"ბაქრაძეს ვურჩევ, ნუ აჰყვება სააკაშვილს" - კვირის პალიტრა

"ბაქრაძეს ვურჩევ, ნუ აჰყვება სააკაშვილს"

"ხელისუფლების დემაგოგია მაჟორიტარებთან დაკავშირებით გაცამტვერდა"

"საარჩევნო გარემოს შეცვლის ნაცვლად, ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა პროექტი,   როგორ მიაცემინოს არჩევნებზე პატიმრებს ხმა. საქართველოში 20 ათასზე მეტი პატიმარია და თუ ხელისუფლებამ მისთვის სასურველი ცვლილებები შეიტანა, არჩევნების წინ პატიმრების რაოდენობა 40 ათასი გახდება. ხელისუფლების მძევალი პატიმარი ვისაც მისცემს ხმას, კარგად ვიცით", - აცხადებს კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური.

რადგან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელისუფლებასა და რვა პოლიტიკურ ძალას შორის დიალოგი ჩიხში შევიდა, არ არის გამორიცხული, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით მალე აქციები დაიწყოს. როგორც ზვიად ძიძიგური აცხადებს:

- ხელისუფლება მოლაპარაკების დაწყებამდე ამბობდა, ჩვენს ოპოზიციას მხოლოდ ქუჩაში ყვირილი შეუძლია, თუ მოსალაპარაკებლად დასხდებიან და სამართლებრივად წავიმუშავებთ, მზად ვართ ცვლილებებისთვისო. ჩვენ მივიღეთ ეს წინადადება, ხუთთვიანი მოლაპარაკების შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, არსებული საარჩევნო კოდექსია ის პოზიცია, რაც გვაქვსო და სურს მოლაპარაკების ჩაშლაში დაგვადანაშაულოს.

რვა ოპოზიციური პარტია არ მიატოვებს მოლაპარაკებას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის და ხელისუფლებისაგან ველოდებით რეალურ ნაბიჯებს. "ნაციონალურმა მოძრაობამ"  იცის, თუ არჩევნები სამართლიანად ჩაატარა, ხელისუფლება უნდა დატოვოს. ამიტომაც გაჰყავს დრო.

რვა ოპოზიციურმა პარტიამ სამართლებრივ ბრძოლაში პირწმინდად დაამარცხა ხელისუფლება. ამიტომაც გადავიდნენ ახლა ნაციონალები დემაგოგიაზე.

ჩვენ წარვადგინეთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე დაფუძნებული პროექტები და მოვითხოვეთ, მანდატების რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ პარლამენტში ყველა რეგიონიდან თანაბრად იყოს დეპუტატი და არა ისე, როგორც დღეს არის - სამიათასიან და ასიათასიან რაიონებს თითო წარმომადგენელი ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში.

არც ერთ ჩვენს წინადადებაზე ხელისუფლებას არაფერი უპასუხია და მიხეილ სააკაშვილმა აამოქმედა პიარგეგმა, აქაოდა, რვა საზიზღარ პარტიას უნდა პატარა რაიონები მაჟორიტარების გარეშე დატოვოსო. სამწუხაროდ, ამ დემაგოგიურ პიარში პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაერთო. არადა, მოლაპარაკების დასაწყისში სწორედ ბაქრაძე ამბობდა,  საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია შესატანი და ამაზე ხელისუფლება მიდისო. თუ ბაქრაძეს ასე უცებ დაავიწყდა დაპირება, მოვუწოდებ, გადაიკითხოს თავისი ძველი ინტერვიუები.

ჩვენს არგუმენტებზე ხელისუფლებამ ვერც ერთი  დოკუმენტი ვერ წარმოადგინა,  გარდა ერთი ფარატინა ფურცლისა, რომ თურმე საქართველოში ბიომეტრიული სიის გაკეთება  200 მილიონი ჯდება. ეს იყო დაცინვა და მასხარაობა, არაკვალიფიციურობისა და არაკომპეტენტურობის დემონსტრირება. წარმოდგენილი ციფრები ხელისუფლებას საერთაშორისო ექსპერტების თვალწინ გავუტრიზავეთ.

მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით სააკაშვილის გარემოცვას ვუთხრა: მიშა მუდმივად არ იქნება პრეზიდენტი. იფიქრეთ იმაზე, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება თქვენსავე ინტერესშია. როგორც ვიცი, ბატონი ბაქრაძე პოლიტიკაში კიდევ აპირებს დარჩენას და მისთვისვე აჯობებს, დაპირება შეასრულოს. ნუ აჰყვება სააკაშვილს, რომელსაც ძალიან გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი აქვს.

- კონსერვატორებმა "სახალხო კრებაში" უფლებამოსილება შეიჩერეთ. "კრება" 2 მაისიდან გააქტიურებას აპირებს, შეუერთდებით მის აქციებს?

- თუ აქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გაიმართება, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს რვა პარტიას, რომ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მეტი დაათმობინოს ხელისუფლებას. კარგი იქნება, თუ ერთმანეთთან კინკლაობის ნაცვლად, პარტიები კოორდინირებულად მუშაობას მოვახერხებთ.

- ანუ 2 მაისის აქციაზე კონსერვატორებსაც გიხილავთ?

- მე ეს არ მითქვამს. რევოლუციური პარტიების აქციებზე არ დავდგები, მაგრამ თუ იქნება აქციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით, უთუოდ წავალ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობიანი ცვლილებების მომხრეა და "ოპოზიციური რვიანი" მათ სოციალურ დაკვეთას ასრულებს. არ გამოვრიცხავ, მხარდამჭერების რაოდენობა გაეზარდოთ იმ პარტიებს, რომლებიც რევოლუციური გზით აპირებენ წასვლას, მაგრამ ქართველი საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, უკეთესია ცვლილებები სამართლიანი არჩევნებით მოხდეს.