NDI-ს კვალდაკვალ - კვირის პალიტრა

NDI-ს კვალდაკვალ

"საზოგადოება იმდენად დაზაფრული და შეშინებულია, რომ მათი პასუხები ვერ იქნება ჩემთვის სანდო"

"მთავარია, მოსახლეობას რეფორმები მნიშვნელოვნად მიაჩნია"

ნებისმიერი კვლევის მიზანი საზოგადოების განწყობის შესწავლაა, მაგრამ  რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ნდი-ს (ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) კვლევები ოპოზიციამ და ხელისუფლებამ სხვადასხვაგვარად მიიღეს.

გიორგი ცაგარეიშვილი, "თავისუფალი დემოკრატები": - საინტერესო კვლევის შედეგად მიღებული პროცენტები კი არა, ის არის, ვინ პასუხობს დასმულ შეკითხვებს. უყურებთ, ალბათ, შალვა რამიშვილის გადაცემას "აკრედიტაციის გარეშე" და ჩემთვის კვლევა ის იყო, რაც რამდენიმე დღის წინ ამ გადაცემაში ვნახე, როდესაც ჟურნალისტის კითხვაზე, რა ნაკლი აქვს სააკაშვილს, ჩვენი ოცი თანამოქალაქე გაიქცა. ერთმა ისიც თქვა, აფხაზეთში რომ ვიბრძოდი, არ მეშინოდა და ახლა მეშინიაო. ასეთ ქვეყანაში ჩატარებული კვლევა რამდენად სანდოა, პასუხი თქვენმა მკითხველმა გასცეს.

მე კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის სანდოობას არ ვაყენებ ეჭვქვეშ, მაგრამ საზოგადოება იმდენად დაზაფრული და შეშინებულია, რომ მათი პასუხები ვერ იქნება ჩემთვის სანდო. ეს იგივეა, საბჭოთა კავშირის დროს რომ ჩაგეტარებინათ კვლევა და 1975 წელს  გეკითხათ, თუ მოგწონთ ლეონიდ ბრეჟნევის კურსი და კომუნისტური პარტიაო. მიხეილ სააკაშვილი როზგებით მართავს ქვეყანას. საზოგადოების ყველა ფენა ვერხვის ფოთოლივით თრთის და ამის შედეგია მმართველი პარტიის 52%-იანი რეიტინგიც. როგორც ვიცით, ამ კვლევის დროს ზუგდიდის მოსახლეობაც გამოჰკითხეს. როგორ შეიძლება ვენდოთ ამ კვლევას, როდესაც გოროზიები და ახალაიები თავზე ასხედან ამ კუთხეს, ჯიჯგნიან და ნახევარი სამეგრელო ციხეში ჩასვეს.

- მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა დასაქმებაა, 39%-მა უპირველეს პრობლემად ფასების ზრდა დაასახელა, 28%-მა კი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.

- სააკაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ ქართველებს ტერიტორიულ მთლიანობაზე წინ შიმშილისა და უმუშევრობის საფრთხე დაუდგათ. არალოგიკურია, ხელისუფლება ამბობს, მოსახლეობის 60%-ია დასაქმებულიო, კვლევის თანახმად კი გამოკითხულთა 61% მიიჩნევს უმუშევრობას მთავარ პრობლემად.

KvirisPalitra.Geხათუნა ოჩიაური, "ნაციონალური მოძრაობა": - ჩემთვის აბსოლუტურად სარწმუნოა ნდი-ს კვლევა და საფუძველი არა მაქვს ვიფიქრო, რომ კვლევა არაობიექტურია.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 52% უჭერს მხარს, ეს ციფრი კი უარყო NDI-მ.

- რეიტინგი არ არის ჩვენი ამოცანა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ხელისუფლების რეფორმებს მხარს მოსახლეობის 60% უჭერს.

- დავაზუსტოთ: 60% მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხელისუფლების რეფორმებს, მაგრამ როგორც სოციოლოგები აღნიშნავენ, "მნიშვნელოვანი" რეფორმა "კარგს" არ ნიშნავს.

- მთავარია, მოსახლეობის ამ ნაწილს ეს რეფორმები მნიშვნელოვნად მიაჩნია. ხალხს მიაჩნია, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც იცის, რა არის ხალხის მთავარი პრობლემა და იცის, როგორ გადაჭრას. ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ფასების ზრდაა და ვერ ვიქნებით იმით კმაყოფილი, რომ მოსახლეობის მხოლოდ 13%-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

- 44%-მა განაცხადა, რომ ჩვენთან დემოკრატია არ არის.

- თუ შეადარებთ ამ პროცენტულ მაჩვენებელს 2008 წელს, მაშინ გამოკითხულთა 48% აცხადებდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ იყო, ანუ ჩვენ წინსვლა გვაქვს. მოსახლეობის 90-100% რომ ამბობდეს, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიააო, სწორედ ეს იქნებოდა იმის დასტური, რომ არ არის.

მარი ზანდუკელი