"51 დეპუტატი ძალიან მონოლითურად და წესიერად ვდგავართ, არ ვფიქრობ, რომ ვიღაც გასხლტება" - კვირის პალიტრა

"51 დეპუტატი ძალიან მონოლითურად და წესიერად ვდგავართ, არ ვფიქრობ, რომ ვიღაც გასხლტება"

ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ეტაპი, რომ პირდაპირ ეთერში მივმართო ობიექტს და ვუთხრა: "თქვენ ცუღლუტი ხართ!"- ეს მე ვუთხარი ელისაშვილს ეთერში, იოსელიანს, ეს მე ვუთხარი იაგო ხვიჩიას , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, "ქართულ ოცნებას" გარკვეულ ოპოზიციონერებთან საუბრის მცდელობა აქვს. მისივე განმარტებით, თუ ის ზოგადად რაიმე ინფორმაციას არ ასაჯაროვებს, ეს იმით არის განპირობებული, რომ მიმდინარე პროცესს ზიანი არ მიაყენოს.

"ქართულ ოცნებას" აქვს მცდელობები გარკვეულ ადამიანებთან და ხომ გამოჩნდა არა ?! მე მიჭირს ხოლმე ის რაღაც 3-4 დღე, როდესაც მწვავე განცხადებას გავაკეთებ, ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ეტაპი, რომ პირდაპირ ეთერში მივმართო ობიექტს და ვუთხრა: "თქვენ ცუღლუტი ხართ!", ესე იგი მე რაღაც ინფორმაცია მაქვს გადამოწმებული - ეს მე ვუთხარი ელისაშვილს ეთერში, იოსელიანს, ეს მე ვუთხარი იაგო ხვიჩიას და ასე აგიხდეთ სიკეთე! მცდელობები აქვთ გარკვეულ ადამიანებთან საუბრისა, ვიცი, რომ აქვთ მცდელობები. მე უბრალოდ თუ რამე ზედმეტს არ ვამბობ ხოლმე, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მივაყენო ზიანი ამ მართლა საინტერესო პროცესს, იმიტომ, რომ მართლა გეუბნებით, ეს 51 დეპუტატი ძალიან მონოლითურად და წესიერად ვდგავართ. დღეს დილიდან ერთმანეთთან კონსულტაციები გვაქვს, არ ვფიქრობ, რომ ვიღაც გასხლტება, ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს რიგებში ამ წამს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მან ყურადღება გაამახვილა ვაშაძის მიერ ინიცირებული პოლიტიკური ცენტრის შექმნის საკითხია.

ჟურნალისტის კითხვაზე: რამდენად სწორია, ოპოზიციური ერთობის შექმნის პარალელურად მესამე ცენტრის შექმნის ინიცირება, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანება არ მოიაზრება, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ერთიანდება მხოლოდ ერთი საკითხის მიმართ და ეს ორი პარალელური პროცესი ხელს ერთმანეთს არავითარ შემთხვევაში არ უშლის.

"გიორგიმ თქვა, რომ დავიწყებ ახლა, იმიტომ, რომ შემდეგ იქნება გვიანო. როდესაც არჩევნებია კარზე მომდგარი და ფაციფუცით კეთდება რაღაცები, ზუსტად ეს არ არის სწორი. მანამდე უნდა დაიწყო მუშაობა, ექსპერტებთან, ახალგაზრდული ჯგუფები მოდიან ჩვენთან, უდიდესი მუშაობა მიმდინარეობს. დასავლური ვექტორის რომელიღაც პარტია გამოდის და მოძლიერებას აპირებს, ეს ვისი რა საქმეა?! ვაშაძემ ეს მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ მოძლიერდეს ის ხალხი, რომელიც, სულ რომ ყირაზე დადგეს ყველა, მთელი ოპოზიცია, კატეგორიულად აღარც "ოცნებას" აძლევს ხმას და აღარც "ნაციონალურ მოძრაობას", არიან ასეთები და ხომ ვერ აუკრძალავ იმათ, რომ იარსებონ და იაზროვნონ?!"- განაცხადა ჩარკვიანმა.

"ინტერპრესნიუსი"