"ძალიან შორს არის წასული მეტასტაზები იმ უბედურებისა, რასაც დავითგარეჯის ტერიტორიების დაკარგვა ჰქვია" - კვირის პალიტრა

"ძალიან შორს არის წასული მეტასტაზები იმ უბედურებისა, რასაც დავითგარეჯის ტერიტორიების დაკარგვა ჰქვია"

28 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, "კვირის პალიტრა" ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა, რომელიც დარწმუნებულია, რომ დანაშაული ნამდვილად ჩადენილია და ბრალდებულები დაკვეთის შემსრულებლები იყვნენ.

- დანაშაული რომ ნამდვილად ჩადენილია, ფაქტია, თუმცა რის ხარჯზე მოხდა ეს - ვინმემ ფული აიღო, იეშმაკა თუ არაპროფესიონალიზმით გამოიჩინა თავი, ვერ გეტყვით. მაგრამ რაც "ტვ პირველის" ეთერში მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია. სტუდიაში ჟღერდა პათოსი, როგორც მტკიცებულება, რომ გარეჯის ნაწილი საქართველო არ არის. ეს უგვანო საქციელია. თანაც სტუდიაში იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს, 1988 წელს სხვა სტუდენტებთან ერთად როგორ ხმალამოღებული იბრძოდა გარეჯის დასაცავად, ახლა კი ისიც და სხვებიც გასუსულები იყვნენ, ამას ისმენდნენ და ხმა არავის ამოუღია.

- მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლებაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავთ? - რაღაც გარიგება აშკარად შედგა, რის გამო დაიდო ეს გარიგება და როგორ, ამაზე მსჯელობას არ დავიწყებ, თუმცა კარგად ვიცი... ჟურნალისტებისა და საზოგადოების ნაწილმა წინადღეს უკვე იცოდნენ, რომ მეორე დღეს მათ ციხიდან გამოუშვებდნენ, ესეც ფაქტია. ზოგჯერ შეიძლება წამგებიანმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ მომგებიანი შედეგი მოიტანოს. თუ ამ პრინციპით იხელმძღვანელა მავანმა, მაშინ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე ამას მაინც ვერ მივიღებ...

- ერთი გოჯი მიწა არ დაგვითმიაო, ამბობს ივერი მელაშვილი. - თვალთმაქცობა და მაიმუნობაა ეს. ასეთ ადამიანებს, როცა იციან, რომ დილეტანტებთან აქვთ საქმე, ფაქტებითა და ციფრებით ისეთი მანიპულირება შეუძლიათ, საქმეში ჩაუხედავი მაყურებელი ვერ მიხვდება, რასთან აქვს საქმე.

- რას ელით, მთავარი დამკვეთი გამოჩნდება ამ საქმეში? - მელაშვილი და ილიჩოვა ამ საქმეში მთავარი ფიგურანტები არ არიან, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ესენი ვერ მიიღებდნენ. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური გადაწყვეტილება უფრო ზევით მიიღეს და ამის შემდეგ გამოჩნდნენ იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ტელეეთერში პოლიტიკური ფიგურა, დეპუტატის მანდატის მქონე, მტკიცებითი ფორმით რომ ამბობს, გარეჯი ჩვენი არ არისო - ბობოხიძეს ვგულისხმობ - ეს ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია... მაშინ თქვან, 2007 წლამდე რატომ არ ჰქონდა პრეტენზია აზერბაიჯანს და რატომ არ იდგა იქ? კომისიის სხვა წევრები - უკეთესი კარტოგრაფები და გეოგრაფები - განრისხებული რატომ ტოვებდნენ სისტემატურად კომისიას და რატომ არ მიდიოდა მელაშვილი?! სწორედ ძალიან მალე მას შემდეგ, რაც შუალედური დასკვნა დაიწერა, გაჩნდნენ იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. რატომ არ მოაწერა მაშინდელმა კომისიის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხელი იმ დოკუმენტს, რასაც ხელი მოაწერა ივერი მელაშვილმა?! ის თავმჯდომარე მაშინ სამსახურიდანაც წავიდა და კომისიიდანაც, მაგრამ ხელი არ მოუწერია.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ბევრი, ვინც იმ დღეს "ტვ პირველის" სტუდიაში იჯდა, საკუთარ თავს იცავდა და ფეხებზე ეკიდა საქართველოც და დავითგარეჯაც.

მე არ ვიცი, პროკურატურამ საბოლოოდ რა გააკეთა. ამ საქმეზე მეც გამომკითხეს. შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის ახლა საჭირო იყო მელაშვილისა და ილიჩოვას გამოშვება, შეიძლება ამათ ითანამშრომლეს პროკურატურასთან - ეს არ ვიცით.

- მელაშვილი ამას უარყოფს... - ის რას უარყოფს, არ ვიცი... მაშინ პროკურორი ტყუის, როცა ამბობს, მელაშვილმა აღიარა დანაშაულიო. ბინძური პოლიტიკური თამაში სწორედ ამას ჰქვია. ამ ვითარებამ საზოგადოება უფრო გახლიჩა და ერთმანეთს დაუპირისპირა. დღეს ნაღმზე ვსხედვართ, ამბის ბოლო კი ისევ არ ჩანს...

ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ახლა საქართველოს წინააღმდეგ ომი რომ დაიწყოს, მრჩება შთაბეჭდილება, ამ ხალხის ნაწილი მტრის მხარეს გადავა. არ ვიცი, რა ვთქვა...

წინა კვირას ვნახეთ ჩანაწერები, თუმცა მათ გავრცელებამდეც ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო. ეს ადამიანები მოქმედებდნენ ვიღაცის დავალებით... 90-იან წლებში ხომ გადაწყდა, რომ კონკრეტული რუკის მიხედვით ემოქმედათ?! გავიდა დრო და ქართული მხარე სულ სხვა რუკებით ამოქმედდა. თუ ის რუკა არ ვარგოდა, მაშინ 90-იან წლებში რატომ მოაწერეს მას ხელი, ესენი ხომ მაშინაც მუშაობდნენ?! ილიჩოვასა და მელაშვილის დონეზე ეს ამბავი არ გადაწყდებოდა. ეს იყო, სულ მცირე, მინისტრის პრეროგატივა, თუ უფრო მაღალი დონისკენ არ გავიშვერთ ხელს - გნებავთ პრეზიდენტის და გნებავთ უშიშროების საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელობისკენ...

დავუშვათ, მელაშვილმა და ილიჩოვამ მოატყუეს მინისტრი და მერე იმან - ქვეყნის ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელობა ხომ ხედავდა, გარეჯის მონაკვეთი იკარგებოდა, იდიოტები ხომ არ იყვნენ?! აზერბაიჯანელი მესაზღვრეები რომ დაინახეს იქ, ხომ უნდა ეკითხათ, ეს რატომ მოხდაო?! კი იყო ბეჟუაშვილი დაბარებული გამოკითხვაზე, მაგრამ ჩვენ არ ვიცით გამოკითხვის შედეგები...

მელაშვილთან პირადად მქონია ურთიერთობა და ყოველთვის განსაკუთრებული ამბიციურობის დემონსტრირებას ახდენდა. ცდილობდა, მოსაუბრე ჩაეყენებინა უხერხულ მდგომარეობაში, ვითომ ჩვენ ვართ მაღალი კომპეტენციის და თქვენ ვინ ხართო. თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება სჩვევია. რასაკვირველია, მან მეტი იცის, თუმცა ეს მაინც ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაა.

- მინიმუმ მინისტრისა და მაქსიმუმ პრეზიდენტის პასუხისმგებლობას ხედავთ? - მარტო სააკაშვილს არ ეხება საქმე, მე მაინც მგონია, რომ ეს არის ჯაჭვი. ხომ გახსოვთ, მაშინ მკაცრი ვერტიკალი იყო. უშიშროების საბჭოს თავისი როლი ჰქონდა და, რასაკვირველია, მინისტრსაც... ძალიან შორს არის წასული მეტასტაზები იმ უბედურებისა, რასაც დავითგარეჯის ტერიტორიების დაკარგვა ჰქვია... კომისიაში იყო მინისტრის ერთი მოადგილე, სარჯველაძე, რომელმაც ხელი არ მოაწერა 2006 წლის დოკუმენტს და საერთოდ წავიდა სისტემიდან, ივერი მელაშვილმა კი მოაწერა! ილიჩოვასთან დაკავშირებით კიდევ გასარკვევია რაღაცები, რადგან ძალიან დაბალი საფეხური იყო და ამხელა ამოცანებს ვერ გადაწყვეტდა. მელაშვილს კი ამის გაკეთება შეეძლო, ოღონდ - შესაბამისი დავალებით. ვიღაც ე.წ. კრიშა უნდა ჰყოლოდა, სხვანაირად ვერაფერს გააკეთებდა. ველოდები მაღალი თანამდებობის პირების გამოვლენას და დასჯას!

იხილეთ ასევე: რატომ არ იყენებდა მელაშვილი მოლაპარაკებისას 1938 წლის რუკას და რატომ ადარებს მას ყალბ 100-ლარიანს - ვისთან ათანხმებდნენ გადაწყვეტილებებს კარტოგრაფები?!