"საქართველოს ბედმა გაუღიმა, როცა ამერიკის სათავეში ბაიდენი მოვიდა, რომელიც რუსეთის მხილებას არ ერიდება, ეს კი საქართველოსთვის კოზირია" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ბედმა გაუღიმა, როცა ამერიკის სათავეში ბაიდენი მოვიდა, რომელიც რუსეთის მხილებას არ ერიდება, ეს კი საქართველოსთვის კოზირია"

"პუტინმა რუს საზოგადოებას ყველაფერი წაართვა: არჩევნის უფლება, კანონი, თავისუფალი აზრი, დამოუკიდებელი მედია, განვითარებული ეკონომიკა... ბლოკავენ ინტერნეტს, ხურავენ მედიას, თავში გასროლით კლავენ ან წამლავენ ხალხს..."

რუსეთში ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის დაკავების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები ძალას იკრებს. აქციებზე ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აკავებენ. ვითარება გამწვავდა მას შემდეგ, რაც მოსკოვის სასამართლომ 2 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა ნავალნის ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობის წესების დარღვევისთვის. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები რუსეთში, ამის შესახებ რუსი პოლიტიკური მიმომხილველი და ფონდ "პროგრესის" გენერალური დირექტორი ლეონიდ გოზმანი გვესაუბრება:

- ბატონო ლეონიდ, რა ხდება ახლა რუსეთში?

- რუსეთში მიმდინარე პროცესების დასახასიათებლად, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ასეთი შეფასება - რუსეთი ბელარუსის შემადგენლობაში შევიდა, რადგან ლუკაშენკოს გეგმას ზუსტად იმეორებენ ვლადიმირ პუტინი და მისი გუნდი. ხელისუფლებამ დამარცხების გზა აირჩია. ადრე თუ გვიან, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები გარდაუვალია.

ბოლო დღეების მოვლენების შემდგომ სხვა ქვეყანაში გავიღვიძეთ - საზოგადოებამ აჩვენა, როგორ შეიძლება სწრაფად მობილიზება, გაერთიანება. საპროტესტო ტალღა იმითაც არის გამორჩეული, რომ აქამდე ყველა დედაქალაქსა და რეგიონებში იყო გადანაწილებული, ახლა კი მოსკოვის კვალდაკვალ სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად დაიწყო.

პუტინის 20-წლიან მმართველობაში დაგროვილი პრობლემების გამო (რომელთაც აქამდე უშედეგოდ ვებრძოდით) აგორებული ტალღა ძლიერდება და გრანდიოზული ცვლილებების იმედს აჩენს.

ნავალნიმ რუსეთში დაბრუნებით დაამტკიცა, რომ ოპოზიციის ლიდერია. მან უამრავი რამ გადაიტანა: პატიმრობა, სასამართლოები, "ნოვიჩოკი" და ყველაფერმა კიდევ უფრო გააძლიერა, მისი, როგორც ლიდერის უნარები გამოკვეთა და მსოფლიოსაც აჩვენა, რომ ოპოზიციის გაერთიანება შეუძლია; ისეთ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა, რომ კრემლში დღის წესრიგიდან ვეღარ ხსნიან. მას პუტინის შემცვლელად მივიჩნევთ. რომ არ დაეპატიმრებინათ, ვიფიქრებდი, კრემლში ეყოთ გონიერება-მეთქი, ამით ხელისუფლებაში ყოფნასაც გაიხანგრძლივებდნენ, ახლა კი პუტინმა აჩვენა, თუ სინამდვილეში რამდენად სუსტია, რა მარტივად შეუძლია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წასვლა. მან პატიმრობაში დატოვა ნავალნი, რაც ნიშნავს, რომ სტიმული მისცა ოპოზიციას იბრძოლოს უფრო დიდი მასშტაბით და აქტიურად.

ახლა ნავალნის მხოლოდ ორი არჩევანი აქვს: მას ან ციხეში მოკლავენ, ან კრემლზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის მკაცრი ზეწოლით პატიმრობიდან გაათავისუფლებენ და პრეზიდენტი გახდება.

იმედია საერთაშორისო ორგანიზაციები ისეთივე უღიმღამო განცხადებებით არ შეარჩენენ პუტინს ყველაფერს, ისევე როგორც შეარჩინეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ან 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ან მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებისას.

ამიტომ იქცა პუტინის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაშივე ოკუპანტად. ასე რომ, ახლა მთავარია, რამდენად ძვირის გადახდა მოუწევს პუტინის გუნდს ნავალნის გათავისუფლებისთვის. საბედნიეროდ, ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, წავიდა ის დრო, როცა ამერიკა რუსეთის აგრესიას უმოქმედოდ ხვდებოდაო. ეს ძალიან გასაგები მესიჯია რუსეთისთვის - ნუ გადაკვეთ წითელ ხაზებსო!.. ვფიქრობ, ასეთი მინიშნებები ნავალნის გათავისუფლების საქმეში წვლილს შეიტანს.

პუტინმა რუს საზოგადოებას ყველაფერი წაართვა: არჩევნის უფლება, კანონი, თავისუფალი აზრი, დამოუკიდებელი მედია, განვითარებული ეკონომიკა... განსხვავებული აზრის მქონენი უძლიერეს წნეხში არიან, ძალიან ხშირად სიცოცხლის ფასად უჯდებათ სიმართლის თქმა, თუნდაც ეს იყოს კოვიდპანდემიის გამო შექმნილ პრობლემებზე. ბლოკავენ ინტერნეტს, ხურავენ მედიას, თავში გასროლით კლავენ ან წამლავენ ადამიანებს... ხელისუფლებას სუვერენიტეტი ასე ესმის - შეუძლია რაც სურს, ის გააკეთოს და თუ ვითარება კრიტიკული გახდება, ძალიან კარგი გამოსავალი აქვს ნაპოვნი - რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანას დაესხმება თავს, პუტინის პროპაგანდისტული მანქანები ამუშავდება და პრეზიდენტის რეიტინგიც აიწევს. ის ახლა ძალიან ღელავს, რადგან მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე დაბალია, ამიტომ ცდილობს ნავალნი დასავლეთის პროექტად წარმოაჩინოს, რაც ვერ ვიტყვი, რომ უშედეგოა. მაგრამ საზოგადოების პროტესტი ახლა ბევრად ჯანსაღი და მობილიზებულია, ვიდრე ადრე იყო. ამიტომ აფუსფუსდნენ პუტინის ბუდეში.

კრემლში არაფერს არ დაიშურებენ, რომ როგორმე ოპოზიცია დაქსაქსონ, საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანონ და ნიჰილიზმი დათესონ. კრემლის პროპაგანდა და ომონი ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. მათი მუშაობის მაგალითები ბლომად არის ბელარუსში, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, ეს უწყებები, რომლებიც ამდენი წელია კორუფციაში იხრჩობიან და არაპროფესიონალიზმის ზეიმს უყურებენ, ხალხის მხარეს გადმოვიდნენ. ვიცი, რომ ეს ბევრს სურს. ასე რომ, ბრძოლა არ იქნება ადვილი, მაგრამ ყინული დაიძრა. არ ვიცი, რა გზით გაიმარჯვებს ოპოზიცია, მაგრამ მჯერა, რომ გაიმარჯვებს.

- სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ პროცესებზეც გკითხავთ. ექსპერტთა ნაწილის აზრით, რუსეთმა სომხეთზე გაიმყარა გავლენა, აზერბაიჯანთან ურთიერთობაში კი ახალი რეალობა შექმნა. - რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთი კონფლიქტი გაყინა. ვფიქრობ, არც ერთი მხარე არ ფიქრობს, რომ კონფლიქტი ამოწურულია, რუსი სამშვიდობოების იქ ყოფნა ნელი მოქმედების ნაღმია, რომელიც მაშინ ამოქმედდება, როცა რუსეთი ჩათვლის საჭიროდ, უფრო სწორად, რომელიმე ქვეყნის დასჯას გადაწყვეტს. რუსეთმა თურქეთის პირისპირ მარტო დატოვა რეგიონში მთავარი მოკავშირე სომხეთი, რომლის უსაფრთხოების დაცვის პირდაპირი ვალდებულება აქვს აღებული, ანუ ვითომ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, სინამდვილეში კი პროცესები მიუშვა და პროდასავლელ ნიკოლ ფაშინიანს "ჩაუკაკუნა", შენ თავი მართლა დამოუკიდებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხომ არ გგონიაო. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნის კვალდაკვალ, რომელსაც აშკარად რუსეთი აფინანსებს, ყარაბაღის პროცესებს უკვე მოჰყვა სომხეთში ანტირუსული განწყობის გაღვივება. რუსეთი ვითომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა, სინამდვილეში ეს ჩანაფიქრი ჰქონდა. მე ყარაბაღში 90-იან წლებში ვიყავი. ეს კონფლიქტი საბჭოთა წლების დროს ჩადებული ბომბია, როგორც სხვა რამდენიმე, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვათ, იმ კონფლიქტში სომხები ბოლომდე მართლები არ არიან. ახლა ყველაზე კარგ ვითარებაში საქართველოა, რომელსაც რუსეთი სიამოვნებით მოუსპობდა გეოპოლიტიკურ ფუნქციას და არ მჯერა, რომ ამ გეგმაზე კრემლში ახლაც არ მუშაობენ. უბრალოდ, რადგან საქართველო რეგიონში დასავლეთის ყველაზე საიმედო პარტნიორია, საჭირო მომენტს ელოდება. თუმცა "რბილი ძალის" მუშაობის მეთოდი არ შეუსუსტებია და, ალბათ, რამდენჯერმე ნიადაგიც მოსინჯა.

საქართველოს ბედმა გაუღიმა, როცა ამერიკის სათავეში ჯო ბაიდენი მოვიდა, რომელიც რუსეთის მხილებას არ ერიდება, ეს კი საქართველოსთვის კოზირია, რომელიც შეიძლება ძალიან გონივრულად გამოიყენოს ნატოში დაჩქარებული წესით მისაღებად, ან შესაძლოა სპეციალური პროგრამის შესაქმნელად, რომელიც მისი უსაფრთხოების მტკიცე გარანტია იქნება. იმავეს ვიტყვი უკრაინაზეც. მათ დასავლეთსა და ამერიკას უნდა აჩვენონ, რომ ვერავინ აიძულებს სომხეთივით რუსეთისკენ აიღოს გეზი.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის სათავისოდ ინტერპრეტაცია კრემლმა არ დააყოვნა, ძალიან კარგი პოლიტიკური ბერკეტია პატარა საქართველოსთვის, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ, ამჯერად სტრასბურგის სასამართლოს დოკუმენტით აჩვენოს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდა მოაწყო.

- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს რუსეთი? - ვარიანტი ბევრია. მთავარია, სად და როდის გამოიყენებს მას საქართველო. მან ყველა ტრიბუნიდან უნდა აჩვენოს მსოფლიო საზოგადოებრიობას როგორც უპირატესობა სიმართლის დოკუმენტი. არც ევროკავშირის აქტიურობა არ უნდა გამოგვრჩეს. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას უკვე ექნება სამოქმედო გეგმა, საიდან დაარტყას რუსეთს სუსტ წერტილებში, რომელიც ამ ბოლო ხანებში საგარეო ასპარეზზე ბლომად აქვს, რადგან აშშ-ში ნომერ პირველ საფრთხედ რუსეთს, უფრო სწორად, პუტინის ხელისუფლებას აღიქვამენ. ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ ევროპის წამყვანი ქვეყნების შემოერთებასაც ცდილობს, ეს კი უფრო მრავალფეროვანი ფინანსური სანქციების წინა პირობაა.

ასე რომ, ყარაბაღის ომის შემდეგ რუსეთმა სომხეთი კიდევ უფრო მიიბა, აზერბაიჯანთან კი დერეფნების საშუალებით ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცა და ეს კოზირი პუტინმა რეიტინგის ასაწევად გამოიყენა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ალექსეი ნავალნი, რომელმაც კორუმპირებული გუნდი კომფორტის ზონიდან გამოიყვანა.

- ნავალნის მიმართ საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ 2008 წლის დროინდელ მოვლენებზე განცხადებების გამო. რას უნდა ველოდოთ, თუ ის მართლა შეძლებს რუსეთში პოლიტიკურ ცვლილებებს? - მე ნავალნის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ნავალნისა და მის გუნდს იმპერიალისტური შეხედულებები და გეგმები არა აქვთ. მან განცხადებების ნაწილზე მოიბოდიშა, რაც რუს საზოგადოებაში პოპულარულ ნაბიჯად ნამდვილად არ ითვლება განსაკუთრებით პატარა საქართველოს მიმართ, თუმცა მან თქვა, რომ რუსული პროპაგანდის მსხვერპლი იყო. რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ბოლო პერიოდი მის ცხოვრებაში გარდამტეხი იქნება - ის უფრო სხვაგვარად დაინახავს პუტინის რეპრესიულ რეჟიმს. მჯერა, რომ დაფიქრდება, მით უფრო პოსტსაბჭოთა ნოსტალგია არასდროს ჰქონია.

- რას ელოდებით ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან? - ტრამპი იმიტომ კი არ იყო რუსეთისთვის მისაღები, რომ კარგი პიროვნება და პოლიტიკოსია, უბრალოდ, ის კრემლისთვის სასარგებლოდ და ამერიკისა და საზოგადოდ დასავლეთის საზიანოდ მოქმედებდა. მან პუტინს იმედი გაუმართლა. ბოლო ოთხ წელიწადში ამერიკაში დემოკრატიული ინსტიტუტები დასუსტდა, საზოგადოებამ მათ მიმართ ნდობა დაკარგა და ლამის ნატოს დაშლის საფრთხეც კი გაჩნდა. ცხადია, არ შეიძლება ჯოხი მხოლოდ ტრამპზე გადატყდეს, მაგრამ მან თავის გუნდთან ერთად ამერიკას ძალიან დიდი ზიანი მოუტანა, შეასუსტა იმ ქვეყნების ნდობაც, რომლებიც აშშ-ს მთავარ მოკავშირედ მიიჩნევენ. ასე რომ, ახლა საქართველოს ბევრი გარემოების გათვალისწინებით ხელსაყრელი პერიოდი უდგას და წარმატებას ვუსურვებ ამ გზაზე.