"გამყრელიძესთან და მაგ სამეულთან მიმართებით, საკმაოდ სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი" - კვირის პალიტრა

"გამყრელიძესთან და მაგ სამეულთან მიმართებით, საკმაოდ სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი"

პარტია "ტრიბუნას" ლიდერის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების მართვაზე პასუხისმგებლობის აღების შიში აქვს, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის პირობებში. როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში " ნიუსრუმი" განაცხადა, მიუხედავად იმისა, რა შეზღუდვებს დააწესებს ხელისუფლება, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში საბოლოოდ მაინც ვერ დარჩება.

"დღეს მთავარი თემა არის პარლამენტში შედი-არშედი, რომელმაც პირდაპირ რომ ვთქვათ, დააქცია ეს ქვეყანა. ანუ, "ქართული ოცნება" აქაც ძალიან დიდ შეცდომას უშვებს და ხავსს ეჭიდება. მას ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღების შიში აქვს, განსაკუთრებით კი, ივანიშვილის წასვლის პირობებში",-განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება არაგონივრული შეზღუდვების დაწესებით პოლიტიკურ "ლოქდაუნს" ახორციელებს.

"მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტიაო", გაზაფხული მოვა და გინდა თუ არ გინდა, შეზღუდვები უნდა მოხსნან. ის, რაც მათ ემუქრებათ, ვერ გაექცევიან. ეს გარდაუვალია, მაგრამ რას სთავაზობენ? აქ ფაქტორი ის კი არ არის, "ქართული ოცნება" დარჩება თუ არა, ის ხელისუფლებაში ვერ დარჩება, გამორიცხულია. არავითარი რესურსი აღარ გააჩნია. უბრალოდ, როგორ გაუშვებენ, ამაზეა საუბარი",-განაცხადა ჭიჭინაძემ.

მან აღნიშნა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის და ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს.

"პირადად ვთვლი, რომ გამყრელიძესთან და მაგ სამეულთან მიმართებით საკმაოდ სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი იმიტომ, რომ რეალურად, ამ ადამიანებმა საკუთარი მმართველობა ამ ქვეყანას თავს მოახვიეს ყოველგვარი არჩევითობის პრინციპების გარეშე, მათ მიერ გადადმული ნაბიჯი ქვეყანას საკმაოდ ძვირად დაუჯდა, როგორც ეკონომიკურად, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით. ადამიანებზე მიდის ფსიქოლოგიური შეტევა. ბოლომდე ცდილობენ, როგორმე გადატეხონ ადამიანებში წინააღმდეგობის გრძნობა",-განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციასთან ერთად, უკვე საზოგადოებაც გააქტიურდა, რაც საპროტესტო მუხტში გამოიხატება.

"ოპოზიცია რომ იდგეს და საერთოდ არაფერი აკეთოს, ეს "ქართულ ოცნებას" მშვიდადდ ცხოვრების საშუალებას მაინც არ აძლევს იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოება აქტიური ხდება",-განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ინტერპრესნიუსი"