"სიფრთხილეა საჭირო, რომ ოპოზიციის ერთიანობა არ დაირღვეს" - კვირის პალიტრა

"სიფრთხილეა საჭირო, რომ ოპოზიციის ერთიანობა არ დაირღვეს"

"სანამ ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდაზე დადებულ პაკეტზე არ შეთანხმდებიან, მანამდე გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი"

"ოპოზიცია კონსოლიდირებულია და როცა კრიტიკული მასა ერთ მხარეზეა, "პატარა ნაფშვენები"ვითარებას ვეღარ ცვლის. უნდა გაფორმდეს დოკუმენტი, სასურველია, ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით. როცა შეთანხმება შედგება, უნდა განისაზღვროს ორივე მხარის ვალდებულება. პრობლემიდან აბსოლუტური გამარჯვებული და აბსოლუტური დამარცხებული ვერც ერთი მხარე ვერ გამოვა. არ შეიძლება ასეთი მიზნის დასახვა, მე ის უნდა გავანადგუროო. თუ მოინდომებ სხვის განადგურებას, თვითონ განადგურდები. ამ პროცესის ლოგიკური ფინალი შეთანხმებაა", - ამბობს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე.

ის ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დეპუტატობის მისჯა საქართველოში პირველად მოხდა. "ყველაფრის მისჯა გამიგია - ციხეში ჩასმაც, ადმინისტრაციული სასჯელიც და ფინანსურიც, მაგრამ დეპუტატობის მისჯა პირველად ვნახე. კანონის მიხედვით, თუ დეპუტატი ბიზნესშია ჩართული, უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტონ, 54-მა კაცმა უცბად ბიზნესში რომ გადაინაცვლოს, მაინტერესებს, მათი არგუმენტი რა იქნება", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ცნობისთვის: "ლელომ" ცოტა ხნის წინ კრიზისული მდგომარეობიდან ყველაზე რეალისტურ გამოსავლად წარმოადგინა სრულად პროპორციული არჩევნების ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ახალი საარჩევნო სისტემითა და ცესკოს ახალი შემადგენლობით ჩატარება.

- 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს ან ვერ გადალახეს ბარიერი, დააფიქსირეს, რომ ხმები მოპარულია და არჩევნები გაყალბებულია მრავალფეროვნად. მე ვამბობ, რომ ეს მრავალფეროვნება სამ ფაზაში გამოიხატება: პირველი ფაზა იყო წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის დაშინება-მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; მეორე ფაზა - არჩევნებზე კარუსელები, ურნებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრა და მესამე ფაზა - არჩევნების შემდგომი პერიოდი, რაც უკავშირდება ოქმების გადაწერას. ეს ყველაფერი ოპოზიციურმა პარტიებმა დავაფიქსირეთ, შევიმუშავეთ ოთხპუნქტიანი მოთხოვნათა პაკეტი და გავემზადეთ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად.

"ლელო" კვლავ ოპოზიციური ერთობის შეთანხმების ერთგულია. რაც შეეხება ჩვენს ვერსიას 2022 წლის გაზაფხულზე არჩევნების ჩატარების თაობაზე, ვფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა რთული იქნება. ოპოზიციას არ უმსჯელია, რიგგარეშე არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს თუ მერე. ჩემ მიერ ნახსენებ შეთანხმებაში საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლასა და საარჩევნო პროცედურების გავლაზე, რომელთა იმპლემენტაციასაც დრო სჭირდება. რადგან თებერვალი უკვე დაიწყო, ვიფიქრეთ, რომ გაზაფხულისთვის ამის გაკეთება ვერ მოესწრებოდა.

ჩვენი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ამომრჩევლის ხუთი ბიულეტენით აღჭურვა, სასურველი არ არის. თუ ამ ჩვენს ინიციატივას დანარჩენი ოპოზიციის ყრუ კედელი დახვდება, გაჯიქებას და რქებით შესკდომას არ ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" ვერაფერი დააკლო.

- პარტია "ლელოს" არანაირი ვალდებულება არ აუღია არც ერთი პოლიტიკური პარტიის წინაშე, პოლიტიკაში მოსვლისთანავე გაცხადებული ჰქონდა დამოუკიდებლად მოქმედება. ახლა რატომ უწევთ დანარჩენ ოპოზიციას ანგარიშს, რომლის დიდი ნაწილი თქვენთვის იდეოლოგიურად მიუღებელია? - თუ ისეთი ტიპის მოთხოვნას, როგორიც ჩვენ გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე დაყენებული, ოპოზიციის სრული კონსოლიდაცია არ ახლავს თან, პროცესი დამარცხებისთვის არის განწირული. მე მაქვს ამის გამოცდილება - ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც 2008 წელს დეპუტატის მანდატი დატოვა. მაშინ შედეგს იმიტომ ვერ მივაღწიეთ, რომ ოპოზიცია მარტივ მამრავლებად დაიქსაქსა.

დღეს ჩვენი ბრძოლა სწორი მიმართულებით მიდის, ყოფილი "პატრიოტელები" და "მოქალაქეები" არსებითად ვერაფერს შეცვლიან, ოპოზიცია მონოლითური და ერთიანია.

- მონოლითური როგორ არის? რომ არაფერი ვთქვათ, პარლამენტში უკვე შესულ ოპოზიციაზე, "გირჩმაც" განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მზად არის პარლამენტში შესასვლელად. კობახიძეც ამბობს, რომ კიდევ 20 ოპოზიციონერს სურს დეპუტატის მანდატის აღება. სხვათა შორის, კულუარული ინფორმაციით, თქვენც ამ პირთა შორის მოიაზრებით. - "გირჩი" ძალიან კი აბნევს საზოგადოებას, მაგრამ გასაგებად თქვა, რომ მისთვის წითელი ხაზი პროპორციულ არჩევნებსა და დაბალ ბარიერზე გადის, ამას კი 113 ხმა სჭირდება. 113 ხმა ოპოზიციური ერთობის შესვლის გარეშე ვერ მოგროვდება. "გირჩის" მიზნის შესრულება პირდაპირ დამოკიდებულია დანარჩენ ოპოზიციაზე. რაც შეეხება პარლამენტში შესვლის ჩემს სურვილს, ძალიან შორს წასულან.

კობახიძე რომ ამბობს, ოცამდე დეპუტატს არ უნდა დეპუტატის მანდატის დატოვება, მაგრამ ბულინგის ეშინიათო, ეს რა ლოგიკაში ჯდება? თუ მე პარლამენტში შესვლას საჭიროდ მივიჩნევ, გარწმუნებთ, ვერავინ დამაბულინგებს.

პირდაპირ გეტყვით - 31 ოქტომბრის შემდეგ როგორც კი პირველი შეხვედრა გაიმართა "ლელოს" ოფისში, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც თავისი პოზიცია დააფიქსირა და რისი ერთგულიც დღემდე ვარ. მე მაშინ ვთქვი, საჭიროა ბოიკოტი, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ ოპოზიციის ერთიანობა არ დაირღვეს-მეთქი. მადლობა ღმერთს, დღემდე არ დარღვეულა, დარღვევის იმიტაციას კი ვერც "მოქალაქეთა" დუეტი ახერხებს და ვერც "ევროპელ სოციალისტთა" კვარტეტი. ამიტომ გაბედულად ვამბობ - სანამ ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდაზე დადებულ პაკეტზე არ შეთანხმდებიან, მანამდე გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი.

ხათუნა ბახტურიძე