"ბაიდენის გუნდის განცხადებებიდან ჩანს, რომ ეძებენ ფორმულას, რომლითაც უკრაინასა და საქართველოს უფრო მეტად დაიცავენ" - კვირის პალიტრა

"ბაიდენის გუნდის განცხადებებიდან ჩანს, რომ ეძებენ ფორმულას, რომლითაც უკრაინასა და საქართველოს უფრო მეტად დაიცავენ"

"სტრასბურგის გადაწყვეტილება გვაძლევს შანსს რუსეთი ვაიძულოთ რაღაც გააკეთოს, ოღონდ ამას დიდი პოლიტიკური ზეწოლა სჭირდება"

მსოფლიოში მოვლენები ძალზე სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს: ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს; საქართველომ სტრასბურგში სასამართლო დავა მოუგო რუსეთს, სადაც ახლა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავების გამო პოლიტიკურმა ტემპერატურამ იმატა. რამდენად ხელსაყრელი ან პირიქით, სახიფათოა ჩვენთვის ეს პროცესები, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გვესაუბრა.

- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კიდევ ერთი წელია. ამ ხნის განმავლობაში მხარეებმა თავიანთი პოზიციები უნდა წარმოადგინონ.

ვფიქრობ, საქართველომ უნდა დაითვალოს ზარალი, რომელიც რუსეთმა მიაყენა და კომპენსაციის მოთხოვნა წამოაყენოს. თუმცა რუსეთი საერთაშორისო სამართალს, ფაქტობრივად, აღარ ცნობს და გადაწყვეტილებებსაც არ აღასრულებს. ასეთ შემთხვევაში ევროსაბჭოს სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს ანგარიშების დაყადაღება. ასე მოხდა 2006 წლის მოვლენების გამოც, როცა ქართველები გამოაძევეს. რუსეთს მაშინაც კომპენსაცია დააკისრეს, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ მიღებისთვის სათანადოდ არ იაქტიურა.

ამიტომ რადგან ასეთი ცუდი მაგალითი გვაქვს, ახლანდელმა ხელისუფლებამ ყველა მექანიზმი და რესურსი უნდა გამოიყენოს, რათა რუსეთს მაქსიმალური ზარალი მიაყენოს, თუნდაც ანგარიშები დაუყადაღოს. ვგულისხმობ, საერთაშორისო ბანკებში რუსი მაღალჩინოსნების ანგარიშების დაყადაღებას ან მოითხოვოს ევროსაბჭოში ხმის მიცემის შეჩერება, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის საკითხზე მოხდა. რუსეთს რამდენიმე წელს შეჩერებული ჰქონდა ხმა. არა მგონია, ამჯერად შეუჩერონ ხმის მიცემის უფლება სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, მაგრამ შეიძლება მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენება საერთაშორისო ორგანიზაციებში ამ საკითხის მუდმივად დღის წესრიგში არსებობისთვის. ეს გადაწყვეტილება გვაძლევს შანსს რუსეთი ვაიძულოთ რაღაც გააკეთოს, ოღონდ ამას დიდი პოლიტიკური ზეწოლა სჭირდება, თუნდაც ფიზიკური, ოღონდ არა სამხედრო, სხვა სახით, რბილი ძალის გამოყენებით.

- ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციის მიხედვით, ამერიკა არ აპირებს კრემლთან ენის მოჩლექას. - დიახ, ჩანს, რომ ბაიდენი რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობას აპირებს - თვალს არაფერზე დახუჭავს. უკვე წარუდგინა თავისი პრეტენზიები იმ საკითხებზე, რის გამოც ამერიკაში უკმაყოფილო არიან. ამავე დროს თქვა, რომ იქ, სადაც ორივე სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება, შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, რომ ორივე ქვეყანამ ბირთვული იარაღის კონტროლზე უნდა ითანამშრომლოს. ბაიდენის აზრით, ორივე ქვეყანამ უნდა იმოქმედოს ორმხრივი ინტერესით...

ეს პროექტები სჭირდება ამერიკას, რათა განსაზღვროს, რაში დახარჯოს ფინანსები, რომ სამხედრო ხარჯები პროგნოზირებადი იყოს. თუმცა ისიც ცხადი შეიქნა, რომ ის არ გაცვლის ამ პროექტებს ნავალნის გათავისუფლების საქმეზე, არც ყირიმის ანექსიაზე... ამ სიტუაციას ჯერჯერობით "ცივ ომს" ვერ დავარქმევთ, თუმცა ფაქტია, რომ ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება არ განელდება, სანამ ის საკითხები არ გადაიჭრება, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ასე რომ, ბაიდენმა პრაგმატული და გონივრული პოლიტიკის მაღალი კლასი აჩვენა.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკას ახლა თავისი პრობლემები აქვს: კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ძალზე მაღალია, რამაც ძლიერად დაარტყა ეკონომიკას; ამ დროს კი ჩინეთი ეჯიბრება, ცდილობს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ამერიკას, თან არა მარტო ეკონომიკური, არამედ სამხედროც. ამ ქვეყანას სურს პირველი აქტორი გახდეს, მსოფლიოს თავისი კანონები მოახვიოს. მაგრამ ამერიკა საერთაშორისო არენაზე კვლავ ლიდერად, ღირსეულად დაბრუნებას გეგმავს, ეს კი ნიშნავს, რომ თავისი ფასეულობების, დემოკრატიისა და მშვიდობის მხარდაჭერასაც გააგრძელებს, ისევ დაიცავს იმ ქვეყნებს, რომელთაც მესამე ქვეყნისგან აგრესია ემუქრება.

ეს ამერიკისთვის დიდი ტვირთია, მაგრამ ეს ნამდვილად სჭირდება ახლანდელ მსოფლიოს. ქვეყანამ, ფაქტობრივად, გადალახა პოლიტიკური კრიზისი, თუმცა მიმდინარეობს ხარისხობრივი ცვლილებები. ადრე თუნდაც იერარქიულობა სხვაგვარად იყო აწყობილი - იყვნენ წრეები, რომლებიც მეტი პრივილეგიით სარგებლობდნენ, მაგრამ გადაჯგუფება მოხდა უფრო თანასწორუფლებიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის და ეს იოლი არ არის. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ამერიკას რუსეთთან სხვადასხვა საკითხის განხილვა სჭირდება.

- ეს კომპრომისების ხარჯზე მოხდება?

- არავითარ შემთხვევაში. თუ ოფიციალური ვაშინგტონი დათმობაზე წავიდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის მისი მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიული პრობლემები და მათი ხელშეუხებლობა, მსოფლიოს ლიდერი ვერ იქნება. საქართველოს საკითხზე თავად ამერიკაში მომუშავე ექსპერტებიც ამბობდნენ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკაზე სრულად გადმორთვა მარტივი არ იქნება.

ამერიკა ხვალვე ვერ გამოგზავნის სახელმწიფო მოხელეებს, დელეგაციებს და დაიწყება მოლაპარაკება საქართველოს ნატოში შეყვანაზე. დაახლოებით ერთი წელი ის შიდა პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული - ეს ეხება "კოვიდის" დამარცხებას, ეკონომიკის აღორძინებას და სოციალურ საკითხებს. თუმცა, იმავდროულად, გააქტიურდება საერთაშორისო მიმართულებით, შეეცდება ალიანსში განაახლოს და გააძლიეროს თავისი პოზიციები. ამას ევროპით დაიწყებს და ვფიქრობ, პარტნიორობის გაძლიერება პრიოტიტეტული იქნება. ბაიდენმა თქვა კიდეც, რომ ამერიკა კი არ შეეცდება თავისი ძალის მაგალითით იმოქმედოს მსოფლიოში, პირიქით, მაგალითის ძალით იმოქმედოს, რაც ნიშნავს, რომ თუ აქამდე ძალისმიერი აქტორი იყო, ახლა ის პირველ რიგში პარტნიორობასა და თანამშრომლობას აყენებს. ევროპასთან თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს თემაც "მიეკვრება" - ამერიკა გაააქტიურებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, რაც ევროპის უსაფრთხოებასაც ნიშნავს და ეს ჩვენი გვერდის ავლით წარმოუდგენელია.

ბაიდენის გუნდის განცხადებებიდან აშკარად ჩანს, რომ ეძებენ ფორმულას, რომლითაც უკრაინასა და საქართველოს უფრო მეტად დაიცავენ. ეს იქნება ახალი ფორმატი, რომლითაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან უფრო მეტად დაცული იქნება. შესაძლებელია საქართველომ და უკრაინამ ნატოსთან გააფორმონ სპეციალური შეთანხმება ან მემორანდუმი, რომლითაც ალიანსი პასუხისმგებლობას აიღებს ამ ქვეყნების იარაღით მომარაგებაზე ან მათი შეიარაღებული ძალების უფრო გაძლიერებაზე. ომის შემთხვევაში ამ ქვეყნებზე განსაზღვრულ პასუხისმგებლობასაც აიღებს. შესაძლოა ეს არ იყოს მეხუთე მუხლის ამოქმედება, მაგრამ იყოს თუნდაც ფინანსური, ეკონომიკური ან პოლიტიკური მხარდაჭერის პასუხისმგებლობა. რაც ახლა რეგიონში ხდება, რუსეთის ქმედებებს ვგულისხმობ, შესაძლოა ამ პროექტების ამოქმედება სწრაფად დაიწყოს. შესაძლებელია ლაპარაკი უკვე დაწყებულია, ქმედება კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაცხადებული იქნება რუსეთის აგრესიული ნაბიჯები, დაემუქრება თუ არა ის სამხრეთ კავკასიის დერეფანს, შეარყევს თუ არა შავი ზღვის უსაფრთხოებას. გამორიცხული არ არის ევროპამაც იაქტიუროს, რადგან რუსეთი აშკარად აპირებს რეგიონიდან ამერიკის განდევნას და ცდილობს ამაში მომხრედ თურქეთი და ირანი ჰყავდეს - მათი მეშვეობით აიძულოს რეგიონის სამი ქვეყანა, უპირველესად საქართველო, შემდეგ კი აზერბაიჯანი და სომხეთი, თანდათან უარი თქვან დასავლეთთან კონსულტაციებზე, მათთან ახლო ურთიერთობაზე და მეტად დაემორჩილონ სამხრეთ კავკასიაში შემოსულ ახალ აქტორებს. ასე რომ, უკვე დროა, აშშ-მა და ევროპამ შეთანხმებულად იმოქმედონ.

- რუსეთში ახლა რთული ვითარებაა, ეს მის საგარეო პოლიტიკაზე აისახება?

- ნამდვილად არ არის კარგ მდგომარეობაში. ყარაბაღის ომი მისთვის ხელსაყრელი იყო. თუმცა მორალური მარცხი განიცადა - თუ სომხეთი აქამდე მისი უპირობო საიმედო დასაყრდენი იყო რეგიონში, ამ ომში ძალიან დაიჩაგრა, ამ დროს კი თურქეთმა აჩვენა, რომ აზერბაიჯანისთვის სტაბილურად სანდო მოკავშირეა. მაგალითად, ყარაბაღის ომში თურქული დრონები გამოიყენეს, უამრავი თურქი სამხედრო მრჩეველი აზერბაიჯანელებთან ერთად გეგმავდა სამხედრო ოპერაციებს. მეორე მხრივ, რუსეთმა აზერბაიჯანშიც ჩააყენა კონტინგენტი, რითაც სომხეთთან ერთად მასაც აკონტროლებს. თუმცა ეს იყო რუსეთის ბოლო მიღწევა, რადგან ქვეყანაში დაწყებულ შიდაპოლიტიკურ რყევებს აუცილებლად მოჰყვება პუტინის რეიტინგის დაცემა, რასაც მოჰყვება ქვეყნის დეკადანსი, მხოლოდ პოლიტიკური კი არა, სამხედროც, მისი ერთიანობა შეირყევა. ეს შეძლო ნავალნის გუნდმა. თუმცა პუტინის მმართველობის შეცვლა იოლი არ იქნება.

ის, რომ ნავალნი არ არის შექმნილი ოპოზიცია, ორი ფაქტი ადასტურებს - ის მოწამლეს და დამტკიცდა, რომ ეს ეფ-ეს-ბემ გააკეთა პუტინის დავალებით. ფილმი, რომელიც ნავალნიმ გადაიღო და რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ტელეარხმა აჩვენა, უდიდესი დარტყმაა პუტინისთვის, რადგან დეტალურად არის აღწერილი, რისი გამკეთებელია. ჩანს, პუტინის საცეცებს გამოეპარა ნავალნი როგორც პერსონა, მას არ ანიჭებდნენ იმხელა მნიშვნელობას, რადგან პოლიტიკოსი არ იყო.

ბორის ნემცოვის უფრო ეშინოდათ, ის ელცინის დროინდელი კადრი იყო, ძლიერი კავშირები ჰქონდა და მოიშორეს კიდეც. ნავალნი უფრო ლოკალური, კორუფციასთან მებრძოლი და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული აქტივისტი იყო, რომელსაც თავისი "ჭერი" აქვს და იმის იქით ვერ წავა, თან საერთაშორისო ურთიერთობებშიც ვერ ერკვეოდა.

- ქართველ საზოგადოებას ახსოვს ნავალნის ანტიქართული განცხადებები, თუნდაც 2008 წლის ომის შესახებ...

- დიახ, აგვისტოს ომში მან საქართველო დაადანაშაულა, მაგრამ თავისი განცხადებების ნაწილზე ბოდიში მოიხადა და ვფიქრობ, დანარჩენზეც მოუწევს დაფიქრება, რადგან პუტინის იმპერიალიზმი სხვაგვარად ვერ დამარცხდება. ფაქტია, ნავალნი უკვე პუტინისთვის საბედისწერო პერსონად იქცა. ეს რიჩარდ მესამის სიტუაციას ჰგავს - მასაც ეგონა, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა, რომელსაც ვერაფერი შეარყევდა. ახლა უკვე რუსეთზე ვერც საერთაშორისო საზოგადოებრიობა დახუჭავს თვალს, აქტივისტის მოწამვლის პრეცედენტი დადგა. ნავალნის თითქოს განგებამაც შეუწყო ხელი, რომ ეფ-ეს-ბეს თანამშრომელთან ჩანაწერის გაკეთება მოახერხა. ეს რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა რაღაც გამართლება ეპოვათ როგორც სკრიპალების ან ლიტვინენკოს საქმეებში. მაშინ დააკავეს ვიღაცები, მაგრამ აღიარებითი ჩვენება არავისგან მიუღიათ. ახლა კი სოცქსელებში მუდმივად ტრიალებს ნავალნის მოწამვლისა და მკვლელობის დაგეგმვა. ნავალნის ფილმზე გერმანიის საგარეო საქმეთა უწყების თანამშრომელმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას კურატორობს, პირდაპირ განაცხადა, კრემლმა უნდა აგვიხსნას, ვის ეკუთვნის ეს სასახლეო. ალბათ, უკვე ეძებენ ვიღაცას, ვინც დაიბრალებს, რომ მისია. ახლა რუსეთში შეეცდებიან პუტინი-ნავალნის დრამა განმუხტონ. ასეთ ვითარებაში ეს სჩვევიათ, ყურადღების გადასატანად ვიღაცასთან პატარა ომის წამოწყება, ეს ვიღაც კი შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს, რადგან უკრაინაში ძალიან დიდი დანახარჯი აქვთ და ახალი ომის წამოწყება არ უღირთ. ეს ჩვენთვის სარისკოა და გვჭირდება მკაფიო მხარდაჭერა, რომ რუსეთმა მსგავსი რამ აღარ გაბედოს. ეს დასავლეთის პრესტიჟის საქმეც არის.