"ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ნელ-ნელა ყველა შემოვა, სხვა გამოსავალი ქვეყანას არა აქვს" - კვირის პალიტრა

"ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ნელ-ნელა ყველა შემოვა, სხვა გამოსავალი ქვეყანას არა აქვს"

"არის გამორიცხული, რომ ისინი ციხეში შებრუნდნენ"

"მაინც ველით, რომ 2 თებერვლამდე რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტარი გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს პარლამენტში მუშაობა", - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა... ცნობისთვის, ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტი 2 თებერვალს უყრის კენჭს. დააკმაყოფილებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერთა განცხადებებს მანდატების გაუქმების შესახებ, კიდევ ვის ელიან პარლამენტში და როგორ წარმოუდგენიათ მოვლენების განვითარება, ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილი გვესაუბრება:

- მმართველი გუნდის აზრით, თუ პარლამენტარი უფლებამოსილების შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვს, მას მანდატი უნდა შეუწყდეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყველა ოპოზიციონერმა დაინახოს პარლამენტში საქმიანობის მნიშვნელობა. უკვე აღარ ვიცი, რომელი საერთაშორისო ინსტანციიდან უნდა მოუწოდონ ჩვენს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ. ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ნელ-ნელა ყველა შემოვა. სხვა გამოსავალი ქვეყანას არა აქვს.

- კონკრეტული პირების დასახელება თუ შეგიძლიათ? - ჩვენ არც აქამდე ვასახელებდით მათ, ვის შემოსვლასაც ველოდით. ვერც ახლა ვიტყვით, თუმცა გარწმუნებთ, რომ ოპოზიციაში აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, უბრალოდ, "ნაცმოძრაობის" რადიკალური ფრთის ტყვეობაში არიან. ვიმეორებ, რადიკალური ფრთის, რადგან იქაც არიან ისეთები, ვისაც პარლამენტში დარჩენა სურს.

- ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან, ამასთან, თქვენი მტკიცებით, სასამართლო დამოუკიდებელია და ილიჩოვა, მელაშვილი და რურუას გათავისუფლება პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება. ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება და "მოქალაქეების" პარლამენტში შემოსვლა უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს? შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეებმა" უკვე ისაუბრეს ამ პირების გათავისუფლებაში ოპოზიციისა და სახელდობრ თავიანთ როლზე. - ოპოზიციის წევრებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ. ჩვენ ვმიჯნავთ პოლიტიკურ პროცესს მართლმსაჯულებისგან, რომელიც დამოუკიდებელია. თავი დაანებონ სპეკულაციებს, მიხედონ იმ საქმეს, რაც სურდათ, მაგალითად, სურდათ დეპუტატობა და შემოვიდნენ პარლამენტში.

- უცნაური არ არის, რომ პროკურატურამ თავადვე მოითხოვა ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაო და არა პატიმრობა? - ამის მიზეზი პროკურატურამ ახსნა. მტკიცებულებები უკვე მოიპოვა და ამ პირთა პატიმრობაში ყოფნა აღარ სჭირდება. საქმე დასრულებული არ არის და სულაც არ არის გამორიცხული, ისინი ციხეში შებრუნდნენ. ხომ ნახეთ, მელაშვილმა საჯაროდ აღიარა ის დანაშაული, რაზეც პროკურატურა მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობდა.

- თქვენ როგორ გაიგეთ მელაშვილის ნათქვამი? - მელაშვილმა უვარგისად გამოაცხადა რუკა, რომელსაც საკითხის გადაწყვეტა მისი ქვეყნისთვის სასარგებლოდ შეეძლო და გამოიყენა საბუთი, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევდა. აქ უკვე არის დანაშაულის ნიშნები.

- ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დავით ხიდაშელმა მოიპოვა რუკა, რომელიც ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს. ახლა რა მოხდება, დავიბრუნებთ ჩვენს ისტორიულ კუთვნილებას? - ამის თქმა ამ ეტაპზე ძნელია. მათთან არ შეგვხვედრია ისეთი წინააღმდეგობა, როგორიც ჩვენი კომისიის წევრებისგან შეგვხვდა. იმედია, საერთო ენასაც გამოვნახავთ.

ხათუნა ბახტურიძე