"მერობის კანდიდატებს შორის საჯარო დებატები უნდა გაიმართოს" - კვირის პალიტრა

"მერობის კანდიდატებს შორის საჯარო დებატები უნდა გაიმართოს"

რადგანაც "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრებოდა, მისი  დასახელება თბილისის მერობის კანდიდატად ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ირაკლი ალასანიას თავისი გადაწყვეტილების მართებულობის დასადასტურებლად არცთუ სუსტი არგუმენტები აქვს:

- მოულოდნელი აღმოჩნდა თბილისის მერობის კანდიდატად თქვენი დასახელება.

- ეს ჩვენი ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. თბილისის პირდაპირი წესით არჩეული მერის ოფისი არ არის მხოლოდ თბილისის მერის ოფისი. ეს იქნება პოლიტიკური პროცესებისა და მეტიც, ხელისუფლების ცვლილების დასაწყისი. ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.  მთელი საქართველო  დაინახავს, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით შესაძლებელია გამარჯვება. ეს იქნება მორალურ-ფსიქოლოგიური გარდატეხა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. არ ვაპირებთ, რეგიონებს შეველიოთ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადგილობრივი არჩევნებისას გადამწყვეტი იქნება თბილისი, დედაქალაქის მერის არჩევნები და საკრებულოს თავმჯდომარის ადგილის მოპოვების შესაძლებლობა.  ჩვენი ლოზუნგია - "მოვიგებთ თბილისს, მოვიგებთ საქართველოს". დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის დაწყება ბატონ სუბართან ერთად წარმატების წინა პირობა იქნება. იმედი მაქვს, ქვეყანაში გავაჩენთ პოლიტიკური კულტურის ახალ ელემენტებს. რაც გულისხმობს  დებატებს, ჩვენი პოლიტიკური პლატფორმის სწორად მიწოდებას საზოგადოებისათვის. ჩვენი ბრძოლა არ დაემყარება მხოლოდ ოპონენტების კრიტიკას, ჩვენ თბილისელებს შევთავაზებთ იმ ცვლილებებს, რაც მათთვის აუცილებელია.

ალიანსში გადაწყვეტილებებს ერთობლივად ვიღებთ, რადგან ჩვენი პოლიტიკური ძალა ერთი კაცის არ არის. ჩვენ არ ვგავართ სააკაშვილს, რომელმაც  ხელისუფლება ერთი კაცის ხელისუფლებად აქცია. ბატონი სოზარი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, საზოგადოებისათვის იქნება გარანტი, რომ პირდაპირი წესით არჩეულ თბილისის მერს არ ექნება განუსაზღვრელი უფლებები. საკრებულო იქნება ის ორგანო, რომელიც  ბიუჯეტის ყოველდღიურ მონიტორინგს მოახდენს.

- წინასაარჩევნო კამპანია უკვე კარგა ხნის დაწყებული აქვს გიგი უგულავას, ასევე ოპოზიციაშიც შეიძლება გამოჩნდნენ ამ პოსტის ძლიერი პრეტენდენტები (თუნდაც ლევან გაჩეჩილაძე). რამდენად გექნებათ გამარჯვების შანსი?

- ამიტომაც მიმაჩნია, რომ ძირითადმა პოლიტიკურმა ძალებმა საერთო კანდიდატი უნდა დაასახელონ. მე და ბატონ ლევანს ბევრი რამ გვაკავშირებს. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა ქალაქზე. დარწმუნებული ვარ, შეუთანხმებელი პოზიციები არ გვექნება.

- თუკი წარმატებაში დარწმუნებული ხართ, ალბათ, წინასწარი არჩევნების, ე.წ. პრაიმერის იდეაზეც არ უნდა თქვათ უარი.

- საერთო კანდიდატის შეთანხმებისთვის პრაიმერის იდეა სწორად მიმაჩნია. პრაიმერის ჩატარებას მხოლოდ და მხოლოდ მხარს დავუჭერ.

- ზოგჯერ ისმის, რომ ოპოზიციის ერთობა  დაშალა თქვენმა გადაწყვეტილებამ, წასულიყავით დიალოგზე ხელისუფლებასთან.

- არაფერი ისე შორს არ არის სიმართლისაგან, როგორც ეს ვარაუდი. პირიქით, ამ გადაწყვეტილებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რომ მშვიდად, ისტერიის გარეშე მოვძებნოთ საარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური ბრძოლისთვის საშუალებები.  დიალოგის გზას ალტერნატივა არა აქვს. რევოლუციურ ცვლილებებს არათუ მხარს არ დავუჭერ, არამედ დავუპირისპირდები, რადგან ეს სააკაშვილის დასასრული კი არა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანო იქნება. ჩვენს ქვეყანას თანამიმდევრული პოლიტიკა გამოიყვანს ჩიხიდან. ერთ დღეში ასეთი ცვლილებები არ ხდება. ვინც სხვანაირად ფიქრობს, რაც მალე გაიაზრებს ამას, მით უკეთესი იქნება  საერთო საქმისათვის.

- თუკი ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატი გიგი უგულავა იქნება, მას შეუძლია თავის მიღწევად დაასახელოს ასლან აბაშიძისაგან აჭარის გათავისუფლება (მაშინ უგულავა უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო). თქვენ რა დამსახურებებით შეგიძლიათ წარდგეთ საზოგადოების წინაშე?

- ჯერ უნდა გაირკვეს, ვინ იქნება სახელისუფლებო კანდიდატი. მომხრე ვარ, რომ მერობის კანდიდატებს  შორის საჯარო დებატები გაიმართოს. საარჩევნო კამპანია გამოაჩენს, ვის რა უკეთებია წარსულში. ეს ადვილი შესაფასებელია ფაქტებით.

- იქნებ რამდენიმე ფაქტი გაიხსენოთ?

- სახელმწიფო სამსახურში 15 წელი ვიყავი. ბევრ რამეზე საჯაროდ ლაპარაკს ვერ შევძლებ, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს, ალბათ, ვიტყვი, რა ვითარებაში და როგორ მოვახერხეთ პანკისის რეგიონის შენარჩუნება, რომელიც ფაქტობრივად დაკარგული იყო საქართველოსათვის; ვიტყვი, როგორ მოვახერხეთ აბსოლუტურად გაუცხოებულ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში ნდობის გაჩენა და შეთანხმებების მიღწევა. ასევე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ინტერესების დაცვა გაეროში, მაშინ როდესაც საქართველოში ომი მიმდინარეობდა. ეს იყო ერთადერთი ხმა საერთაშორისო საზოგადოებრიობაში საქართველოს  ინტერესების დასაცავად. ვიტყვით იმასაც, მაშინ ვინ რას აკეთებდა და როგორ იქცეოდა თბილისში. ჩვენს საზოგადოებას ამის თაობაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და პოლიტიკოსები მოვალენი ვართ, ამაზე საჯაროდ ვილაპარაკოთ.

- 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე (იმ დღეს დახვრიტეს მამია ალასანია, - ავტ.) რა განცდას იწვევს თქვენში?

- პირადი ტრაგედიის გარდა, ამ დღესთან სხვა გრძნობაც მაკავშირებს. ალბათ, Aამ დღეს ყველა ქართველს მარცხის განცდა გვაქვს. იმ ტრაგედიას, რაც ამ დღეს სოხუმში მოხდა, ვერაფრით შევცვლით, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ეს დღე ჩემში ბადებს იმის სურვილს, რომ საზოგადოებას ვუთხრა, - აღარ გავიმეოროთ შეცდომები. ჩვენ შერიგების, ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის გზით უნდა წავიდეთ. ყველა, ვინც ამ ბრძოლაში დაიღუპა, გმირი და ყველა ქართველისთვის  მაგალითის მიმცემია. ორი წლის განმავლობაში ველაპარაკებოდი აფხაზებს და ჩვენი შერიგების შესაძლებლობა დავინახე. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ვერ მიაღწია, რომ მსოფლიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ აფხაზებსა და ოსებთან დავიწყებთ სხვადასხვა ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, თუ აღვადგენთ ურთიერთობას, უსათუოდ შევძლებთ თანაცხოვრების პირობებზე მოლაპარაკებას. ამას დიდი დრო დასჭირდება და ეს პროცესი პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში დაიწყება.

- ანუ 2013 წლიდან?

- სააკაშვილზეა დამოკიდებული, მიიყვანს თუ არა საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე. მას ორი არჩევანი აქვს, - ისტორიაში დარჩება ან როგორც ხელისუფლების მშვიდობიანად გადამცემი და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის დამწყები, ან როგორც წარუმატებელი პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა. თუმც იმედი მაქვს, პრეზიდენტი სწორ არჩევანს გააკეთებს.