მარკ ბენეტსი: "ნავალნი ნანობს იმ სიტყვებს, რაც ქართველების დასახასიათებლად გამოიყენა" - კვირის პალიტრა

მარკ ბენეტსი: "ნავალნი ნანობს იმ სიტყვებს, რაც ქართველების დასახასიათებლად გამოიყენა"

"კრემლში ნავალნის უფრთხიან - უბრალო ბლოგერის დასაკავებლად პოლიციის მთელ კონტინგენტს, ძაღლების თანხლებით არ გზავნიან ხოლმე"

"რუსი პაციენტის" ისტორია გრძელდება - რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს. ოპოზიციონერს, რომელიც კრემლის მთავარ თავსატეხად იქცა, 3,5 წლით პატიმრობა ემუქრება. რუსეთში ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩას ათიათასობით ადამიანმა მიაშურა, რასაც რუსულმა პოლიციამ ჩვეული სვლით, ძალადობრივი დარბევით უპასუხა და 3000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. როგორ გაგრძელდება ნავალნის ეპოპეა, რას უნდა ელოდოს მისგან დასავლეთი და როგორი იქნება ნავალნის რუსეთი, თუკი ის ოდესმე მართლაც მოახერხებს ქვეყნის სათავეში მოსვლას, ამ თემებზე ბრიტანული "თაიმსის" მოსკოვის კორესპონდენტს მარკ ბენეტს ვესაუბრეთ.

- ამ ბოლო მოვლენებმა ნავალნის ცნობადობა დრამატულად გაზარდა - ის ჯერ არ არის ჭეშმარიტი პოლიტიკური როკვარსკვლავი დასავლეთში, მაგრამ ბევრიც არაფერი აკლია ასეთ სტატუსამდე. საგაზეთო სტატიების სათაურებში ადრე მას "ოპოზიციის ლიდერად" ან "კრემლის კრიტიკოსად" მოიხსენიებდნენ, ახლა კი უბრალოდ წერენ - ნავალნი!.. შენ უნდა იცოდე, ვინ არის ის... მის პოპულარობაში ლომის წილი, რა თქმა უნდა, მის მოწამვლასა და შემდგომ რუსეთში დრამატულ დაბრუნებას უძევს. "კრემლმა ის X ნოვიჩოკით მოწამლა", - ამაზე უკეთეს გზას ვერ იპოვით, თუკი დღეს გსურთ ვინმე დასავლურ მედიაში ზეპოპულარული გახადოთ. ამის საპირისპიროდ რუსეთში სამთავრობო მედია ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა მაქსიმალურად მიეჩქმალა ჯერ მოწამვლის ფაქტი, შემდეგ კი დაბრუნების. ტოქშოუებში მასზე საუბრისას იყენებენ ტერმინებს: "რუსეთის გამყიდველი", "დასავლეთის აგენტი" და ა.შ. კრემლის მედიის მთავარმა ქურუმმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ნავალნის "ნაცისტი ნაგავი" უწოდა. ის, თუ როგორ გაშმაგებით ცდილობს სამთავრობო მედია ნავალნი "გააშავოს", რუსეთში მის მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს.

- და მაინც, რამდენად დიდია ნავალნის მხარდამჭერთა რიცხვი? - ძნელი სათქმელია, რადგან რუსეთი თავს იკატუნებს, რომ დემოკრატიული ქვეყანაა, სინამდვილეში კი ეს არ არის დემოკრატია. რაზე დაყრდნობით შეიძლება ნავალნის პოპულარობაზე ვიმსჯელოთ? დემოკრატიულ ქვეყანაში ამის გასაზომად კვლევებსა და გამოკითხვებს გამოვიყენებდით - მათზე დაყრდნობით მხოლოდ 2%-ს სურს ნავალნი რუსეთის პრეზიდენტად იხილოს. მაგრამ იმავდროულად, როცა მას 2013 წელს მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცეს, ოფიციალური მონაცემებითაც კი ხმების თითქმის 30% აიღო და ეს იმის ფონზე, რომ არჩევნების გაყალბების სერიოზული ეჭვები არსებობდა. ერთი რამ ცხადია: მისი საგამოძიებო რეპორტაჟები ზეპოპულარულია, მისი ბოლო ვიდეოგამოძიება, რომელიც პუტინის საიდუმლო სასახლეს მიეძღვნა გელენჯიკში, "იუთუბზე" უკვე 86 000 000-მა კაცმა ნახა.

- რა გავლენას მოახდენს ეს ვიდეო იმ რუსულ მითზე, რომ დიად ლიდერ პუტინს მატერიალური სიმდიდრეები არ ანაღვლებს და მხოლოდ რუსი ერის აღზევებითა და გაძლიერებითაა დაკავებული? - გააჩნია, ვის ჰკითხავთ. ოპოზიციისთვის ამ ვიდეოში ახალი არაფერია. მათ ისედაც იციან, რომ პუტინი კორუმპირებული რეჟიმის ხელმძღვანელია, რომელიც თავადაც მანიის დონეზეა შეპყრობილი სიმდიდრის დაგროვების სურვილით. ნავალნისთვის მთავარია, პუტინის რამდენ მომხრეს ან ნეიტრალურად განწყობილ ამომრჩეველს დააფიქრებს ამ ვიდეოთი, რამდენი რუსისთვის აღმოჩნდება ეს უხამსობამდე მისული სიმდიდრე ის ბოლო წვეთი, რომელიც მოთმინების ფიალას აუვსებს.

- აღიქმება თუ არა ნავალნი როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია არა უბრალოდ პუტინი, არამედ რუსეთი შეცვალოს? - ფაქტია, რომ რუსეთში ბევრისთვის ნავალნი პუტინის პოტენციურ მემკვიდრედ აღიქმება და სურთ სწორედ მან ჩაიბაროს ხელისუფლების სადავეები. ის, რომ კრემლი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, ამას ხაზს უსვამს მათი დაუცხრომელი მცდელობა ნავალნი დასავლეთის პროექტად წარმოაჩინონ. ვფიქრობ, კრემლში ნავალნის უფრთხიან - უბრალო ბლოგერის დასაკავებლად პოლიციის მთელ კონტინგენტს, ძაღლების თანხლებით არ გზავნიან ხოლმე.

- შეუძლია თუ არა მას თქვას, რომ დასავლეთი გვერდში უდგას და მხარს უჭერს? - ვფიქრობ, ცალსახად ასეა. დასავლური მედია მის ქებას ვერ აუდის - მოიხსენიებენ გაბედულ ლიდერად, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერას იმსახურებს. ამ ეიფორიის ფონზე ჯერ არ ამოტივტივებულა მისი ნაციონალისტური წარსული, მაგრამ ეს დროის საკითხია. რაც უფრო მეტად შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ ნავალნის შესწევს ძალა პუტინი ჩაანაცვლოს, მით მალე ვიხილავთ ნარატივს, სადაც წარსულში მის არცთუ სახარბიელო განცხადებებზე გაკეთდება აქცენტი.

- საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ამ ნარატივს წამოწევა არ სჭირდება - საქართველოში მწარედ ახსოვთ, როგორ შეაფასა ნავალნიმ 2008 წლის აგვისტოს ომი, არც უკრაინელებს დავიწყებიათ მისი რეაქცია ყირიმის ანექსიაზე. დღეს, როცა ნავალნი დასავლეთის ფავორიტად იქცა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მისი მოსაზრებებიც შეიცვალა? - კონკრეტულად საქართველოს შესახებ მან ახლახან განაცხადა, რომ ნანობს იმ სიტყვებს, რაც ქართველების დასახასიათებლად გამოიყენა, მაგრამ არ შეუცვლია მოსაზრება საკუთრივ ომზე. ორი აზრი არ არსებობს, რომ მას ნაციონალისტური წარსული აქვს - მაშინაც კი, როცა პუტინს ავანტიურისტული საგარეო პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა, მის კრიტიკას პრაგმატული საფუძველი ჰქონდა და არა მორალური - მას არ უთქვამს, სირიას რომ ვბომბავთ, ცუდია, რადგან ამის გამო მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები და ბავშვები იღუპებიანო. მან თქვა: "სირიის დაბომბვა ძვირი გვიჯდება და ამ თანხებით ჯობია ვორონეჟში ან კიდევ სადმე სხვაგან გზები შევაკეთოთ". მეორე მხრივ, როცა რამდენიმე წლის წინ ჰკითხეს, როგორი წარმოედგინა მისთვის სასურველი რუსეთი, მაგალითად კანადა მოიყვანა. ხაზგასმით ამბობს, რომ დასავლური მმართველობის მომხრეა და რომ ნატოს რუსეთისთვის საფრთხედ არ განიხილავს, რაც რადიკალურად განსხვავდება კრემლის დღევანდელი პოზიციისგან. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო პოლიტიკაზე ის განსაკუთრებულ აქცენტს არ აკეთებს, რადგან ამ ეტაპზე ეს არ არის პრიორიტეტული მისი მიზნებისთვის.

ვაჟა თავბერიძე

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში