"ჩვენს ვარიანტს არ მიიღებენ და ისხდნენ მარტო...უკვე პრინციპის საკითხია" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ვარიანტს არ მიიღებენ და ისხდნენ მარტო...უკვე პრინციპის საკითხია"

"უკვე პრინციპის საკითხია - ან ჩაატარებენ ვადამდელ არჩევნებს, ან გავაგრძელებთ იმ წრეზე ტრიალს, რომელზეც 30 წელია ვტრიალებთ"

საქართველოს პარლამენტში უკვე ორი ოპოზიციური პარტიაა. "ქართულმა ოცნებამ" და "მოქალაქეებმა" შეთანხმება გააფორმეს - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან. ეს ამბავი ემთხვევა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან კვლავ გაგრძელდება. "პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი დაიწყოს საქართველოს პარლამენტში, რათა გაუმჯობესებული კანონმდებლობით შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. შევქმენით დოკუმენტიც, საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩავატარებთ", - აღნიშნავს თალაკვაძე და იმედოვნებს, რომ პარლამენტში იმდენი ოპოზიციონერი მაინც შევა, რამდენიც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იქნება საკმარისი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ვინც მანდატი აიღო, შეუძლია დოკუმენტს ხელი მოაწეროს და შეუერთდეს შეთანხმებასაც და საპარლამენტო ოპოზიციასაც. რამდენად საფუძვლიანია მმართველი გუნდის მოლოდინი პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობის გაფართოების შესახებ, რა წერია შეთანხმებაში და რას აპირებს ოპოზიცია, "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება:

- ჩვენი პოზიცია უცვლელია - მთავარი მოთხოვნა ისევ რიგგარეშე არჩევნებია. ეს ქვეყანა იმსახურებს ახალ სამართლიან არჩევნებს, ახალ ცესკოსა და ახალ კანონმდებლობას. სხვაგვარად ჩვენ პარლამენტში შესვლის მიზეზს ვერ ვხედავთ.

- "ქართული ოცნება" ახლა უფრო მომგებიან პოზიციაში ხომ არ არის? მას შემდეგ, რაც პარლამენტში მეორე ოპოზიციური პარტია შევიდა, ოპოზიციური ერთობის ოთხი მოთხოვნიდან სამი შესრულდა, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გაათავისუფლეს. - ჯერ ერთი, მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მათი პოლიტიკური დევნის დასრულებას არ ნიშნავს; მეორე - რამდენიმე ოპოზიციონერით პარლამენტს მრავალპარტიულად ვერ გააფორმებენ. ჩვენ ამომრჩევლის თითოეულ ხმას დავიცავთ. არჩევნები გაყალბდა. თქვენ, ალბათ, მოისმინეთ ISFED-ს ანგარიში, სადაც წერია, რომ საარჩევნო უბნების 8%-ში დისბალანსი იყო. ჩვენც ვიცით რამდენი ოქმი გაყალბდა, როგორ ჩაიყარა ბიულეტენები ურნებში და როგორ დატრიალდა კარუსელი. უკვე პრინციპის საკითხია - ან ჩაატარებენ ახალ ვადამდელ სამართლიან არჩევნებს და მივიღებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ან გავაგრძელებთ იმ წრეზე ტრიალს, რომელზეც 30 წელია ვტრიალებთ. ჩვენ უკეთესი ქვეყანა გვსურს.

თქვენ იცით, რომ "ლელომ" ერთ-ერთ ვარიანტად არჩევნების სრულად პროპორციული წესით 2022 წელს ჩატარება დაასახელა? ეს იქნებოდა საუკეთესო კომპრომისი ქვეყნის მძიმე კრიზისიდან გამოყვანისთვის. ჩემი აზრით, საინტერესო წინადადებაა და საფუძვლიან განხილვას იმსახურებს. რადგან წელს ადგილობრივი არჩევნებია, უმჯობესი იქნება, თუ მომავალ წელს სერბული მოდელით, სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარდება.

- ამ საკითხზე ოპოზიციაშიც აზრთა სხვადასხვაობა იყო. - ოპოზიციაში ერთი აზრია იმის თაობაზე, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს. ზოგიერთის აზრით, შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. ბუნებრივია, ჩვენც ამას ვითხოვთ, მაგრამ ორი არჩევნების ერთად ჩატარება, ალბათ, მძიმე იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ რიგგარეშე სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება ყველაზე უპრიანი 2022 წლის გაზაფხულისთვის იქნება. ამ საკითხს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უთუოდ გულისყურით განიხილავენ.

- ხელისუფლებასთან როგორ აპირებთ ამ საკითხის ისე მიტანას, რომ უარი არ მიიღოთ? - გამოსავალი რა აქვთ? არ მიიღებენ და ისხდნენ მარტო. 54 ოპოზიციონერი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ხელისუფლებას, ალბათ, ამ კვირაში მოუწევს მანდატების გაუქმება. მომავალ სხდომაზე ვნახავთ, რას იზამენ. სერიოზული არჩევანი აქვთ გასაკეთებელი - ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობაზე აქვს პრეტენზია, ვერ ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი ფსევდოოპოზიციის ანტურაჟით. გადაწყვეტილების სიმძიმე ხელისუფლებაზეა, სწორედ მათ ჩაატარეს და გააყალბეს არჩევნები.

- ხელისუფლება არ მიიჩნევს, რომ პარლამენტი ერთპარტიულია ან ფსევდოოპოზიცია ჰყავს. ასევე არ სჯერა იმ არგუმენტების, რომელთაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბების მტკიცებულებად მიიჩნევს. ამასთან, გთავაზობთ მემორანდუმს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ამაზე უარის თქმა რისკის ქვეშ ხომ არ დააყენებს ოპოზიციას? - რა თქმა უნდა, "ოცნება" არც არჩევნების გაყალბებას აღიარებს და არც პოლიტიკურ კრიზისს, ისევე როგორც არ აღიარებს სოციალურ პრობლემებს, სიღარიბეს. თუ ხალხთან მართლები არიან და არჩევნები ნამდვილად არ გააყალბეს, სასამართლომ რატომ არ განიხილა ოპოზიციისა და არასამთავრობოების საჩივრები?!

არასამთავრობოებმა 250 უბნის გადათვლა მოითხოვეს, "ოცნებამ" კი მხოლოდ 6 უბანი გახსნა, ისიც, სადაც ნაკლებად ელოდნენ დარღვევას და უცებ დახურეს საქმე. 3 თვის განმავლობაში მხოლოდ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ არჩევნები არ გაუყალბებიათ, საქმით კი არაფერი დაუმტკიცებიათ.

- მაშინ რით არის განპირობებული საზოგადოების განწყობა, რომელიც NDI-ის ბოლო კვლევაში აისახა და რომლის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან "ოცნება" უფრო ახლოს არის, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტია? - ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეგ გამოკითხვა ტელეფონით ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვა კი სხვადასხვა ფაქტორების გამო ნაკლებად სანდოა. ამას ნებისმიერი სოციოლოგი დაადასტურებს. ამასთან, არ დაისვა შეკითხვა, გაყალბდა თუ არა არჩევნები. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ითანამშრომლონ. ვინ თქვა, რომ არ გვინდა თანამშრომლობა? პარლამენტში შესვლაც გსურს, მაგრამ ის არ გვინდა ხმები მოგვპარონ. რაც შეეხება მემორანდუმს, რომელიც "ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის გაფორმდა და როგორც თქვენ თქვით, დემოკრატიული პროცესების განვითარების შესაძლებლობას იძლევა, მასში ისეთი არაფერია, რაც მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე არ წარუდგენია ოპოზიციას. ეს საკითხები ორი თვის წინ ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე.

- საქმეც ის არის, რომ იდო, ახლა განხორციელების შესაძლებლობა ჩნდება. - თუ "ქართულ ოცნებას" ნამდვილად სურს იმ საარჩევნო რეფორმების გატარება და იმ პუნქტების პრაქტიკაში დანერგვა, რაც მემორანდუმშია ნახსენები, გააკეთონ, ამისთვის არ სჭირდებათ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა.

- ამასობაში კიდევ რომ შევიდნენ სხვა ოპოზიციონერები პარლამენტში და თქვენ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ? ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი არ აპირებს სადეპუტატო მანდატზე უარის თქმას. რადგან ეს თავად მათ არ დამიდასტურეს, ვინაობას არ გავასაჯაროებ... - გამორიცხულია. არავინ არ გამოეკიდება სადეპუტატო მანდატს. ოპოზიციურ ერთობაში რიგგარეშე არჩევნების გარეშე არაფერი განიხილება.

- რა ბერკეტი გრჩებათ იმისთვის, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე დაიყოლიოთ? - ჩვენი ბერკეტია ერთიანობა, პრინციპულობა, ბოიკოტი. საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, რომ ბოიკოტმა ნაყოფი გამოიღო და მმართველ ძალას ხმების მოპარვა არ შეარჩინა. მე და ბადრის შეგვეძლო შევსულიყავით პარლამენტში და ამით ძალიან ბევრი პირადი პრობლემა მოგვეგვარებინა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ის პრინციპი და მიზანი, რისთვისაც პოლიტიკაში მოვედით.

ხათუნა ბახტურიძე