"არ მგონია, ხალხმა ჩვენი ხელისუფლების დროს შემუშავებული სოციალური და სამედიცინო პაკეტების სიკეთე დაივიწყოს" - კვირის პალიტრა

"არ მგონია, ხალხმა ჩვენი ხელისუფლების დროს შემუშავებული სოციალური და სამედიცინო პაკეტების სიკეთე დაივიწყოს"

როგორი შეიძლება იყოს მმართველი გუნდის შემდგომი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება; რას ფიქრობენ ბოლო დროს გავრცელებულ ვერსიაზე, რომელიც არჩევნების 2022 წელს ჩატარებას გულისხმობს, ან აქვთ თუ არა სხვა კომპრომისული ვერსია, ამის შესახებ გიორგი ვოლსკი გვესაუბრება:

- დღეს კონფრონტაციის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ფაქტია, ოპოზიცია ორ ნაწილად გაიყო - ერთი ახალ ინიციატივებს აყენებს, მეორე გარიგებას გვთავაზობს. "გირჩი" გვეუბნება, აღარ ვუყურებ დანარჩენ ოპოზიციას, თუ ნულოვან ბარიერზე დამთანხმდებით, მე შემოვდივარ პარლამენტშიო. არა მგონია, არ იცოდნენ, რომ ნულოვანი ბარიერის საკითხის განხილვა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას არ შეუძლია, ამას საკონსტიტუციო განხილვა სჭირდება. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, 2021 წელს იქნება თუ 2022 წელს, მასაც საფუძველი სჭირდება.

გასაგებია, რომ "ლელოს" თავისი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ "ქართულ ოცნებასაც" ჰყავს მილიონზე მეტი ამომრჩეველი. იმის გამო, რომ ვიღაცას, თუნდაც პოლიტიკურ სუბიექტს, შედეგი არ მოსწონს, კანონს ვერ დავარღვევთ და ვერც საკუთარ ამომრჩეველს გავანაწყენებთ.

- ოპოზიციონერი ლიდერების ერთ ნაწილს არ ესმის, რატომ არის შეუძლებელი თვითმმართველობის არჩევნების დროს ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენთან ერთად კიდევ ერთი ბიულეტენი მიიღოს და ამ ფორმით ჩატარდეს პლებისციტი. - მათ პლებისციტის ახალ არჩევნებად წარმოჩენა სურთ, ეს კი შეუძლებელია. არჩევნების რევიზია მხოლოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას შეუძლია, ასეთ კომისიაში მუშაობაზე კი ოპოზიცია "ნაციონალების" ბულინგის შიშით უარს ამბობს.

- ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილების მუხტი გაიზარდოს და ამას ოპოზიციამ მისთვის სასურველი მიმართულება მისცეს, თუნდაც რევოლუციური სცენარი განავითაროს? - სახელმწიფო შანტაჟს ვერ დაექვემდებარება. მეორე მხრივ, იმის იმედიც გვაქვს, რომ მოსახლეობა, რომელიც პანდემიის გამო მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ობიექტურად შეაფასებს სახელმწიფოს სწორ მუშაობას ამ რთულ ვითარებაში. არც ის მგონია, ხალხმა ჩვენი ხელისუფლების დროს შემუშავებული სოციალური და სამედიცინო პაკეტების სიკეთე დაივიწყოს.

- "მოქალაქეები" ამბობენ, რომ პარლამენტში მათ ორმხრივი ცეცხლი გაუხსნეს, ჩვენც ვიხილეთ თეა წულუკიანის რეპლიკებით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი იოსელიანი და ელისაშვილი. ეს რა მაგალითია იმ ოპოზიციონერებისთვის, რომლებსაც, კობახიძის ვერსიით, პარლამენტში შემოსვლა სურთ, მაგრამ ბულინგის ეშინიათ? - რაც უნდა ანტიპათიურად ვიყო "მოქალაქებიის" მიმართ განწყობილი, ვაღიარებ, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სახელმწიფოს. არ ვიცი, თავისი პოლიტიკური ძალის განვითარებისთვის სჭირდებოდათ ეს თუ სხვა მოტივი ჰქონდათ, მაგრამ სწორი ნაბიჯი გადადგეს. წესით, არ უნდა შეეშინდეთ ორმხრივი ცეცხლის, აბა, დითირამბებით ხომ არ დავხვდებოდით?

- "მოქალაქეები" უარს ამბობენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოს" გარეშე მუშაობაზე. - აი, როგორ არ გავაკრიტიკო ამის გამო? ჩემი აზრით, მათ იმიტომ არ სურთ კომისიაში შესვლა, რომ დესტრუქციული "ნაციონალებისგან" ბულინგს ერიდებიან, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობას ვერ იღებენ. პრინციპულობა უნდა გამოიჩინონ, იმუშაონ კომისიაში და თუ შეუძლიათ, დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე. თუ არადა, აღიარონ ის, რაც რეალურად არის. რა დროს რევერანსებია! თუ არ შემოვლენ კომისიაში, რას ვიზამთ, გარედან მოვიწვევთ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს.

ხათუნა ბახტურიძე