"მელაშვილისა და ილიჩოვას თავისუფლებით არავის უვაჭრია..." - კვირის პალიტრა

"მელაშვილისა და ილიჩოვას თავისუფლებით არავის უვაჭრია..."

"თუ მოლაპარაკებას ახლა ჩემი კოლეგები, ანუ მანდატიანი ოპოზიციონერი ლიდერები გააგრძელებენ, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც მიაღწევენ"

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის არა უმეტეს 3-პროცენტიანი ბარიერი, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება, ელექტრონული აპარატის საშუალებით ხმის მიცემა და ბიულეტენების დათვლა, საარჩევნო უბნების ვიდეოკამერებით აღჭურვა და ყველა საარჩევნო პროცედურის ლაივსტრიმით გადაცემა, საარჩევნო ბიულეტენის ფოტო- და ვიდეოგადაღების კანონით აკრძალვა და ამ კანონის დამრღვევთა სისხლის სამართლის წესით დასჯა, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაფართოება - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც "ქართული ოცნებისა" და "მოქალაქეების" გაფორმებულ მემორანდუმში ჩაიწერა. უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ რის ფასად დაუჯდათ "მოქალაქეებს" პარლამენტში შესვლა, ლევან იოსელიანი გვესაუბრება:

- ყველაზე მთავარი, რასაც "ოცნებასთან" შეთანხმებით მივაღწიეთ, ის არის, რომ არჩევნების სამართლიანობის შესახებ აღარ დაისმება კითხვის ნიშნები. მემორანდუმში მოცემული პუნქტებიდან ერთადერთი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევაა. დანარჩენ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებაზე.

- რა იქნება, თუ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა? თქვენ თავის დროზე ამბობდით, რომ "ოცნებას" არ ენდობოდით და მასთან შეთანხმებას მხოლოდ ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით გააფორმებდით. - თუ ეს პუნქტები პირველი მარტისთვის არ იქნება ინიცირებული და შემდეგ მაისის განმავლობაში განხორციელებული, ჩვენ ვიტყვით, რომ შეთანხმება დაირღვა და სადეპუტატო მანდატებს დავტოვებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე სწორი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან. ნამდვილად დინების საწინააღმდეგოდ წავედით, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ ერთადერთ ხსნას ვხედავთ იმაში, რომ ინსტიტუციები გავაძლიეროთ და არჩევნების ობიექტურად ჩატარების პერსპექტივა გავაჩინოთ ქვეყანაში. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

- პოლიტპატიმრების თემა, რომელსაც თქვენ ყველაზე პრინციპულად მიიჩნევდით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საპროცესო გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებით ამოიწურა? - მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" მელაშვილს და ილიჩოვას პოლიტპატიმრებად არ აღიარებდა, მოლაპარაკების პროცესში ორი აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გათავისუფლდნენ. როცა დავინახეთ, რომ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, დამოუკიდებლად გადავწყვიტეთ პროცესის გაგრძელება და დღეს კიდევ ორი პოლიტპატიმარია თავისუფალი. თუ მოლაპარაკებას ახლა ჩემი კოლეგები, ანუ მანდატიანი ოპოზიციონერი ლიდერები გააგრძელებენ, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც მიაღწევენ.

- რას იტყვით ივერი მელაშვილის განცხადებაზე, რომ ის მზად არის საპატიმროში შებრუნდეს, თუ მისი თავისუფლება "მოქალაქეებისა" და "ოცნების" ვაჭრობის საგანი უნდა გახდეს? - მელაშვილისა და ილიჩოვას თავისუფლებით არავის უვაჭრია, ჩვენ მოლაპარაკება გავაგრძელეთ და შედეგად ისინი გაათავისუფლეს. ჩვენი პოლიტიკური პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. ბატონ ივერის შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ მე კავშირს ამ ორ რაღაცას შორის ვერ ვხედავ.

ხათუნა ბახტურიძე