კირკოროვიდან ნავალნიმდე - სანქციების "ყოფნა-არყოფნა" - კვირის პალიტრა

კირკოროვიდან ნავალნიმდე - სანქციების "ყოფნა-არყოფნა"

კირკოროვიდან ნავალნიმდე - სანქციების "ყოფნა-არყოფნა"

გასულ კვირას რუსული ესტრადის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მომღერალს ფილიპ კირკოროვს ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალა. მიზეზი - კირკოროვის მიერ პუტინის რეჟიმისთვის ნამღერი დითირამბები, ყირიმში გამართული კონცერტები და საზოგადოდ, კრემლის მეხოტბეობა. ლიეტუველ ევროპარლამენტარ ნერიუს მალიუკევიჩუსთან ინტერვიუს დაწყებას სწორედ ამაზე საუბრით ვაპირებდით, მაგრამ ამასობაში ალექსეი ნავალნის ციხეში უკრეს თავი, ევროკავშირი კი ამან ისე შეაშფოთა, კომისარი ბორელი სასწრაფოდ აფრინეს მოსკოვში პუტინის რეჟიმისთვის თითის დასაქნევად. ასე რომ, კირკოროვზე საუბრის ნაცვლად, ბატონ მალიუკევიჩუსს ჯერ ის ვკითხეთ, თუ რამდენად შორს წასასვლელად არის მზად დასავლეთი ნავალნის გასათავისუფლებლად და ამ უკანასკნელის მიერ "ვლადიმირ ნიფხავთმომწამვლელად" მონათლული ადამიანის მანკიერ რეჟიმთან დასაპირისპირებლად.

- ფაქტია, რომ დასავლეთის ილუზიები, რომ სასამართლო ნავალნის მიმართ ლმობიერებას გამოიჩენდა და სანქციების აუცილებლობა არ დადგებოდა, არ გამართლდა. შეგვიძლია უსასრულოდ ვაკრიტიკოთ ევროკავშირი იმის გამო, რომ ახალი სანქციების შემოღებაზე ფეხს ითრევს ხოლმე, მაგრამ სამართლიანობის გამო ისიც უნდა ითქვას, რომ როცა ევროკავშირს სხვა გამოსავალი არ რჩება, პრინციპულობას იჩენს და ვერავინ იტყვის, რომ რუსეთზე დაკისრებული სანქციები უმტკივნეულოა და ქვეყნის კეთილდღეობაზე გავლენას არ ახდენს. რამდენად შორს წავა ამჯერად ევროკავშირი? იდეალური იქნებოდა, თუ ახალი სანქციების სამიზნე "ნორდსტრიმ 2"-ის გაზსადენი გახდებოდა, მაგრამ ამისთვის გერმანიის თანხმობაა საჭირო. ამას გარდა, დასავლეთს შეუძლია იხელმძღვანელოს ნავალნის გუნდის სიით, სადაც ამ უკანასკნელის მოწამვლაში მონაწილე ან ხელშემწყობი პირები ფიგურირებენ. ასევე კარგი იქნება, თუ ბრიუსელში გულდასმით შეისწავლიან ნავალნის საგამოძიებო ფილმებს - ვფიქრობ, იქ საკმარისად იპოვიან იმ პირებს, რომლებიც პუტინის სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენენ.

- როგორ ფიქრობთ, გაუწევს თუ არა კრემლი ანგარიშს ევროკავშირის მოთხოვნებს? - საქმე ის არის, ნავალნის დაპატიმრება პუტინის კარგად გათვლილი პოლიტიკური მანევრი იყო და არა ბრაზის გადმონთხევა და მისი გაჩუმების ცდა. ვფიქრობ ის ახლა ნავალნის სავაჭრო მონეტად გამოიყენებს დასავლეთთან მოლაპარაკებებში, რათა გონიერი ადამიანის შთაბეჭდილება მოახდინოს, რომ მზად არის დასავლეთის თხოვნას ანგარიში გაუწიოს. ნავალნის გათავისუფლება შეიძლება გახდეს "ახალი საწყისი ეტაპი" კრემლისა და ბაიდენის ადმინისტრაციის ურთიერთობებში. ასევე მოსალოდნელია, რომ პუტინმა ნავალნის თავისუფლება "ნორდსტრიმ 2"-ის ხელშეუხებლობის გარანტიებზე გაცვალოს.

- "კირკოროვის საქმესაც" დავუბრუნდეთ - მას პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა იცნობს. როგორი იყო საზოგადოების რეაქცია? - ეს 10 წლის წინ რომ მომხდარიყო, შეიძლება ფურორი გამოეწვია, ახლა კი მშვიდად მიიღეს. ფაქტია, ის პრობლემად იქცა - პრობლემა იყო მისი გამუდმებული მონაწილეობა პუტინის პოლიტიკურ ავანტიურებში, მისი ყირიმში გამართული საზეიმო კონცერტები და ასე შემდეგ.

პიარგადმოსახედიდან, კირკოროვის "შავ სიაში" შეყვანა სწორი გათვლა იყო არა მარტო იმის გამო, რასაც ის აკეთებს, არამედ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნითაც - შეიძლება სანქციები დააკისრო კრემლის ათ ოლიგარქს, რომლებზეც მოსახლეობას არაფერი სმენია, მაგრამ კირკოროვი სხვა საქმეა - ეს მოსახლეობას კიდევ ერთხელ დააფიქრებს, თუ რატომაა საჭირო რუსეთის შეკავება.

რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვინც ამით უკმაყოფილოა - მათი მთავარი არგუმენტია, რომ პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ სწორედ კირკოროვმა და მისმა იდეოლოგიურმა საძმომ დაიწყეს პირველად კრემლის პოლიტიკისა და კულტურის ერთმანეთში აღრევა. ცოტა ხნის წინ, მინსკის პროტესტების დროს, მან და მისმა თანამოაზრეებმა ლუკაშენკოს მხარდამჭერი სიმღერაც გაავრცელეს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამ სიმღერას მხოლოდ ხელოვნებისა და კულტურის გადმოსახედიდან უნდა მივუდგეთ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელ რუსეთში პოლიტიკისა და კულტურის გამყოფი ხაზი აღარ არსებობს. შესაბამისად, ჩვენც უნდა მივიღოთ ზომები, რომ კრემლის რბილი ძალის შემოტევებს გავუმკლავდეთ.

- 90-იანი წლების შემდეგ საქართველოს რუსეთისგან ბევრად მეტი ზიანი მიადგა, ვიდრე ლიეტუვას. მიუხედავად ამისა, კირკოროვი, ბეზრუკოვი, ლუჟკოვი და მისთანანი კვლავ უპრობლემოდ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას. ამაზე რას იტყვით? - ვფიქრობ, რუსეთის რბილ ძალას უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ - თუ ხელოვანები საკუთარ შემოქმედებით საქმიანობას პუტინის ლაქიობას უთავსებენ, ყირიმის აღიარების პეტიციაზე აწერენ ხელს და 2008 წლის ომს იწონებენ, ვფიქრობ, ასეთი ხალხი ავტომატურად უნდა ხვდებოდეს პერსონა ნონ გრატა სიაში.

ანალოგიური პოზიცია უნდა ჰქონდეს დასავლეთსაც, რადგან დღეს აშკარაა, რუსეთი ფიქრობს, რომ შეუძლია რაც მოეპრიანება, ის აკეთოს სამეზობლოში, შემდეგ კი დასავლეთს უტიფრად მოსთხოვოს ადამიანის უფლებებისა და ბიზნესის თავისუფლების პრინციპებით თანამშრომლობა. მსგავსი კომბინაცია შეუძლებელი უნდა გახდეს: არ შეიძლება იყო აგრესორი მეზობლებთან და შემდეგ მომგებიანი ბიზნესპროექტები გაჩარხო დასავლეთთან.

- როგორ ფიქრობთ, როცა ლიეტუველი ან ქართველი ხელოვანები და სპორტსმენები კარიერას რუსეთში აგრძელებენ, მსგავსი სცენარიც იმავე პრიზმაში უნდა აღვიქვათ? - ვფიქრობ, დღევანდელ რუსეთში თითქმის შეუძლებელია თან კარიერა აიწყო და თან კრემლისგან ნეიტრალური დარჩე. თუ ეს ადამიანები იქ კრემლის რეჟიმის კრიტიკას არ ერიდებიან, მაშინ ჩემი პატივისცემა მათ, მაგრამ ვინც ამბობს, რომ რუსეთში მიდის, მაგრამ პოლიტიკაში არ ერევა, ისინი ან თავს იტყუებენ, ან საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ. პუტინის რუსეთში ყველაფერი პოლიტიკაა და თუ რუსეთის სახელმწიფო არხზე საახალწლო კონცერტში მონაწილეობ, სხვა გზა არ გრჩება, გარდა იმისა, რომ რუსეთის აგრესიაზე თვალი დახუჭო.

ვაჟა თავბერიძე

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში