ლევან იოსელიანი: "როგორც მოსალოდნელი იყო, ორი მხრიდან გაგვიხსნეს ცეცხლი"
ლევან იოსელიანი: "როგორც მოსალოდნელი იყო, ორი მხრიდან გაგვიხსნეს ცეცხლი"
"გენრიმ თქვა, რომ კინემატოგრაფიით დაინტერესდა და პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს"

"ჩვენ მთელი ოპოზიციის ტვირთს ვერ ავიღებთ", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ "მოქალაქეები" გააკრიტიკეს საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარის გამო. ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. "მოქალაქეებმა" განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომისიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ მასში მონაწილეობას მიიღებენ "პატრიოტთა ალიანსი", "ნაციონალური მოძრაობა" და
"ევროპული საქართველო". მმართველი გუნდის აზრით, მათ კომისიაში შესვლა არ სურთ, რადგან ოპოზიციას არა აქვს არჩევნების გაყალბების არგუმენტები, ოპოზიციონერი ლიდერები კი ამბობენ, რომ გაუგებარია "მოქალაქეების" პოზიცია მაშინ, როცა პარლამენტში შესვლისას არ გაითვალისწინეს დანარჩენი ოპოზიცია. რას ელოდნენ და რა დახვდათ "მოქალაქეებს" პარლამენტში, რატომ ამბობენ უარს საპარლამენტო კომისიაში
მუშაობაზე და როგორია მათი ახალი დღის წესრიგი, ამის შესახებ ლევან იოსელიანი გვესაუბრება:

- თავიდანვე გააზრებული გვქონდა, რაც ჩვენს პარლამენტში შესვლას მოჰყვებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორი მხრიდან გაგვიხსნეს ცეცხლი. ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" არიან. ჩვენ ამ ორი დიდი ძალის შუაში აღმოვჩნდით და ახლა ჩაქოლვას გვიპირებენ, თუმცა არ გვეშინია. პარლამენტში არ მოგვეცა საშუალება, რომ ქალბატონი თეა წულუკიანის რეპლიკისთვის პასუხი გაგვეცა. როგორც იცით, რიტორიკული კითხვა დაგვისვა, თუ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევთ, რას აკეთებთ პარლამენტშიო. პასუხი გავეცით მაშინ, როცა ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა. ვურჩიე, საკუთარი ნომერი გამოეცხადებინა, რომ მისი და მისი პარტიის შესახებ მოქალაქეების აზრი მოესმინა. რა თქმა უნდა, ვერ გაბედა. დარწმუნებული ვარ უსამართლო თავდასხმები ისევ იქნება, თუმცა, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ღირს იმ შეთანხმებად, რომელსაც მივაღწიეთ და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლება საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო და არჩევნები იქნება სამართლიანი და სანდო.

ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ მინდა ყველა არჩევნები მთავრდებოდეს ქუჩაში გასვლითა და ერთმანეთთან დაჯახებით, ევროპული სტანდარტის არჩევნები მსურს და ვფიქრობ, ამას ეს შეთანხმება უზრუნველყოფს.

- ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ამ მემორანდუმში გაუარესებული ვერსიებია იმ საკითხებისა, რაც ოპოზიციურ ერთობას ისედაც ედო მოლაპარაკების მაგიდაზე.
- სინამდვილეში, ზუსტად ის ტექსტია, რომელზეც მეოთხე რაუნდზე ოპოზიცია მმართველ გუნდს შეუთანხმდა. ტექსტი იგივეა, განსხვავება ჩვენსა და დანარჩენ ოპოზიციას შორის მხოლოდ ის არის, რომ ჩვენ გამბედაობა გვეყო და ტექსტი პარლამენტში მივიტანეთ. მემორანდუმში არსებული საკითხები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზე უარის თქმა ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პერსპექტივაზე უარის ტოლფასია.

თუ მემორანდუმში ჩამოთვლილ პუნქტებს რეალობად ვაქცევთ, ვიტყვი, რომ მიღირდა ყველა იმ სიბინძურისა და ტალახის სროლა, რომელიც ბოლო დღეებში არ დამკლებია.

- თქვენი ვერსიით, ბოიკოტი შეცდომა იყო?
- არა, ბოიკოტი ხელისუფლებაზე ზემოქმედების ყველაზე ქმედითი მექანიზმი აღმოჩნდა - ხმების დამთვლელი მანქანები, ლაივსტრიმი, საჯარო მოხელეებისა და პედაგოგების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება - ეს ყველაფერი ბოიკოტის მონაპოვარია, სხვა შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" თავში აზრადაც არ მოუვიდოდა ასეთ დათმობებზე წასვლა. 2018 წლიდან ბოლო დრომდე ეუთო/ოდირი პირდაპირ მიუთითებდნენ რეკომენდაციებში "ქართულ ოცნებას", მინიმალური სტანდარტები მაინც დაეცვა, მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობდნენ. დღეს ბევრად მეტი დათმობისთვის არიან მზად და ეს მათი კეთილი ნებით ნამდვილად არ მომხდარა. დღეს რა ხდება? უკვე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე დაიწყებს მუშაობას.

- თქვენ თქვით, რომ კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის 1-ლი მარტისა, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არა უგვიანეს 2021 წლის 1-ლი მაისისა. თუ ასე არ მოხდა, პარლამენტიდან გამოხვალთ. ეს დათქმა ისევ ძალაშია?
- რა თქმა უნდა, თუ ასე არ მოხდა, დაუყოვნებლივ დავტოვებთ პარლამენტს.

- თქვენმა განცხადებამ, რომ საპარლამენტო კომისიაში "ნაციონალური მოძრაობისა და "ევროპული საქართველოს" გარეშე მუშაობას არ დაიწყებთ, ხელისუფლება და ოპოზიცია გააღიზიანა, საზოგადოება კი დააბნია.
- იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია იყოს ქმედითი, ოპოზიცია სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი, მით უფრო ის ოპოზიციური ძალები, რომლებსაც ყველა უბანზე ჰყავდათ დამკვირვებლები. ასეთები არიან "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". ჩვენ სულ 50 დამკვირვებელი გვყავდა საბურთალოზე. საბურთალოს გარდა, ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამტკიცებაში ვერ დავეხმარებით. გამუდმებით მესმის, რომ მათ ხელთ აქვთ არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულება, რომ შეიტანეს კიდეც სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ არ განიხილა. მე მათ ვთავაზობ - ეგ მტკიცებულებები მოიტანეთ პარლამენტში და ერთად დავამტკიცოთ, რა მასშტაბის გაყალბებასთან გვქონდა საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ტვირთს საკუთარ თავზე ვერ ავიღებ. იმიტომ კი არა, რომ ასეთი ახირება მაქვს, მარტო, ოპოზიციის დახმარებისა და მათი მტკიცებულებების გარეშე გამიჭირდება სიმართლის დამტკიცება. საბოლოოდ, ოპოზიცია მე დამადანაშაულებს, რომ თითქოს "ქართულ ოცნებას" გაყალბებული არჩევნების "გაპრავებაში" დავეხმარე, რომ გადაგვიბირეს, მოგვისყიდეს და ა.შ. ამიტომ ვთავაზობ, მოიტანონ მტკიცებულებები და მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. თუ მტკიცებულებები არა აქვთ, პატიოსნად აღიარონ, რომ ეს აჟიოტაჟი გაყალბების შესახებ გადაჭარბებული იყო. მე მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ მტკიცებულებები აქვთ.

- თქვენი წინადადება რომ მიიღონ, პარლამენტში უნდა შემოვიდნენ, ბოიკოტის მოხსნა კი ხელს არ აძლევთ.
- თუ პარლამენტში შემოვლენ და დაადასტურებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ხომ მოუწევს "ქართულ ოცნებას" პირობის შესრულება და ვადამდელი არჩევნების ჩატარება? ამ დათქმის თანახმად, კობახიძეც ხომ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან?

- ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულება წაშლილი აქვს და საგამოძიებო კომისიის მუშაობა უშედეგო იქნება.
- "ქართულმა ოცნებამ" თუ წაშალა მტკიცებულებები, მათ ხომ არ წაუშლიათ? მე ჯერ კიდევ მოლაპარაკებისას ვთავაზობდი, მოეტანათ მტკიცებულებები და ელჩების თანდასწრებით დაგვემტკიცებინა ყველაფერი. არ მოიტანეს, არც ახლა მოაქვთ. მე როგორ ავიღო ჩემს თავზე პასუხისმგებლობა, როცა საარჩევნო უბნები ისე დაიხურა, ოპოზიციური პარტიების 10 000-მდე დამკვირვებელმა საჩივრები არ დაწერა? 10 000 კაცი მოისყიდა "ქართულმა ოცნებამ"? თუ მოისყიდა, დავამტკიცოთ ჩვენებების საფუძველზე.

- ფიქრობთ, რომ შესაძლოა არჩევნები არც გაყალბებულა?
- არა, მე ვიცი, რა მოხდა საბურთალოზე და შემიძლია ვთქვა, რომ გაყალბდა. სხვაგან არ ვიცი.

- ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ბევრ ოპოზიციონერს უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ ვერ ბედავენო.
- გამოვრიცხავ პირად ინფორმაციას და საჯარო განცხადებებით ვიმსჯელოთ. სალომე სამადაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა არ გაგიჩინათ განცდა, რომ პარლამენტში სურს შესვლა?

- როცა ეს ვკითხე, არ დაადასტურა.
- მის განცხადებაში შავით თეთრზე ეწერა, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანაა. გრიგოლ ვაშაძის განცხადება თუ გახსოვთ? ყველაზე რადიკალურ ფრთაში თუ არის ასეთი განწყობები, რატომ არ შეიძლება სხვა ოპოზიციონერებშიც იყოს?

- როგორ გგონიათ, თქვენი ამომრჩეველი კმაყოფილია, რომ ბოიკოტს გამოეთიშეთ?
- რა თქმა უნდა.

- თქვენც ამბობთ და "მოქალაქეების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი გენრი დოლიძეც ადასტურებს, რომ პარტიიდან მისი წასვლა პარლამენტში თქვენს შესვლას არ უკავშირდება. თუმცა როგორ მოხდა, რომ ზუსტად ახლა და არა ერთი თვის წინ ან ერთი თვის შემდეგ არ გააკეთა ეს?
- ნამდვილად სხვა დროის შერჩევა ჯობდა. გენრიმ თქვა, რომ კინემატოგრაფიით დაინტერესდა და პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს.

გენრი დოლიძე: "ალეკოსა და ლევანისთვის მოულოდნელი დარტყმა არ მიგვიყენებია"

პარტია "მოქალაქეების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა გენრი დოლიძემ "მოქალაქეებიდან" წასვლის გადაწყვეტილება 3 თებერვალს მიიღო. როგორც სოციალურ ქსელში წერს, ის სხვანაირად ხედავს საერთო მიზნისკენ სავალ გზას - სამოქალაქო აქტივიზმს უბრუნდება.

- იყო თუ არა შეცდომა ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და პარტიის რეპუტაციის სასწორზე დადება, ამას დრო გამოაჩენს, თუმცა ჩვენ ამის გამო პარტია არ დაგვიტოვებია. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, თითქოს პარტია დაიშალა. "

"მოქალაქეებში" ჩემი გუნდით ვიყავი, შესაბამისად, გუნდიც გამომყვა. 10 წელზე მეტხანს ვიმუშავეთ სამოქალაქო სექტორში, დედაქალაქში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად ხშირად ჩამოვდიოდით. არასდროს ვყოფილვარ გულგრილი ქვეყნის პრობლემების მიმართ. ამ ეტაპზე ვაპირებ საზოგადოების ყურადღება ბათუმის პრობლემებზე გავამახვილო. ქალაქი დღითი დღე ნადგურდება.

- ამბობთ, რომ პარტია "მოქალაქეებში" ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ წასვლა?
- ყველაფერი იდეალურად რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ წამოვიდოდით, თუმცა ჩვენ შორის სერიოზული უკმაყოფილება ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი მთავარი პრობლემა კომუნიკაციის არარსებობა იყო. რატომ შევარჩიეთ ეს დრო? ჩვენ ნამდვილად არ შეგვირჩევია, თვე-ნახევრის წინ გვინდოდა პარტიიდან გასვლა, მაგრამ თანაპარტიელებმა გვთხოვეს, რომ არსებული რთული სიტუაციის გამო "გაყრა-განშორება" დროებით გადაგვედო. ჩვენც გავითვალისწინეთ, თუმცა ნამდვილად გვეჩქარებოდა ჩვენი განზრახვის შესრულება. ასე რომ, ლოგიკური ფინალით დასრულდა ყველაფერი, ალეკოსა და ლევანისთვის მოულოდნელი დარტყმა არ მიგვიყენებია. საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა, მაგრამ მხოლოდ მსჯელობის ფორმატში.
ლევანისა და ალეკოს უანგარობაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ არამართლზომიერი რისკი გასწიეს.

- კომუნიკაციაში რა პრობლემა გქონდათ, ლიდერებთან დაკავშირებას ვერ ახერხებდით თუ თქვენს ინიციატივებს არ იზიარებდნენ?
- პოლიტსაბჭოს სხვა წევრებისგან განსხვავებით, მე ბათუმში ვცხოვრობდი, რამაც ის განაპირობა, რომ რაღაც-რაღაცებს პოსტფაქტუმ ვიგებდი, რაღაც ინფორმაცია კი საერთოდ ვერ აღწევდა ჩემამდე. ვფიქრობ, ამ პარტიაში ჩემი თავი ამოვწურე და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლო ან ჩემს გუნდთან ერთად ახალი პოლიტიკური სტრუქტურა შევქმნა. რაც შეეხება "მოქალაქეებს" კარგი იქნება, თუ ახალ იდეებს და ახალ სახეებს გამოჩენის მეტ შესაძლებლობას მისცემენ, ეს მხოლოდ ორი კაცის პარტია არ არის.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები