"მინდა ბიძინა ივანიშვილს მივულოცო, შეუძლია იამაყოს, რომ დატოვა წულუკიანი, რომლის წყალობითაც სეირები არ მოაკლდება" - კვირის პალიტრა

"მინდა ბიძინა ივანიშვილს მივულოცო, შეუძლია იამაყოს, რომ დატოვა წულუკიანი, რომლის წყალობითაც სეირები არ მოაკლდება"

"ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობს კრიზისი პარლამენტში განვითარდეს, ვიდრე მივიღოთ დაპირისპირება ქუჩასა და სტერილურ ხელისუფლებას შორის, თუმცა ოპოზიციაში ასე არ ფიქრობენ"

გასულ კვირას პარლამენტმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა დეპუტატობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა 51-ჯერ ჩატარდა და ყველა ჯერზე კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის "ქართული ოცნებიდან" მხარი არავის დაუჭერია. უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიიღეს რამდენიმე მოსაზრებაზე დაფუძნებული პრაგმატული გადაწყვეტილება და ოპოზიციასთან შეთანხმების იმედი აქვთ. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილის შეფასებით კი "ქართული ოცნება" კანონის დარღვევით ცდილობს დრო მაქსიმალურად გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს. რამდენად მოსალოდნელია ამ საკითხის გადავადებით მართლაც მოხერხდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება, მით უფრო, როცა ოპოზიციურ ერთობაში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ თუნდაც ვადამდელი არჩევნების საკითხზე, მაგალითად, "ლელო" გამოვიდა ინიციატივით, რომ ვადამდელი არჩევნები 2022 წელს დაინიშნოს, მანამდე კი მოხდეს საარჩევნო სისტემის სრული რეფორმა. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- ყალბი და არაბუნებრივი პროცესის მომსწრენი ვართ - ორივე მხარე თამაშობს ვითომ კონსტრუქციულობას, ამასთანავე, მათგან იმ ტიპის წითელი ხაზების დეკლარირება ხდება, რაც ამას სრულიად გამორიცხავს. მაგალითად, კობახიძეს შეუძლია ერთ წინადადებაში მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებლობაც ახსენოს და ამასთან, შეურაცხყოს კიდეც ის, ვისთანაც ვითომ მოლაპარაკებას აპირებს. რაც შეეხება ოპოზიციას, გეთანხმებით, ის არ არის ერთგვაროვანი, არის განსხვავებული მოსაზრებები, თუნდაც შეთანხმების პირობების თაობაზე, ანუ პარტიები ე.წ. წითელ ხაზებს სხვადასხვაგვარად ავლებენ, თუმცა ამ ხელისუფლების ამპარტავნობისა და იმის გამო, რომ ოპოზიციას ერთადერთი აქტივი აქვს ხელში - ერთიანობა, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიციური ერთობის შენარჩუნება ჯერჯერობით ხერხდება.

ვფიქრობ, "ქართული ოცნება" მოახერხებს და პარლამენტში 100-კაციან კვოტას შეავსებს. აშკარაა, რომ "გირჩის" ერთი ნაწილი პარლამენტში შესვლას გეგმავს. ამის შემდეგ შეიძლება ხელისუფლებამ მიიჩნიოს, რომ პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და დაკმაყოფილდეს. ეს სცენარი მიმაჩნია ყველაზე რეალისტურად. სამწუხაროდ, საშუალოვადიან პერიოდში, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ამ ყველაფერმა ქვეყანა შეიძლება მაღალი რისკის ზონაში შეიყვანოს. ეს 100-კაციანი კვოტაც ძალიან დაბალი ლეგიტიმაციის იქნება და აგიხსნით რატომ.

საქმე ის არის, რომ ეს რაოდენობა ოპოზიციის ამომრჩევლის ნებას არ ითვალისწინებს. მაგალითად, ვიღაცამ აირჩია "პატრიოტთა ალიანსი" და პარლამენტში მიიღო რაღაც გაუგებარი პოსტ ფაქტუმ შექმნილი პარტია, "გირჩის" ლეგიტიმაციაც, თუ მისი წევრები შევლენ პარლამენტში, საეჭვო იქნება, რადგან ეს პარტია არჩევნების შემდეგ გაიყო. ერთადერთი ძალა, რომელიც შევიდა თავისი ხმებით, ელისაშვილის "მოქალაქეებია". მართალია, მხოლოდ ელისაშვილით ოპოზიციური ფასადი შექმნა, ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას, მით უფრო იმ ფონზე, რომ ძალიან ბევრი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს, რამაც შეიძლება გააჩინოს სისტემური გადაწყვეტილებების მიღების სასიცოცხლო აუცილებლობა, რასაც პარლამენტის იმგვარი კვორუმი დასჭირდება, რომელიც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში პროცესი შეიძლება ჩიხში შევიდეს. ასეთი რთული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა გვაქვს.

პარტიებსა და პოლიტიკოსებს სულ რომ თავი დავანებოთ, შეიძლება ამ რყევების გამო სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად დავაზიანოთ. ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობს კრიზისი პარლამენტში განვითარდეს, ვიდრე მივიღოთ დაპირისპირება ქუჩასა და სტერილურ ხელისუფლებას შორის, თუმცა ოპოზიციაში ასე არ ფიქრობენ.

- ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციის 20-მდე წევრს პარლამენტში შესვლა სურდ, მაგრამ შანტაჟისა და ზეწოლის გამო ვერ ბედავენო. რამდენად ელით ამ თვალსაზრისით ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს? - მეტ-ნაკლებად მაქვს ურთიერთობა ამ ადამიანებთან და ვადასტურებ, რომ არაერთი მართლაც ფიქრობს პარლამენტში შესვლაზე. ვისურვებდი, რომ ასეც მოხდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთიანობა ოპოზიციის სერიოზული აქტივია, ჩვენ მაინც საქმე გვაქვს დამოუკიდებელ პარტიებთან, რომლებსაც თავიანთი მიზნები აქვთ. მათ აქვთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ისევ როგორც რიგით დეპუტატებს. ვიმეორებ, მე ამას მივესალმები, თუმცა ამ პარტიებსაც სჭირდებათ რეალისტური პირობები და არა ის ფარატინა მემორანდუმი, რაც საბაბი უფრო გახდა ელისაშვილის შესვლისთვის, ვიდრე მიზეზი.

ოპოზიციაც სახელისუფლებო ინსტიტუტია. მისი ფუნქცია გამოიხატება მმართველი ძალის გაკონტროლებასა და მის დაბალანსებაში. ის უნდა აზღვევდეს ხელისუფლებას კორუფციისგან, ძალაუფლების უზურპაციისგან, აკონტროლებდეს ძალოვან სისტემას, მართლმსაჯულებას და ა.შ., "ქართულმა ოცნებამ" კი ისე წარმოაჩინა, რომ ოპოზიცია მას მხოლოდ ფასადისთვის სჭირდება.

რა შეიძლებოდა გამხადრიყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების საფუძველი, თავი რომ დავანებოთ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნები მაინც გახდება საჭირო, იმიტომ, რომ კრიზისი არ არის გადალახული, თან ხელისუფლებას დაბალი ლეგიტიმაცია აქვს. შესაბამისად, ადვილი შესაძლებელია პარლამენტში ისე განვითარდეს პროცესები, რომ მისი პარალიზება მოხდეს.

დავუბრუნდეთ ფართო შეთანხმების საკითხებს. ეს შეიძლება ყოფილიყო ოპოზიციის ინსტიტუციური როლის ერთგვარი ფიქსაცია არა მარტო საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზების გაჩენით. მაგალითად, კარგი იქნებოდა კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოსთვის ხელშემწყობ მექანიზმებზე შეთანხმება, რის შედეგადაც წინასაარჩევნოდ რიგები კი არ დადგება სახელისუფლებო სალაროსთან, არამედ რესურსები გადანაწილდებოდა. ამის გამოცდილება არსებობს მსოფლიოში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ძალაუფლების უზურპაციისგან დაცვის მექანიზმების შექმნა. ამის მაკონტროლებელი ინსტიტუტები ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამ ინსტიტუტების გაკონტროლება უნდა იყოს ოპოზიციის ხელში. მაგალითად, ხშირად ვლაპარაკობთ კორუფციასა და არასწორ სახელმწიფო ხარჯებზე. ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური იქნება, თუ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი. ამაზე კიდევ უკეთესი იქნებოდა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომლის ხელმძღვანელიც ოპოზიციონერი იქნებოდა. ქვეყანას ასე დავაზღვევდით პოლიტიკური კორუფციისგან.

ასევე ხშირად ლაპარაკობენ მოსმენებსა და პირადი ინფორმაციის დაცვის პრობლემებზე. აქედან გამომდინარე, რატომ არ შეიძლება პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს? მიმაჩნია, რომ საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის საბჭოებში უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენლობა.

მოკლედ, ოპოზიციას კონტროლის რეალური მექანიზმები უნდა მივცეთ, რათა ქვეყანა რისკებისგან დავაზღვიოთ. ჩემი აზრით, ასეთი ფართო შეთანხმებისკენ სვლა შედეგს აუცილებლად მოიტანდა.

- ეს საკითხები, როგორც შეთანხმების პირობები, პირველად ახლა თქვენგან მოვისმინე. ოპოზიცია ამაზე არ ლაპარაკობს, შეიძლება ითქვას, უმთავრესი პირობა, რის იქითაც არ იყურებიან, ვადამდელი არჩევნებია. - გეთანხმებით და აგერ თქვენი გაზეთის საშუალებით ვაწვდი იდეებს. ჩვენ ხომ მთლიანად პოლიტიკური ელიტის პრობლემა გვაქვს. ჩვენი პოლიტიკოსები, ძირითადად, 2 პრინციპით ხელმძღვანელობენ. პირველი - სურთ ან ყველაფერი მიიღონ, ან არაფერი; მეორე - იმას კი არ ცდილობენ ნაბიჯ-ნაბიჯ იარონ და ასე მიაღწიონ რამეს, არა, ყველაფერი დღეს და ახლავე სურთ. რაც მთავარია, ამას ფონს უქმნის ისიც, რომ პოლიტიკური ელიტა არ ავლებს წითელ ხაზს ისე, რაც დამახასიათებელია ცივილიზებული სამყაროსთვის, ანუ მათთვის პოლიტიკური ინტერესი არ მთავრდება იქ, სადაც სახელმწიფოებრივი იწყება. ეს მანკიერი ელემენტები წარმოშობს მანკიერ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც, სამწუხაროდ, მთელი უახლესი ისტორიაა ვცხოვრობთ. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ მანკიერი პროცესის მონაწილენი არიან. მათი პოლიტიკური მატრიცა ამაში იხარშება, აქედან ვერ გამოდიან.

- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა. ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მყისიერად გამოეხმაურნენ, რაც ჩვენი დიპლომატიური არხების დამსახურებაც არის, თუმცა მაინცდამაინც აქტიური არ არის ჩვენი საზოგადოება, რატომ? - სამწუხაროდ, შიმშილისა და სიკვდილის შიშის განცდა ქვეყანაში ძალიან გაიზარდა, შესაბამისად, ადამიანთა უმრავლესობა დაკავებულია ყოველდღიური პრობლემებით და სხვისი ტკივილი, თანაზიარობა, მათ შორის ოკუპაცია, მეათეხარისხოვანი გახდა. ამაში წილი უძევს ხელისუფლებასაც, რომელსაც რუსეთთან ტონი საგრძნობლად შერბილებული აქვს. შიგა ამბებით არიან დაკავებული და არ სურთ ზედმეტი პრობლემების გაჩენა. ჩვენი ხელისუფლება შიგა პოლიტიკაშია ჩაკეტილი, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების პრიზმაში უყურებს ყველაფერს. არ დავაბრალებ, რომ პრორუსულია, მაგრამ მართვის სისტემებითა და ტექნოლოგიებით უფრო რუსულისკენ გადავიხარეთ, ვიდრე ევროპისთვის დამახასიათებელი სისტემებისკენ. სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებაც დასუსტებულია. ნახეთ, ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკური პროცესია და პრაქტიკულად არ ისმის სამოქალაქო საზოგადოების ხმა. რა უნდა გავაკეთოთ და, უნდა გავიღვიძოთ და ვიფიქროთ სახელმწიფოზე და მერე საკუთარ ინტერესებზე. იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო ზეწოლა შედეგიანი იქნება და გახელაძე მალე დაუბრუნდება ოჯახს.

- რეზონანსული გამოდგა პარლამენტის სხდომაზე იუსტიციის ექსმინისტრის და ამჟამინდელი დეპუტატის თეა წულუკიანის გამოსვლა, როცა მან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა. საინტერესო ამბები მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ეს უარყოფითად შეაფასა. ამის შემდეგ ჰარცელი წულუკიანმა პარლამენტში დაიბარა, შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, ეს ჰარცელის პირადი მოსაზრება იყოო, რასაც, თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადებით უპასუხა, რომელშიც ნათქვამია, ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს", არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც, წესით, თქვენი ქვეყანაც მიისწრაფვისო. - წულუკიანი, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი სახეა, რაც გამოიხატება ამპარტავნებაში, შეუვალობასა და არცთუ სახელმწიფოებრივ აზროვნებაში. ჰგონიათ, რასაც აკეთებენ, ის არის კანონი და ჭეშმარიტება. შესაბამისად, წულუკიანი მართლაც ფიქრობს, რომ ჰქონდა უფლება კონკრეტული პირის (არა აქვს მნიშვნელობა, ვისი) უფლება დაერღვია და რაც მთავარია, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეექმნა საფრთხე. ეს ხომ დაგეშილი მოქალაქეების წახალისება იყო აგრესიული თავდასხმებისკენ? წულუკიანის ამპარტავნება გამოჩნდა იმაშიც, რომ ჯერ ელჩი დაიბარა, შემედეგ ამტკიცა, ეს მისი პირადი განცხადება იყოო. ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ საოცარი გუნდი დატოვა ხელისუფლებაში. მინდა მივულოცო, შეუძლია იამაყოს, რომ დატოვა წულუკიანი, რომლის წყალობითაც სეირები არ მოაკლდება.

- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხებზეც ისაუბრეს. ამასთანავე, გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, დამთავრდა დრო, როცა ამერიკა არ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის აგრესიასო. მან ასევე ახსენა აშშ-ის მოკავშირეების ინტერესების დაცვის მნიშვნელობაც. როგორ ფიქრობთ, ამ განცხადებების გაგრძელებად რა ინიციატივები შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს ჩვენს რეგიონსა და კონკრეტულად საქართველოში? - თქვენ ახლა ახსენეთ პრობლემა, რაც ბევრად დიდია, ვიდრე ყველა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ აქამდე ვილაპარაკეთ. ჩვენი რეგიონი დიდი გამოწვევების პირისპირ იმყოფება, გააქტიურებული არიან რეგიონული ქვეყნები და ეს მხოლოდ რუსეთს არ შეეხება. მათ აქვთ ამბიცია, რომ დააწესონ გარკვეული ტიპის კონტროლი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებზე. სამწუხაროდ, მათი მმართველობის ტიპიდან გამომდინარე, საკმაოდ მობილურები არიან, განსხვავებით დასავლეთისგან, რომელსაც აქვს ჩვენს რეგიონში ინტერესები, მაგრამ მოუქნელი ბიუროკრატიული მანქანის გამო ნელა მოქმედებს. არადა, ახლა ყველაფერი დასწრებაზეა. ბაიდენის ეს განცხადება მაძლევს იმედს, რომ აშშ სწრაფად იმოქმედებს. დასავლეთსა და აშშ-ს შემიძლია მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად აქციონ სიტყვა საქმედ. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ერთი წლის შემდეგ უკვე ძალიან გვიანი იყოს.

- მოგეხსენებათ, დღეიდან შემსუბუქდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები.

- არ ვეთანხმები, რომ ყველაფერი უნდა გავხსნათ. ხომ ვხედავთ, სამყაროში რა ხდება, ძალიან მძიმე პროცესი მიდის. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ქვეყნებში ვაქცინაცია მასშტაბურად მიმდინარეობს, პრობლემა მაინც ბევრი აქვთ, ამის მაგალითად ბრიტანეთი გამოდგება. აქედან გამომდინარე, დამშვიდების უფლება ნამდვილად არა გვაქვს. მეორე მხრივ, შიმშილის შიშის პრობლემაც გვაქვს.

ურთულესი ამოცანა დგას ხელისუფლების წინაშე. ეს არ არის ის თემა, რის გამოც მას გავაკრიტიკებ. ურთულესია სწორი ბალანსის პოვნა შიმშილისა და სიკვდილის შიშს შორის.

დღეს როგორც ხელისუფლება იქცევა, რა დინამიკითაც კეტავს თუ ხსნის ქვეყანას, ვფიქრობ, მისაღებია. ერთადერთი პრეტენზია მაქვს - სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს ისეთი ფინანსური რეზერვი, რითაც ამ ჩაკეტვისგან წარმოშობილ პრობლემებს გავუმკლავდებოდით ისე, როგორც სხვა ქვეყნები ახერხებენ. მაგალითად, თუ რესტორნებს კეტავენ, მათ ისეთ კომპენსაციას აძლევენ, რომ ეს ბიზნესი არ მოკვდეს. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება.