. ამ ფაქტორს განსაკუთრებით გამოვყოფდი. როგორც ჩანს, მათთვის მიუღებელია ჩინეთის სწრაფი განვითარება და წარმატება, რასაც ბოლო პერიოდში მიაღწია. დასავლეთი იგნორირებას უკეთებს ჩინეთის მიღწევებს, ხოლო ნობელის პრემიის დამნაშავისთვის მიცემით კი ცდილობენ, ფართო საზოგადოებრიობა ჩინეთის საწინააღმდეგოდ განაწყონ.

როდესაც უკვე ცხადი გახდა, რომ ლიუ სიაობოს ამ პრემიას გადასცემდნენ, ჩინეთში არა მხოლოდ მთავრობა, ხალხიც განაწყენდა. ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, ჩინეთს თავს მაინცდამაინც განვითარების საკუთარი მოდელი მოახვიოს. მაგალითად, სურდათ, ჩინეთში ყოფილიყო მრავალპარტიული სისტემა. მსოფლიოში მრავალნაირი პოლიტიკური წყობა და ფილოსოფიური მიმდინარეობა არსებობს. გარეგნულად, შესაძლოა, მომხიბლავადაც ჩანდეს, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველა მათგანი ესადაგებოდეს ყველა ქვეყნის რეალობას. ჩინეთის შემთხვევაში, არსებული წყობა ჩინელი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ნაცადია და გამართულად მუშაობს, ხელს უწყობს სახელმწიფოს განვითარებას და ხალხის კეთილდღეობას. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო დროს ჩინეთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა.