"მაშინვე მომეწონა. ორმხრივი სიყვარული გაჩნდა და მალე დავოჯახდით... თინი ყოველთვის ჩემი იდეური მხარდამჭერია" - კვირის პალიტრა

"მაშინვე მომეწონა. ორმხრივი სიყვარული გაჩნდა და მალე დავოჯახდით... თინი ყოველთვის ჩემი იდეური მხარდამჭერია"

"შვილებთან პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი უფროსი შვილი, ალექსანდრე, წინასაარჩევნო პერიოდში მეუბნებოდა, გეტყვი, რა უნდა გააკეთო "ლელოში" რომ ხარო"

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი - კახა კოჟორიძე, პარტიული საქმიანობის პარალელურად, საადვოკატო საქმიანობას აქტიურად განაგრძობს.  მან წლების წინ ძმასთან ერთად შექმნა კერძო იურიდიული კომპანია, სადაც, ასევე, მუშაობს კახას მეუღლე, იურისტი თინათინ ჩანადირი და მამა, რომელიც წლების განმავლობაში ხაშურში მოსამართლე იყო. როგორც ამბობს, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მამამისს სასამართლოდან წამოსვლა იმიტომ მოუხდა, რომ პროკურატურის დაკვეთა არ შეასრულა. იურისტი შვილი მამის უფლებების დასაცავად ბრძოლამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიყვანა. მართალია, წინა ხელისუფლების დროს სამართალს ვერ მიაღწია, თუმცა საიაში მისი კარიერული წინსვლა დაიწყო.

კახა კოჟორიძე:

- 2005 წელს, უსამართლობის შემხედვარემ, გადავწყვიტე, საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გამეგრძელებინა. მინდოდა, ის უსამართლობა, რასაც ვეჯახებოდი, თუნდაც იმ კერძო საადვოკატო საქმიანობის დროს სასამართლოში, პროკურატურაში, სისტემურად შემესწავლა. იმ პერიოდში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კონკურსი ჩატარდა და მონაწილეობა მივიღე, გავიმარჯვე და ასე აღმოვჩნდი საიაში ადვოკატად. ორი წლის შემდეგ უკვე გამგეობის თავმჯდომარედ ამირჩიეს, შემდეგ - იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორად. რთულ და საინტერესო საქმეებს ვიღებდი, ძირითადად, ისეთებს, სადაც პოლიტიკური ინტერესი ჩანდა. ვიცავდი აქციის დროს დაკავებულებს, 15 ივნისის, 6 მაისის, 7 ნოემბრის აქციების საქმეებში ბრალდებულებს. სამწუხაროდ, იმ რეჟიმში ასეთი ტიპის საქმეებზე სიმართლეს ვერ აღწევდი, მაგრამ ამ საქმეებს მაღალ პროფესიულ დონეზე ვაწარმოებდი.

დღემდე ამ პრინციპით ვმოქმედებ. შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ვერ მიაღწიო სამართლიან გადაწყვეტილებას, მაგრამ ბრძოლას აუცილებლად აქვს აზრი, არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი, ბოლომდე უნდა იბრძოლო, ეს შემართება მნიშვნელოვანია. უნდა გახსოვდეს, როცა მართალი ხარ, საბოლოოდ, მაინც გაიმარჯვებ. 2012 წელს საიას თავმჯდომარედ ამირჩიეს, მერე - საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ვიყავი ადამიანის უფლებების დაცვის და მართლმსაჯულების კუთხით. ესეც დიდი გამოცდილება იყო.

წლევანდელი წელი ვარკეთილში თვითნებურად აშენებული სახლების დანგრევით დაიწყო, მინდა, ამ მიმართულებით მოქალაქეებს სამართლებრივი დახმარება შევთავაზო. ამ თემაზე არა ერთი კანონი გვაქვს, დღევანდელი კანონმდებლობა თვითნებურად აშენებული სახლების დაკანონებას ითვალისწინებს, თუ ის სახლი მშენებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

- ანუ, არის იმის შანსი, რომ მათ სახლი არ დაუნგრიონ და ქონება დაუკანონდეთ? - დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას, ოღონდ კანონში კონკრეტული პირობებია გაწერილი და იმ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პრობლემა ამ კუთხით არსებობს. დღემდე საქართველოში არსებული მიწების დიდი ნაწილის მესაკუთრე სახელმწიფოა და ეს მიწები თუ მოსახლეობის ხელში გადავა და მისი მესაკუთრეები ადამიანები გახდებიან, ეს დაეხმარება ეკონომიკის გაჯანსაღებას. მინდა, შევთავაზო დაინტერესებულ საზოგადოებას, მიწის საკუთრების დაკანონებასა და სახლების დაკანონებაზე თუ პრობლემები აქვთ, შემეხმიანონ და დავეხმარებით.

- ამ ადამიანებს სახლებს რომ უნგრევენ, თუ აქვთ შანსი, დაიკანონონ ქონება, ამას სახელმწიფო რატომ აკეთებს?

- 2007 წლამდე თუ არის სახლი აშენებული და დაუკანონებელია, მაშინ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ სახლის დაკანონების შესაძლებლობას. ასევე, საკუთრებაში თუ მაქვს მიწის ნაკვეთი და იმის მომიჯნავედ თუ სხვა მიწის ნაკვეთია, იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შემიძლია გავხდე. 1990-იან წლებში მიწის რეფორმა რომ ტარდებოდა მაშინ დაარიგეს მიწები და გაიცა სხვადასხვა დოკუმენტი, მეწარმის წიგნაკი, ზოგი საგადასახადო სიებში იყო დაფიქსირებული და ა.შ იმ დროს ეს რეფორმა ძალიან სერიოზული ხარვეზით ჩატარდა. არ იყო განსაზღვრული, ვის რამდენ ნაკვეთს აძლევდა სახელმწიფო. შემდგომმა რეფორმამ კი გადაწყვიტა ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ადამიანებს ისევ აქვთ პრობლემები, არ აქვთ სათანადო ინფორმაცია მათ უფლებებზე, თუ რა პრივილეგიები აქვთ და ხშირად კომისიები შერჩევითად მოქმედებენ. თუ გავლენიანი პირი არ არის, ზოგჯერ უარს ეუბნებიან მოქალაქეს, საკითხებს სწორი შეფასება და ცოდნა უნდა.

ეს საკითხი მტკივნეულია მოსახლეობისთვის და ჩვენ ასეთ ადამიანებს ვთავაზობთ დახმარებას. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთრების დაკანონება, მიწების დაკანონება. დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას, მაგრამ უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რაც იქ არის, რომ გახდე იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რაც შენი არის, რასაც მართლზომიერად ფლობ. თუნდაც თვინებურად გაქვს, ამ შემთხვევაშიც გაქვს შანსი, გახდე იმ ქონების მესაკუთრე, მთავარია კანონის მოქმედების პერიოდში ჩაჯდე.

- კახა, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე.

- სასკოლო ასაკამდე ხან თბილისში ვიყავით, ხან ხაშურში. როდესაც ჩემი მშობლები სტუდენტები იყვნენ და უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ორი წელი კახეთში, სოფელ ველისციხეში, პაპასთან და ბაბოსთან ვიყავი. მერე ხაშურში წავედით და საშუალო სკოლა წარჩინებით იქ დავამთავრე. აქტიური ბავშვი ვიყავი, ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი. სხვადასხვა ოლიმპიადაში, ტურში ვმონაწილეობდი, ინტელექტუალურ თამაშებში ჩემი კაპიტნობით ჩვენი სკოლა პირველ ადგილზე გავიდა. პარალელურად, ჭადრაკზეც დავდიოდი, იქაც წარმატებები მქონდა.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. პროფესიის არჩევაში მამის ფაქტორი იყო გადამწყვეტი. მამა იურისტია, ხაშურში 17 წელი მოსამართლედ იყო, დღემდე საადვოკატო საქმიანობას განაგრძობს. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ არჩევანი იურიდიულზე გავაკეთე.

- მოდი, ოჯახზეც მოგვიყევით, მეუღლეზე, რომელიც, ასევე, იურისტია. როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- თინი საიაში, პროფესიულ წრეში გავიცანი, მაშინ სტუდენტი იყო, მაგისტრატურაში სწავლობდა. ჩვენთან თანაშემწედ მოვიდა, საიაში ყოველ 6 თვეში ვარჩევდით, დაახლოებით, 20 სტუდენტს, რომლებიც ჩვენთან სტაჟირებას გადიოდნენ. ისინი იღებდნენ პროფესიულ გამოცდილებას, გვეხმარებოდნენ საქმეების წარმოებაში, მათი პროფესიული განვითარებისთვის კი საიაში მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ თანამშრომლობა ყოველთვის ორმხრივად სარგებლიანი იყო. სწორედ სამსახურში გავიცანი თინი და მაშინვე მომეწონა. ეს მოწონება მალე სიყვარულში გადაიზარდა, გრძნობა მისგანაც წამოვიდა და ორმხრივი სიყვარული გაჩნდა. მალე დავოჯახდით, ლამაზი ქორწილი გადავიხადეთ და ბედნიერი ოჯახი გვაქვს. გვყავს ორი შვილი - 8 წლის ალექსანდრე და 5 წლის დანიელი. ბავშვები ძალიან მიყვარს და ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ისინიც განსაკუთრებულად მხვდებოდნენ, სადაც მივდიოდი. ეს ბავშვები ისეთი ინტერესით მისმენდნენ მათთვის უცნობ, პოლიტიკურ თემებზე რომ ვლაპარაკობდი, რომ მომინდა, წიგნები მეჩუქებინა. არ მინდოდა, საარჩევნო მოსყიდვად ჩაეთვალათ, ამიტომ როცა დამთავრდა ყველაფერი, მერე რამდენიმე სოფელში ჩავედი და ამ ბავშვებს საჩუქრად მათი ასაკის შესაფერისი წიგნები დავურიგე იმის ნიშნად, რომ განათლება არის საფუძველი კარგ საქართველოში რომ ვიცხოვროთ. ძალიან, ძალიან გაუხარდათ.

მართლაც, განათლებაა ამ ქვეყნის ხსნის მთავარი გზა. შვილებთან პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი უფროსი შვილი, ალექსანდრე, წინასაარჩევნო პერიოდში მეუბნებოდა, გეტყვი, რა უნდა გააკეთო "ლელოში" რომ ხარო - ხაშურში სწრაფი კვების რესტორანი სჭირდებათ, ასევე, ველობილიკი, კიდევ, "ლელოს" ოფისის შესასვლელში კაცი დააყენე, კანფეტები და ნაყინები რომ დაარიგოს და თქვას, - ეს ნაყინი და კანფეტები კახასგანო, კიდევ, ღარიბი ბავშვებისთვის წიგნები და საჭმელი უფასოდ რომ იყოსო... ასეთი საარჩევნო რჩევები მომცა შვილმა.

რაც შეეხება შვილებთან თამაშს და მათთან ყოფნას, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა. მათ გვერდით ბედნიერი ვარ. ალექსანდრეს და დანიელს მოსწონთ ჩემი მოყოლილი ზღაპრები. ვეკითხები, რა თემაზე გინდათ ზღაპრის მოყოლა-მეთქი და ისინი მეუბნებიან: დავუშვათ, დინოზავრებზე, ბრძოლებზე ან გამომგონებლებზეო, და მეც ვიწყებ ზღაპრის მოყოლას. წინასწარ არ ვიცი, ეს ზღაპარი როგორ დამთავრდება და როგორ განვითარდება მოვლენები. სრული იმპროვიზაციაა, მათ კი მოსწონთ, რომ ეს მონაყოლი განსხვავდება წიგნებში წაკითხულისგან. სულ სხვადასხვა ამბავს ისმენენ, იმავე ზღაპარს ვერ გავიმეორებ და ამიტომ ყოველთვის ვეუბნები, ახალ ზღაპარს მოგიყვებით-მეთქი.

საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ძირითადად, ხაშურში ვიყავი და ოჯახს ვერ ვნახულობდი. გამიჭირდა მათ გარეშე ყოფნა. 2016 წელს ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით ერთი წლით წავედი სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ვსწავლობდი იურიდიული მიმართულებით. მაშინაც მომიწია ოჯახის დატოვებამ. ეს ძალიან რთული ამბავი იყო, მაგრამ ისევ მათი კეთილდღეობისთვის მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- თქვენი მეუღლე ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში?

- ჩართული იყო, მაგრამ რადგან ბავშვები თბილისში იყვნენ, უფრო აქ უწევდა ყოფნა. პროცესში არ მონაწილეობდა, მაგრამ რამდენჯერმე, როცა საოკუპაციო საზღვარზე წავედი, თინიც გამომყვა. იგი ძალიან აქტიურად ცდილობდა ჩემს დახმარებას. მთავარი ის იყო, რომ იმ პერიოდში მისი იმედი მქონდა - ბავშვებთან იყო. თინი ყოველთვის ჩემი იდეური მხარდამჭერია. რჩევებსაც მაძლევდა - მეუღლემ ისეთი რამ შეიძლება შენიშნოს, რასაც სხვა ვერ შენიშნავს, ან სხვა არ გეტყვის. ცხადია, ესეც მნიშვნელოვანი დახმარებაა ჩემთვის.

- მეუღლეს სიურპრიზებით ანებივრებთ? - ვფიქრობ, საკმარისად. ძალიან მიყვარს პოეზია და მას ხანდახან ლექსებსაც ვუძღვნი. უფრო მეტი ლექსი შეყვარებულობის პერიოდში მაქვს დაწერილი. რა თქმა უნდა, მერეც მიმიძღვნია. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ იმ თარიღებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენს ურთიერთობაში, მაგალითად, პირველ შეხვედრას, დღეს, როდესაც პირველად გამოვუტყდი მას სიყვარულში, ქორწინების დღეს, ბავშვების დაბადების დღეზეც ვცდილობ, საჩუქარი მეუღლესაც მივუძღვნა. რაც ჩვენს ურთიერთობას უკავშირდება, ეს დღეები ჩვენთვის ძვირფასია.

- რა გატაცება გაქვთ?

- ძალიან მიყვარს მცენარეები და ნერგების დარგვა, მათი მოვლა. საარჩევნო კამპანიის დროსაც წარმატებული იყო ხეების დარგვის კამპანია. 2 წლის წინ "ფეისბუკზე" გავაკეთე გვერდი - დარგე ნერგი. მე ვრგავდი ნერგებს და მერე ვიწვევდი ჩემს მეგობრებს, ისინი - თავიანთ მეგობრებს და ეს იდეა ბევრმა გაიზიარა, მათ შორის, ჩემი შვილის სკოლამ და ძალიან გამიხარდა. თბილისი, ევროპის მასშტაბით, ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. უფასო იურიდიულ დახმარებას ვუწევ იმ აქტივისტებს, რომლებიც ტყე-პარკის გადასარჩენად იბრძვიან და ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. სიმწვანე აკლია ჩვენს ქალაქს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

პლანეტის ნომერ პირველი მტერი კლიმატის ცვლილებაა, რომელიც ადამიანების არაგონივრულ საქმიანობას უკავშირდება და ხშირად იმდენად არაგონივრულია, ადამიანის სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის პლანეტაზე. ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ხეების დარგვაში, უნდა გავითავისოთ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილების, შვილიშვილების დროს, ეს პლანეტა იყოს სიცოცხლისთვის ვარგისი.

ქართულ პოლიტიკაში ეს თემა საერთოდ არ არის აქტუალური. ასეთი გლობალური საკითხებისთვის არავის სცხელა. სამწუხაროდ, ვიღაცამ ვიღაცას რომ შეაგინა და გაულაწუნა, ეს უფრო აქტუალური თემაა, ვიდრე ის, რაც სიღრმისეულ განსჯას საჭიროებს. განათლების თემაა და, კარგი იქნება, თუ ბაღის ასაკიდან დავიწყებთ ბავშვების სწორ აღზრდას და ეცოდინებათ, გაფრთხილება რომ სჭირდება იმ გარემოს, სადაც უნდა იცხოვრონ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს გორის ერთ სოფელში ვიყავით, ვაშლის ბაღში. ზღარბების ოჯახი ვნახეთ, დატყვევებული. დიდები და პატარები საწყლად იყვნენ მობუზულები. მესაკუთრე ჯერ  2 პატარა ზღარბის გათავისუფლებაზე დავითანხმეთ და მერე - ყველა გავუშვი.

- პანდემიის დროს, ალბათ, უფრო მეტად იცლიდით ოჯახისთვის, არა? - ძალიან მიკვირს, რომ ჯერჯერობით კოვიდი არ შემხებია, თუმცა იმდენ ადამიანთან მქონდა შეხება, შეიძლება, გადატანილიც მაქვს. ყოველდღე რამდენიმე სოფელში მქონდა შეხვედრა. ხაშურში ვინც კენჭს იყრიდა, ყველა კანდიდატის აქტივობა ერთად რომ შეაჯამო, იმაზე მეტი მასშტაბური აქტივობა მქონდა, მაგრამ მხოლოდ "ქართული ოცნების" და "ნაცმოძრაობის" კამპანია ჩანდა, მათ მედიის სერიოზული მედიამხარდაჭერა ჰქონდათ, მე კი - არ მქონდა.

შვილებთან ხშირი ურთიერთობა არჩევნების დროს არ მქონია, ამას ბოლო დროს უფრო მეტად ვახერხებ. ახლა მივიყვანე ფეხბურთზე, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სკოლა და ბაღი არ არის და სულ სახლში ყოფნა ბავშვებისთვის სტრესულია. აუცილებელია სხვა ბავშვებთან ურთიერთობა ჰქონდეთ, უბედნიერესები არიან, როცა ფეხბურთი აქვთ, მიფრინავენ, უყვართ თამაში.

განათლების სფეროს გახსნა მნიშვნელოვანია, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. მესმის ამ პირობებში შეიძლება ყოველდღე ვერ იფუნციონიროს სკოლამ, მაგრამ კვირაში რამდენიმე დღე მაინც უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი გაკვეთილები. ეს მათთვის დიდი სარგებელი იქნება, სრულ “ლოკდაუნს“ კატეგორიულად არ ვეთანხმები, ონლაინგაკვეთილი ვერ იქნება ისეთი ეფექტიანი, როგორც არის საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილი. ეს განსაკუთრებით დამთრგუნველი არის პირველკლასელებისთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან, სკოლა კომპიუტერია თუ - სხვა რამე.

(სპეციალურად საიტისთვის)