როგორ არის შესაძლებელი პოლიტიკური კრიზისის მოგვარება?!
როგორ არის შესაძლებელი პოლიტიკური კრიზისის მოგვარება?!
"რაც მალე დათანხმდება ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს, ქვეყანას კრიზისიდან ნაკლები დანაკარგით გამოსვლის მეტი შესაძლებლობა მიეცემა"

ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მთავარ მოვლენებს სხვადასხვაგვარად აფასებენ. მმართველი გუნდის ვერსიით, რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, პარლამენტში წარმოდგენილია კონსტრუქციული ოპოზიცია, დესტრუქციულს კი ხალხის ქუჩაში გამოყვანის რესურსი არა აქვს.

ოპოზიციის აზრით, ქვეყანაში რთული პოლიტიკური კრიზისია, პარლამენტი ერთპარტიული, არალეგიტიმურია და თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, დიდ საპროტესტო ტალღას მიიღებს. რა შეიძლება იყოს
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ყველაზე ოპტიმალური, კომპრომისული გადაწყვეტილება და რა შეიძლება მოხდეს, თუ პოლარიზაცია გაგრძელდა, ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვესაუბრება:


- ქვეყანაში ნამდვილად პოლიტიკური კრიზისია. კრიზისს, ერთი მხრივ, ქმნის ის, რომ გარდა ერთი, სახელისუფლებო პარტიისა, ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც სადეპუტატო მანდატები ვერ მოიპოვეს,
არჩევნების შედეგებს არ მიიჩნევს ამომრჩევლის ინტერესების ნების გამომხატველად, სამართლიანად. კრიზისზე მიუთითებს ისიც, რომ პარლამენტის შემადგენლობა 2/3-ზე ნაკლებია. მართალია, ბოლო დროს "ქართული ოცნების" 90 დეპუტატს 6 წევრი დაემატა, მაგრამ დანარჩენები მანდატებზე ისევ უარს ამბობენ. შესაბამისად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა მხოლოდ 96 დეპუტატით გაიზარდა. ასეთი პარლამენტის გადაწყვეტილებების კანონიერება ყოველთვის საეჭვო და ხშირად სადავო იქნება. ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს იმ მოტივით, რომ 2/3-ზე ნაკლები შემადგენლობის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თუ დადგენილება არაკონსტიტუციურია. ამას ემატება არჩევნების შედეგების სამართლიანობასთან დაკავშირებული საზოგადოების განწყობა.

- ფიქრობთ, რომ საზოგადოების განწყობა არ აისახა NDI-ს დეკემბერში ჩატარებულ კვლევაში, რომლის თანახმადაც, ბოლო ერთ წელიწადში შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, ვინც მათ პოზიციასთან ახლოს მდგომ პარტიად ოპოზიციურ ძალას ასახელებდა?
- სოციალური კვლევების მიხედვით, ნდობის ხარისხი მაღალი არ არის. ჩემი დამოკიდებულება კი სატელეფონო გამოკითხვების მიმართ მაქსიმალურად უარყოფითია.
ჩემი დაკვირვებით, საკმაოდ დიდია მათი რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნების შედეგები მათ ნებას არ შეესაბამება. ამის მიზეზი არა მარტო არასწორად დათვლილი ბიულეტენებია, არამედ ისიც, რომ წინასაარჩევნო პროცესი არ იყო სამართლიანი - იყო ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების განწყობაზე. ამას ამძაფრებს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც, რომელიც არა მგონია, უახლოეს რამდენიმე თვეში გამოსწორდეს, მეტიც, შეიძლება უფრო დამძიმდეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გონივრული იქნება, თუ ხელისუფლება კრიზისის გამძაფრებას არ დაელოდება და ზომას დროულად მიიღებს.

- ასეთი ზომა რა შეიძლება იყოს ან რაში ხედავთ გამოსავალს?
- ორივე მხარემ უნდა დათმოს, პირველი ნაბიჯი კი ხელისუფლებამ უნდა გადადგას. მაგალითად, შეიძლება შეთანხმება, რომ 4-წლიანი საპარლამენტო უფლებამოსილების ვადა 2 წლამდე შევამციროთ და ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. მგონი, ეს ოპტიმალური გამოსავალია.

ოპოზიციის დათმობა კი ის იქნება, რომ ახლავე არ მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, ხელისუფლების კი ის იქნება, რომ დათანხმდება რიგგარეშე არჩევნებს. როცა ქვეყანაში ვითარებას ვაფასებთ, მხოლოდ დღეს არსებულით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, ცოტა წინაც უნდა გავიხედოთ და გავაანალიზოთ, რა შეიძლება მოხდეს. ნახეთ, როგორი გამოწვევის წინაშე დგას "ქართული ოცნება" - თუ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან, ამან შესაძლოა გამოიწვიოს კრიზისი თავად "ქართულ ოცნებაში", რადგან გუნდში ბევრი სხვადასხვა დაჯგუფებაა. ეს შიდა დაპირისპირება კიდევ ერთი დანამატი იქნება დღეს არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისზე და ხელისუფლებას მაინც მოუწევს რიგგარეშე არჩევნებზე დათანხმება. მმართველი გუნდის ლიდერებს ერთ ბრძნულ ანდაზას შევახსენებ, "ჩათრევას ჩაყოლა სჯობია", რაც მალე დათანხმდება ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს, ქვეყანას კრიზისიდან ნაკლები დანაკარგით გამოსვლის მეტი შესაძლებლობა მიეცემა. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო რეფორმა გატარდეს. თუ ახალი არჩევნები ისევ ამ კანონმდებლობით გაიმართება, შედეგი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ისევ არ იქნება სანდო.

- ხელისუფლება არ აღიარებს კრიზისის არსებობას, ამასთან, მიიჩნევს, რომ პარლამენტში კიდევ შევლენ პოლიტიკური პარტიები. მათ ხომ სწორედ ამ იმედით არ დააკმაყოფილეს ოპოზიციონერების განცხადებები, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. რა შეიცვლება, თუ პარლამენტში მართლაც შევიდა ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული 20 ოპოზიციონერი?
- მმართველმა გუნდმა სწორედ იმიტომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციონერების განცხადებები, რომ როგორმე მოახერხოს პარლამენტის 2/3-მდე გაზრდა და უფრო თამამად თქმა, რომ პარლამენტი არ არის ერთპარტიული. თუმცა ამით კონსტიტუცია დაარღვიეს. ერთი მცდარი მოქმედება სხვა მცდარი ნაბიჯების გადადგმასაც გაიძულებს. "ქართულმა ოცნებამ" რაც უნდა მალოს, "ჭირი თავს არ დამალავს". რამდენიც უნდა იძახონ, კრიზისი არ არისო, რეალობას ვერ შეცვლიან. კრიზისი არის და თანაც ძალიან მწვავე.

რაც შეეხება მოვლენების შესაძლო განვითარებას, თუ პარლამენტში ნამდვილად შევა 20 კაცი, რამდენიმე სცენარის განვითარებაა შესაძლებელი. პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციონერის შესვლით კონსტიტუციური კრიზისი ამოიწურება, მაგრამ პოლიტიკური დარჩება. მართალია, მმართველი გუნდის პოზიცია გაძლიერდება და ოპოზიციის შესუსტდება, მაგრამ გაძლიერების და შესუსტების ხარისხი დამოკიდებული იქნება საზოგადოების განწყობებზე. გავიხსენოთ რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი, როგორც კი რესტორატორებმა, ტურიზმში და ბაზრობაზე დასაქმებულმა ხალხმა დაუმორჩილებლობისთვის მზადება დაიწყეს, ხელისუფლებამ უცებ მიიღო ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება. როგორც კი საზოგადოების განწყობა დაინახა, ორი დღის წინანდელი პრინციპულობა დაივიწყა და უცებ წავიდა დათმობაზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყველაზე მეტად ხალხის ფაქტორი განაპირობებს, ვის სასარგებლოდ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

- მმართველი გუნდის ლიდერებს ჰგონიათ, ოპოზიცია ვერ მოიპოვებს საზოგადოების დიდ მხარდაჭერას, როგორიც ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იქნება საკმარისი.
- იმის მოლოდინი, რომ ოპოზიცია საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ცეცხლთან თამაშია. თუ არჩევნების ოფიციალურ შედეგს შევხედავთ, ვნახავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია. რა მოხდება მომავალში, ვისკენ წავა საზოგადოების სიმპათია, ახლა გადაჭრით ვერ ვიტყვი, თუმცა
"ქართულმა ოცნებამ" არ უნდა გამორიცხოს, რომ სოციალური და ეკონომიკური კრიზისის უფრო გამწვავების გამო მართლაც დაკარგონ მხარდამჭერები და ისინი სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაზე გადანაწილდნენ. ასეთ შემთხვევაში მაინც მოუწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და მისი დანაკარგი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დღეს შეიძლება იყოს.

- ესე იგი, თქვენ რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავთ?
- ნამდვილად არ გამოვრიცხავ. არადა, ეს ძალიან საზიანო იქნება ქვეყნისთვის. ცხადია, ეს მმართველ პარტიას ძალიან დააზარალებს, მაგრამ ქვეყნისთვისაც სავალალო იქნება. რევოლუციის შედეგი ყოველთვის ასეთია - მმართველი პარტია სრულად კარგავს ძალაუფლებას და ხელისუფლებაში რევოლუციით მოსული ხელისუფლება საზოგადოებისთვის არაკეთილსაიმედო ნაბიჯების გადადგმას იწყებს.

- რევოლუციური სცენარის განვითარების შემთხვევაში, რომელი პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდება ხელისუფლება?
- ხელისუფლება აღმოჩნდება იმ პოლიტიკური ძალის ხელში, რომელიც ყველაზე დიდ როლს შეასრულებს რევოლუციურ პროცესში. ასე იყო 2003 წელს და ასე იყო 2012 წელსაც, როცა ვითარება რევოლუციური იყო, თუმცა გადავრჩით. რევოლუციური ვითარების შექმნის წყალობით ხელისუფლებაში მოსულმა "ქართულმა ოცნებამ" 4 წლის შემდეგ დაიწყო ისეთი მოქმედებები, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია.

ასე რომ, რევოლუციური ტალღით მოსული ძალა ვერასდროს იკავებს თავს საზოგადოებისთვის დამაზიანებელი მოქმედებებისგან. რევოლუცია კოალიციური მთავრობის იდეასაც საფრთხის ქვეშ დააყენებს. ამიტომ ვარ რევოლუციის წინააღმდეგი და ვამბობ, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა წავიდეს კომპრომისზე, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს.

- მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ოპოზიციის ბოიკოტს დასავლეთი მხარს არ უჭერს და არგუმენტად ოპოზიციისთვის პარლამენტში შესვლის ელჩების მოწოდებას ასახელებენ. თავის მხრივ, ოპოზიცია ირწმუნება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ელჩების განწყობას მალე შეცვლის.
- სტრატეგიულ მოკავშირეს, ჩვენს ქვეყანაში არასტაბილური გარემო არ აწყობს. ჩემი ვერსიით, დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას პოლიტიკური პროცესის საკანონმდებლო ორგანოში გადატანისკენ იმიტომ მოუწოდებენ, რომ რევოლუციური სცენარი არ განვითარდეს. თუ რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმდნენ, უპირველესად ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაუკრავენ ტაშს.

ხათუნა ბახტურიძე
ალექს
11 თებერვალი 2021 17:25
ხმა ლაძე ვინაა, ხმა საიდან ?! ამეების დრო არ წავიდა ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები