"9 საათზე სახლში უნდა იყო, რადგან კორონა, თურმე, 10-ის ნახევარზე ქუჩაში დასეირნობს, რა სისულელეა?"
"9 საათზე სახლში უნდა იყო, რადგან კორონა, თურმე, 10-ის ნახევარზე ქუჩაში დასეირნობს, რა სისულელეა?"
"ყველაზე გაჭირვებულ ხალხს რომ ეჭიდავები, ეს არის პანდემიასთან ბრძოლა და რეგულაციები?"

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი და დღევანდელი ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, მთავრობამ შესაძლოა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნასთან დაკავშირებითაც დაიწყოს მსჯელობა. გახარიას თქმით, მათ შორის ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

უკვე რამდენიმე დღეა შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით აქციები იმართება,
უნდა შემსუბუქდეს თუ არა მოქმედი რეგულაციები, გამოიყვანს თუ არა ხალხს ქუჩაში ოპოზიცია და ეკონომიკური გაჭირვება და ვინ როგორ დააზარალა პანდემიამ? - ამ კითხვებზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები გვპასუხობენ.

გიგი წერეთელი, "ნაციონალური მოძრაობა":
- ხალხის განწყობა აბსოლუტურად საფუძვლიანია, რადგან დღეს ადამიანები უმძიმეს ვით
არებაში არიან. ამას პირველად ხომ არ ვამბობ, პანდემიის დასაწყისშიც მქონდა რეაგირება ხელისუფლების დაუსაბუთებელ, მკაცრ ზომებზე და ახლაც. პირველი ტალღის შემდეგ უფრო მეტმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. ბიზნესი, წვრილიც, საშუალოც და დიდიც, გამონაკლისების გარდა, ძალიან დაზარალდა. 10-ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და რა გასაკვირია, რომ ხალხი გაბრაზდეს და ქუჩაში გამოვიდეს პროტესტის გამოსახატად. ჰოლანდიაშიც კი, ისეთ ქვეყანაში, სადაც იშვიათად ხდება მსგავსი რამ, დიდი პროტესტი იყო კომენდანტის საათისა და შეუსაბამო შეზღუდვების გამო. განსხვავებით ჰოლანდიელებისგან, რომელთაც საკმარისი დანაზოგები აქვთ იმისთვის, რომ რამდენიმე თვესაც და წელსაც კი გაუძლონ (გარდა ამისა, სახელმწიფო მათ ისე ეხმარება, ვერც იგრძნობენ სირთულეებს), ჩვენი მოსახლეობა არასახარბიელო მდგომარეობაშია.

საქართველოშო, ფაქტობრივად, არანაირი დახმარება არ აქვთ. ზოგს ის 200 ლარიც არ ერგო და, როგორც ვიცი, ვისაც ეკუთვნის, იმასაც უჭირს აღება. ვხედავთ, რა დღეშია სარესტორნო, სასტუმრო ბიზნესი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული. ბევრი ყოველდღიურ სამუშაოზეა დამოკიდებული იმისთვის, რომ ოჯახი გამოკვებოს. ძალიან რთული სიტუაციაა და ვფიქრობ, მთავრობას ადეკვატურად არ ესმის ეს პრობლემები. ჯანდაცვა სუსტია და არც არაფერი გაკეთებულა მის გასაძლიერებლად, სკუტერებისა და ხვრინვის აპარატების შესყიდვის გარდა. ეს მიანიშნებს იმას, რომ თანხები მაინცდამაინც მიზნობრივად არ იხარჯება.  ყველანი თუ ჩავიკეტებით სახლებში, შეიძლება, ინფექცია საერთოდ არ გავრცელდეს, მაგრამ თუ ვცხოვრობთ, უნდა ვიმუშაოთ კიდეც.

თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ხალხი ოპოზიციის მოწოდების გარეშეც გამოვა ქუჩაში და ეს იქნება ადეკვატური საქციელი. ასეც უნდა მოხდეს - როცა მოსახლეობას რაღაც აწუხებს, უნდა გამოხატოს პროტესტი, ეს არის საზოგადოების აქტივობის მანიშნებელი. ეს გამოსვლები არის სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ხალხის პრობლემები და შეეცადოს, ბალანსი იპოვოს. თუ ამას ვერ ახერხებს, უნდა შეიცვალოს იმ ხელისუფლებით, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია.

სამუშაო მქონდა, რადგან პარლამენტის წევრი ვიყავი. ასე თუ ისე, ჩემს ოჯახსაც შეეხო ეს პრობლემები - ვინც სამსახურს ეძებდა, ვერაფერი იპოვა, ვიღაცამ დაკარგა და ეს შესაბამისად აისახა კიდეც ოჯახის ბიუჯეტზე. გარდა ამისა, ეს ყველაფერი ძალიან დიდი სტრესია. ვინ აფასებს, რამდენად მძიმე შედეგი ექნება ამხელა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადამიანებზე - ვიღაცას ახლობელი გარდაეცვალა ამ ვირუსით, ვიღაც მოხუც მშობლებს ვერ ნახულობს, ვიღაც - შვილიშვილებს, ადამიანებს სოციალიზაციის დაყვანა მინიმუმამდე მოუხდათ. ეს ფსიქიკისთვის რთულად გასაძლებია, მატერიალურთან ერთად, თითოეულ ადამიანს აქვს სტრესი იმის გამო, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ეს შეზღუდვები განსაკუთრებით ამძიმებს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას.

ეკა ბესელია, პარტია "სამართლიანობისთვის":
- ვითარება ძალიან კრიტიკულია, რადგან ახალი წელი გავიდა და ვისაც კი რამე დანაზოგი და რესურსი ჰქონდა, დახარჯა, ახლა მარტონი დარჩნენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან. ამ შეზღუდვებს ორი დიდი ნაკლი აქვს - პირველი ის, რომ არაკონსტიტუციურია, არ შეიძლება ეს უფლებები მასობრივად შეგიზღუდოს მთავრობამ ისე, რომ საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადოს. გარდა სამართლებრივი პრობლემისა, შეზღუდვებს მოაქვს დიდი ეკონომიკური და სოციალური ზიანი, რაც თავის თავზე იწვნია მცირე და საშუალო ბიზნესმა და ასევე - განათლების სექტორმა.

ჩემი შვილი სკოლის მოსწავლეა და ამდენი ხანი მოწყვეტილია აქტიურ სასწავლო პროცესს, ამოვარდნილია რიტმიდან და თვითორგანიზებაზეა მიშვებული. ამიტომაც სკოლების დახურვას დიდ შეცდომად მივიჩნევ. ბიზნესშიც ბევრი უგუნური გადაწყვეტილება მიიღეს. არ მესმის, რატომ დაიკეტა ზამთრის კურორტები მაშინ, როცა სხვა სასტუმროები მუშაობს. ეს არის გაუაზრებელი გადაწყვეტილებები, უკეთესი იქნებოდა მკაცრი მონიტორინგი დაწესებულიყო და ბიზნესს ემუშავა.

ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის გადაადგილება აღმოჩნდა ყველაზე დიდი პრობლემა, რადგან მანქანა ყველას არ გვყავს. ამ ეტაპზე მეც არ მყავს და მესმის მათი, ვინც უტრანსპორტობას უჩივის. ადამიანს რომ მოშივდება, მაღალ მატერიებზე ვეღარ ფიქრობს… ეს ყველაფერი წარმოშობს ძალიან სერიოზულ პრობლემებს და ვფიქრობ, ამ ექსპერიმენტების ჩატარება სახიფათო შეცდომაა.

ბექა ნაცვლიშვილი, "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი":

- სრულ გახსნაზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, მიამიტობაა, გამომდინარე იქიდან, რომ რეგულაციების გაუქმების საკითხში სხვა ქვეყნებშიც დიდ სიფრთხილეს იჩენენ, იქაც კი, სადაც ვაქცინაციის პროცესი უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ტრანსპორტის ამოქმედებაზე, თუ კონტროლს გავააქტიურებთ და ავტობუსებს დავამატებთ, რადგან ყველაზე მეტად ეს აწუხებს მოსახლეობას. ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ სამსახურებამდე მისვლა, ან კომპანიები უნდა ემსახურებოდნენ თავიანთი ტრანსპორტით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა სარგებლობდნენ, სხვა შემთხვევაში მთელი თვის ხელფასს ტაქსიში დახარჯავენ.

დანარჩენს რაც შეეხება, მაგალითად, რესტორნების გახსნას, ამ ბიზნესმა ფუნქციონირება ხომ უნდა შეძლოს? უნდა გავითვალისწინოთ, ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, რამდენი შეძლებს დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს, რამდენადაა მსყიდველობითუნარიანი მოსახლეობა, იგივე, სარესტორნო ბიზნესის ამუშავების შემთხვევაში და ა.შ. შეიძლება გაიხსნას სამთო-სათხილამურო კურორტები, თუ მკაცრი შეზღუდვები დაწესდება და მინიმუმამდე დავა დაინფიცირების რისკი. ეს კომპლექსური საკითხია და ასე, ხელის ერთი მოსმით ვერ გადაწყდება.

მეორე საკითხია ვაქცინაცია. რატომ არ იძლევიან დიდი ქვეყნები იმის შესაძლებლობას, რომ გენერიკები აწარმოონ პატარა ქვეყნებისთვის და, შესაბამისად, ვაქცინამ სწრაფად მოიცვას მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა. ცხადია, რომ დღეს ჯანდაცვის სისტემა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. ვიღაცის მოსაზრებებისა და ფსევდოთავისუფლების მოთხოვნის გამო ვერ გავწირავ ჩემს ნათესავებს და ვერც ჩემს თანამოქალაქეებს დავაყენებ რისკის ქვეშ. სადაც სოციალური სახელმწიფო ძლიერია და სადაც მაღალია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, იქ სხვა ვითარებაა და ჩვენთან - სხვა.

გასათვალისწინებელი ბევრი რამეა, თუმცა აქ ლოზუნგებისა და პერფორმანსების დონეზე დავიდა ეს საკითხი. არ ვფიქრობ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა. ის ადამიანები, ვინც ფართომასშტაბიან გახსნას ითხოვენ, ჩვეულებრივი, სოციალისტური ფაშისტები არიან და მათ როგორ უნდა ილაპარაკონ სოციალურ პროტესტზე? ასეთი რამ ჯერ ისტორიას არ ახსოვს. რეალურად, ვინც საპროტესტო ტალღას სათავეში უდგას, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძირითადად, თვითონ დამსაქმებლები არიან.

გოგი წულაია, "თავისუფალი საქართველო":
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბავშვები ჩაიკეტნენ. ეს პერიოდი გადასალახად ყველაზე რთული მათთვის არის. ისე ჩაიკეტნენ თავიანთ ნაჭუჭში, ისე არიან ჩამძვრალები ამ ინტერნეტში, რომ არ ვიცი, საბოლოოდ, ეს რა შედეგს მოიტანს. სხვათა შორის, თუ არ ვცდები, აინშტაინი ამბობდა, რომ მოვა დრო, ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებზე მაღლა დადგება და მაშინ მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობაო. მგონი, სწორედ ეს დრო დადგა - აღარც სკოლა, აღარც წრეები, აღარც მეგობრები… მარტო ბავშვები კი არა, მე და ჩემი მეუღლეც ინტერნეტში ვართ, ერთად ვსხედვართ ოთხივე და შეიძლება ისე გავიდეს ერთი საათი, ერთმანეთს ხმა არ გავცეთ. მასწავლებელი და მანდატური რომ ედგათ თავზე, მაშინ არ უნდოდათ რამის სწავლა და ახლა ისწავლიან?

ხელისუფლებას მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებაზე კი არა, ვაქცინის შემოტანაზე უნდა ეზრუნა. უნდა გაიხსნას ქვეყანა და გაუქმდეს ეს უაზრო შეზღუდვები. 9 საათზე სახლში უნდა იყო, რადგან კორონა, თურმე, 10-ის ნახევარზე ქუჩაში დასეირნობს, რა სისულელეა? ამ გადაწყვეტილებებით ხელისუფლება გვეუბნება, რომ არ აქვს თავი, ტრანსპორტის ამუშავება უსაფრთხო გახადოს, ამიტომ, საერთოდ კრძალავს. ეს არის ყველაზე იოლი გზა. ნახეთ, რა ხდება სინამდვილეში? - რესტორნებში მაინც ქეიფობენ, ბაზრობებთან მაინც მიდის ვაჭრობა, “სამარშრუტოები“ მაინც დადიან და აქამდე თუ 12-14 ლარი ღირდა, ახლა 30 ლარი ღირს. აი, ამ აკრძალვებით, რეალურად, რა შედეგი მივიღეთ. ყველაზე გაჭირვებულ ხალხს რომ ეჭიდავები, ეს არის პანდემიასთან ბრძოლა და რეგულაციები?

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

lela
29 იანვარი 2021 11:20
ადამიანს, რომელსაც ვერ გაუაზრებია, რატომაა კომენდაბტის საათი, რომ ამით სახელმწიფო ზღუდავს ზედმეტ თავშეყრას, ასეთს პოლიტიკაში რა უნდაა? ასეთ მარტივს თუ ვერ ხვდება, ქვეყნის ბედი როგორ უნდა ვანდოთ?
maka
28 იანვარი 2021 18:50
ამ ხალხის გამკვირვებია, ნოემბერში იძახდნენ, მთავრობა რეგულაციებს არ აწესებს, ხალხი ფეხებზე ჰკიდიაო, გაკეთეს და ახლა ამბობენ, ასე როგორ შეიძლება, მთავრობა ხალხზე არ ზრუნავსო, და რომ ჩამოყალიბდეთ, არა?
ნანიკო
28 იანვარი 2021 15:53
კიდევ რამდენი უნდა გარდაიცვალოს, რომ ამ ხალხმა რამე დასკვნა გამოიტანოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები