"მერის არჩევნებში მონაწილეობას მაშინ მივიღებ, თუ საერთო გადაწყვეტილება იქნება" - კვირის პალიტრა

"მერის არჩევნებში მონაწილეობას მაშინ მივიღებ, თუ საერთო გადაწყვეტილება იქნება"

"ვფიქრობ, ძალიან ბევრს ვფიქრობ", - გვითხრა ლევან გაჩეჩილაძემ, როდესაც პასიურობის მიზეზი ვკითხეთ. ერთი შეხედვით, ოპოზიციას პოლიტიკური დეპრესიის ნიშნები ემჩნევა.

რაკი 116-დღიანმა აქციებმა შედეგი ვერ მოიტანა, ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. რას აპირებს ოპოზიცია საშემოდგომოდ, "დაიცავი საქართველოს" ლიდერს, ლევან გაჩეჩილაძეს ვკითხეთ:

- ლევან, ოპოზიცია გაზაფხულზე აცხადებდა, სააკაშვილი უნდა დავამთავროთო, მაგრამ ის ისევ პრეზიდენტია და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ლაპარაკობს ქვეყანაში დემოკრატიის აღმავლობაზე, რეფორმებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.

- სააკაშვილის გაეროში გამოსვლა ჩემთვის არაფერს ცვლის. მე და ჩემი მეგობრები ისევ სამართლიანობისა და საქართველოსთვის ვიბრძოლებთ. ამ ორი წლის განმავლობაში ოპოზიციამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა. სააკაშვილს დემოკრატის ნიღაბი ჩამოხსნა. ჩვენ დავანახვეთ მსოფლიოს, რომ ეს კაცი მიზანმიმართულად ჩაგრავს თავის ამომრჩეველს, ოპოზიცია კი უპირველეს მტრად ჰყავს დასახული. საქართველო ისევ მძიმე მდგომარეობაშია, როგორც ორი წლის წინ, და ამიტომაც ჩემი პოლიტიკური ბრძოლის მთავარ ამოცანად სააკაშვილის გადადგომა და ქართული პოლიტიკიდან მისი წასვლა მიმაჩნია. ამისათვის ღრმად გასაანალიზებელია ის, რაც ორი წლის განმავლობაში მოხდა. სააკაშვილის ადგილას რომ ვიყო, ოპოზიციის ამდენი ბრძოლის შემდეგ გადავდგებოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, საამისოდ საჭირო სინდის-ნამუსი და საქართველოს სიყვარული არა აქვს. უფრო შედეგიანი და შეუპოვარი რომ გახდეს ჩვენი ბრძოლა, დაშვებული შეცდომებიდან დასკვნის გამოტანა გვმართებს.

სააკაშვილი ტყუილების გუდაა და გაეროს ტრიბუნიდანაც ჩვეულებისამებრ ტყუოდა. გვპირდებოდა, ოპოზიციონერებს დავნიშნავ ძალოვან სამინისტროებშიო, მაგრამ არ დანიშნა. ისიც თქვა, "მაესტროს" ლიცენზია მივეციო, მაშინ როდესაც მოსპო ამ ტელეკომპანიის მაუწყებლობა ახმეტასა და რუსთავში. სააკაშვილს დღეს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლია: ან ხალხის მონაპოვარი ბარტყებივით გადმოყაროს (შეასრულოს დასავლეთთან აღებული ვალდებულებები), დაიწყოს დათმობა და როდესაც ერთს დათმობს, დათმობს ყველაფერს და მოაახლოებს თავისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს, ან კიდევ არაფერს დათმობს, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება და თავს ჩიხში მოიქცევს. თუ სააკაშვილი მეორე გზას აირჩევს, საპროტესტოდ ბევრად მეტი ადამიანი გამოვა და სააკაშვილის რეჟიმს უსისხლოდ დაასრულებს.

სააკაშვილი გაეროში კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაზე ლაპარაკობდა, მაშინ, როდესაც საამისო რესურსი აბსოლუტურად ამოწურული აქვს. დამწვარი აქვს ხიდები რუსეთთანაც, ოსებთანაც და აფხაზებთანაც. ამიტომაც ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები ქვეყნის ღალატად მიმაჩნია. თუ საქართველოში ეკონომიკური აღმავლობა დაიწყება, პრიორიტეტული იქნება ადამიანის უფლებები, სამართლიანი სასამართლო და ქვეყანაში კეთილდღეობა დამყარდება, მაშინ აფხაზსაც და ოსსაც მოუნდებათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და აღარ მიეკედლებიან რუსეთს. მაგრამ სააკაშვილს მშვიდობიანი პოლიტიკა არასდროს ჰქონია და არც ექნება. ის ბუშის აგრესიული პოლიტიკის ნაწილია და მისი ადგილი უკვე აღარ არის მსოფლიო პოლიტიკურ დაფაზე.

- ამბობთ, შეუპოვარ ბრძოლას ვაპირებთო, მაგრამ ჯერჯერობით ოპოზიციას აქტიურობისა და შეუპოვრობის ნატამალი არ ეტყობა.

- ოპოზიცია ამ ბრძოლამ დაღალა. როდესაც ქვეყანას ასეთი უნამუსო რეჟიმის მარწუხებში ხედავ, საკუთარ სისხლსაც კი დაღვრი, ოღონდაც ეს რეჟიმი მშვიდობით გაისტუმრო, მაგრამ ამათ ნამუსი არა აქვთ, მშვიდობიანად არ მიდიან და ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებენ. ხშირად არ მაძინებს უსამართლობა, რომელსაც ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები. ძნელია ხალხის ლიდერის ტვირთის ტარება. ოპოზიციასაც სჭირდება ძალის მოკრება და ნაბიჯების ახლებურად გააზრება. აღარ გვინდა შეცდომების გამეორება.

- მაინც რა იყო ოპოზიციის მთავარი შეცდომა?

- ოპოზიციის ერთობა ისეთი მტკიცე არ აღმოჩნდა, როგორიც გამარჯვებისთვის იყო საჭირო. ალბათ, მეტი დრო უნდა დაგვეთმო აქციების დაგეგმვისა და შედეგების გათვლისათვის. თუმც გვქონდა მიღწევებიც. თუნდაც ის რად ღირს, რომ ხალხში სამოქალაქო პასუხისმგებლობამ გაიღვიძა. ფაქტობრივად, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისაგან შექმნილი პატრიოტული ლაშქარი გვყავს, რომელიც ოპოზიციის ყველა მოწოდებაზე გამოვიდა ქუჩაში. განგებამ ინება, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ეს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. არ მინდა, ერთი კაცის ხელისუფლებიდან მოცილებისთვის ხალხსა და ქვეყანას ვავნო. არ მინდა, სააკაშვილი ძალით გავაგდო ხელისუფლებიდან და გმირად ვაქციო. საზოგადოების ნაწილი რატომღაც ისევ კერპისა და ლიდერის ძებნაშია. ხელისუფლებაში კერპები კი არა, დაქირავებული ადამიანები უნდა მოიყვანოთ, რომლებიც თქვენ და ქვეყანას უნდა ემსახურონ. როდესაც ხელისუფალს კერპად დასახავ, შენ აღარაფრად ჩაგაგდებს.

- მაშინ როდესაც ოპოზიციაში ერთობა ნაკლებად ჩანს, რამდენად იქნება თქვენი ბრძოლა შედეგიანი?

- ყველა ოპოზიციური ძალა, დაწყებული შალვა ნათელაშვილით და ალიანსით დამთავრებული, სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟის მომხრეა. ამ ზოგად ამოცანაში ყველა ერთიანი ვართ. ზოგჯერ ხდება, ზოგიერთ ლიდერს პირადი ამბიცია სძლევს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი, ადამიანური მომენტია. კარგია, რომ პოლიტიკური გაერთიანებები იქმნება, რადგან ძალა ერთობაშია.

- ითქვა, რომ ირაკლი ალასანიამ მის გუნდში შესვლა შემოგთავაზათ.

- ირაკლი ალასანიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემს კოლეგებზე აუგს არასოდეს ვამბობ, რადგან სააკაშვილთან ბრძოლაში აუცილებლად მიმაჩნია ოპოზიციის ერთობის შენარჩუნება. ირაკლი ალასანიამ გადაწყვიტა, თბილისის მერობისთვის იბრძოლოს. ამ ეტაპზე რაიმე ნაბიჯის გადადგმისაგან თავს ვიკავებ, რადგან ორჯერ უკვე ვმონაწილეობდი ისეთ არჩევნებში, რომელიც ვანო მერაბიშვილმა და ლევან თარხნიშვილმა გააყალბეს. საარჩევნო გარემო ჯერ არ გაუმჯობესებულა, ამიტომაც ჯერჯერობით გადაწყვეტილებას არ მივიღებ და ეს ირაკლისაც ვუთხარი. ხომ ხედავთ, უკვე ლაპარაკობს საპარლამენტო უმრავლესობა, პირდაპირი წესით არჩეული მერი არ გვინდაო. სააკაშვილმა კი თქვა, საარჩევნო კანონმდებლობას შევცვლი და მაისში მერის არჩევნები იქნებაო, მაგრამ ის ხომ ჰიპერმატყუარა კაცია და როგორ დავუჯერო? განა ცოტა რამ უთქვამს და არ შეუსრულებია?

- თუ საარჩევნო გარემო და კანონმდებლობა შეიცვალა, მერობისთვის იბრძოლებთ?

- ამ კითხვაზე ჯერ არა მაქვს პასუხი. მე არ ვიბრძვი თანამდებობისთვის. ჩემი ამოცანა სააკაშვილის სისტემის დემონტაჟია. მერის არჩევნებში მონაწილეობას მაშინ მივიღებ, თუ ეს იქნება ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება, ხალხის მოთხოვნა და მეტი გარანტია გვექნება იმისა, რომ სააკაშვილს თბილისს წავართმევთ.

ოქტომბრის ბოლოს ფილიპ გორდონის მიწვევით აშშ-ში გავემგზავრები. იქ კიდევ ბევრ რამეს გავარკვევ. მაინტერესებს, რამდენად შეიცვალა განწყობა საქართველოსა და სააკაშვილისადმი ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ. თუ აშშ-ს საქართველოს სახით სტაბილური მეგობარი უნდა, დესტაბილიზაციის წყაროს - სააკაშვილის მშვიდობიანად გადაყენებაში უნდა დაეხმაროს ოპოზიციას.