"არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას და მივმართავ მმართველ გუნდს!" - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას და მივმართავ მმართველ გუნდს!"

"მე თუ არ მსურს პარლამენტში ყოფნა, კობახიძეს არანაირი უფლება არა აქვს ძალით დამსვას"

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "გირჩის" სამ წევრთან ერთად კიდევ 10 ოპოზიციონერი არ აპირებს სადეპუტატო მანდატის დატოვებას. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ერთი მათგანი რესპუბლიკელი თამარ კორძაიაა. მას "კვირის პალიტრა" ესაუბრა.

- მე არ ვიცი, ირაკლი კობახიძეს ვისზე რა ინფორმაცია აქვს, მაგრამ პერსონალურად მე, თამარ კორძაია, "კვირის პალიტრის" საშუალებით ვამბობ, რომ არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას და მივმართავ მმართველ გუნდს, დროულად დააკმაყოფილოს ჩემი განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. მე თუ არ მსურს პარლამენტში ყოფნა, კობახიძეს არანაირი უფლება არა აქვს ძალით დამსვას.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების რესურსი ამოიწურა? - დღეს სახელმწიფო ჩიხში რატომ არის შესული? იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არ აღმოჩნდნენ პირები, რომლებსაც კომპრომისზე წასვლის უნარი აქვთ. რას ვგულისხმობ? ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები იმ მასშტაბით, რომ ერთპარტიული მთავრობა შექმნა. ის 7,8% რომ არ მოეპარა, იძულებული იქნებოდა ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე წასულიყო და კოალიციური მთავრობა შეექმნა, მაგრამ არ გარისკა და ქვეყანაში ევროპული დემოკრატიის განვითარების შანსი მოსპო.

მმართველი გუნდი იტყუება, რომ ამბობს, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შევიტანთ განაცხადსო, მას საამისო არანაირი წინა პირობა არა აქვს. სასამართლოს რეფორმაც კი არა აქვს გატარებული. რაც შეეხება მოლაპარაკების რესურსს, არის, მაგრამ ამისთვის ხელისუფლება უნდა წავიდეს კომპრომისზე. ოპოზიცია ამაზე მეტ კომპრომისზე ვეღარ წავა. კრიზისზე ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებსაც ეკისრებათ, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და ამბობენ, არჩევნები კი გაყალბდა, მაგრამ თუ საარჩევნო კოდექსს მივიღებთ, ამ ფაქტს შევეგუებითო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ცუდი საარჩევნო კოდექსითაც კი ოპოზიციამ არჩევნები მოიგო.

- გამოსავალს რაში ხედავთ? - გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს და საზოგადოებას ხელისუფლების რეალურ სახეს დავანახებთ. ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული ის იქნება, რომ ხელისუფლებას მოუწევს დათმობა.

კობახიძე 20 დეპუტატზე რომ ლაპარაკობს, ეს იმის ნიშანია, მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო მრავალპარტიული პარლამენტის იმიტირება და ვერც მომავალში შეძლებს.

ხათუნა ბახტურიძე