მიდი-მოვდივარ, ანუ რა ხდება ქართულ პოლიტიკაში
მიდი-მოვდივარ, ანუ რა ხდება ქართულ პოლიტიკაში
"არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს "ევროპული საქართველოს" დაშლაში სააკაშვილის ხელი ურევია. უფრო ბუნებრივი პროცესი მიდის, მარცხს ასეთი შედეგი ხშირად მოსდევს... დღეს ამ პარტიას, ისევე როგორც დანარჩენ ოპოზიციას, ხარისხიანი თამაშის კრიზისი აქვს. ინტელექტუალი პოლიტიკოსებისთვის ოპოზიცია უპერსპექტივო არეალი აღმოჩნდა და ახლა იმედგაცრუებული გარბიან..."

ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების აზრით, ქვეყანაში ახალი და რთული პოლიტიკური პროცესი იწყება. შეუქცევადი ხასიათი მიიღო პარტიული ლიდერების გადინებამ "ევროპული საქართველოდან". აღარაფერს ვამბობთ ორი თვის წინ ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლაზე. დღეს მის
გზას ზურაბ ჭიაბერაშვილიც დაადგა. გავრცელებული ვერსიით, შესაძლოა ჭიაბერაშვილს ირმა ნადირაშვილი და გიგი წერეთელიც მიჰყვნენ. "პარტიულ პოლიტიკაში" პაუზის აღება დააანონსა დავით ბაქრაძემაც. მომავალ კენჭისყრაზე პარტიის გენერალურ მდივნობაზე კენჭისყრას აღარ აპირებს გიგი უგულავა.­ მას შემდეგ, რაც უგულავას კიევში ვიზიტი და ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის ფაქტი გახმაურდა, გავრცელდა მოსაზრება,
რომ შესაძლოა ის სააკაშვილთან ურთიერთობის დალაგებას და "ნაცმოძრაობაში" დაბრუნებას ცდილობს.

სააკაშვილს უკავშირდება ნიკა მელიასთან დაკავშირებული სკანდალიც. ექსპერტთა ნაწილის აზრით, მელია სააკაშვილის წაქეზებით აცხადებს, რომ გირაოს არ გადაიხდის და თუ საჭირო გახდება, ციხეშიც წავა. მეორე მხრივ, უცნაური ტენდენციები შეინიშნება მმართველ გუნდშიც. "ოცნების" ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს, რომ პარტიაში კლანური დაპირისპირება არ არის და საზოგადოებას ერთმანეთისადმი კეთილგანწყობაში არწმუნებენ. რა ხდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ვის აძლევს ხელს "ევროპული საქართველოს" დაშლა, რას შეიძლება უკავშირდებოდეს გიგი უგულავასა და გიორგი ვაშაძის ვიზიტი კიევში, შევლენ თუ არა პარლამენტში რესპუბლიკელები, დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას - უმრავლესობამ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ აქტუალურ საკითხებზე ექსპერტი რამაზ­ საყვარელიძე­ გვესაუბრება:

- სიმართლე გითხრათ, არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს "ევროპული საქართველოს" დაშლაში სააკაშვილის ხელი ურევია. ვფიქრობ, უფრო ბუნებრივი პროცესი მიდის. მარცხს ასეთი შედეგი ძალიან ხშირად მოსდევს. მარცხში საპარლამენტო არჩევნებში აღებულ 3%-ს არ ვგულისხმობ. ფეხბურთელებზე ხშირად გვსმენია, წააგეს, მაგრამ კარგად ითამაშესო. გულშემატკივრებისთვის როგორც ფეხბურთში, ასევე პოლიტიკაშიც წაგება-მოგებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხი. დღეს "ევროპულ საქართველოს", ისევე როგორც დანარჩენ ოპოზიციას, ხარისხიანი თამაშის კრიზისი აქვს. ოპოზიციამ ამომრჩეველს ფართომასშტაბიანი სურათი ვერ დაანახა. ინტელექტუალი პოლიტიკოსებისთვის ოპოზიცია უპერსპექტივო არეალი აღმოჩნდა და ახლა იმედგაცრუებული გარბიან.

- როგორ გგონიათ, სად?
- ეს ჯერ ძნელი სათქმელია. ისე კი ძალიან გამიკვირდებოდა, რომ არ გაქცეულიყვნენ. ძნელია გონიერი ხალხის დარწმუნება, რომ მიტინგზე დგომით ქვეყანა აშენდება. მხოლოდ "ევროპული საქართველო" ხომ არ დატოვეს ლიდერებმა? "ლელოდანაც" წავიდნენ გიორგი კანაშვილი და ლევან კობერიძე. დავით უსუფაშვილი აღარ ჩანს. ბექა ნაცვლიშვილმა "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დატოვა. "გირჩი" ორად გაიყო. მგონი, პროცესი კიდევ გაგრძელდება. დღეს ოპოზიცია დაახლოებით "სოფლის მაშენებლების" პოზიციაშია. მათი აზრით, "სოფლის შენებას რა უნდა და ერთი კარგი სიმღერა უნდა".

- მას შემდეგ, რაც "ნაცმოძრაობა"­ გრიგოლ ვაშაძემ დატოვა, გავრცელდა ვერსია, რომ პარტიას სალომე სამადაშვილი და რომან გვენცაძეც ტოვებდნენ. თუმცა­ იქ პირიქით მოხდა, პარტია ახალი ძალებით შეივსო.
- "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგი გარკვეულწილად მელიამ შეცვალა. ჩემი შეფასებით, ის ამ პარტიის დემოკრატიის გამოვლინებაა. რას ვგულისხმობ? არჩეული ლიდერია. არსებობს ეჭვი და მეც ასე ვფიქრობ, რომ მელია სააკაშვილის მხარდაჭერილი კანდიდატი არ არის. მისი თანამებრძოლი და მეგობარი ლევან ვარშალომიძე იყო, მაგრამ ხალხმა მელია აირჩია. ამ ფაქტის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალებმა" ბელადომანიის გზიდან გადახვევა დაიწყეს. ახლა თავად "ნაციონალებს" შორის არის გაჩაღებული ბრძოლა. ეს ამბავი მალე არ დასრულდება. სააკაშვილი ცდილობს წაახალისოს მელია, რომ გირაო არ გადაიხადოს. მისი დაჭერით ორ კურდღელს იჭერს - უფრო ამწვავებს საპროტესტო მუხტს და გზიდან იშორებს კონკურენტს. კერძოდ, დაპატიმრებული მელია ვეღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, ახალი თავმჯდომარის საკითხი დადგება და შეიძლება ამ პოსტზე ვარშალომიძე ვიხილოთ. შეიძლება ითქვას, სააკაშვილი მელიას გმირად ხდის, მაგრამ პარტიის მართვას აშორებს.

- ნიკა მელიას დაპატიმრება "ოცნებისთვის" დიდი რისკის შემცველია. ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე მიმართეს ხელისუფლებას მელიას პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით. ამასთან, დასავლელ პარტნიორებთანაც შესაძლოა უცნაურად გამოჩ­ნდეს, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, რომელსაც საპარლამენტო­ უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე­ არ დაუკმაყოფილეს, იმუნიტეტი მოუხსნან და დააპატიმრონ.­ "ოცნების" ლიდერები კი ამბობენ, რომ მელიას თავისივე დაგებულ ხაფანგში მოუწევს გაბმა, მაგრამ მათი განცხადებები ყოველთვის არ შეესაბამება მათივე საბოლოო გადაწყვეტილებებს. თქვენი ვერსიით, როგორი შეიძლება იყოს ვერდიქტი?
- გეთანხმებით, ჩვენს რეალობაში პოლიტიკოსის, როგორც ხელისუფლების წევრის, ისე ოპოზიციონერის სიტყვა და საქმე იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს. მელიას დაპატიმრება-არდაპატიმრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად გამოიცნობს "ოცნება" მოწინააღმდეგის საჭადრაკო სვლას. თუმცა ბიძინა ივანიშვილის დახმარების გარეშე დიდი ვერაფერი მოჭადრაკეები არიან. ერთი რამ მეტ-ნაკლებად ცხადია - მმართველ გუნდს მოუწევს იმის გათვალისწინება, რომ მათ მხარდამჭერებს არ მოსწონთ "ნაციონალ­ებთან" ლოიალურობა. ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას დაუსჯელად დატოვება დენთის კასრზე დაჯდომის ტოლფასია. შესაძლოა ის დღესვე არ აფეთქდეს, მაგრამ მომავალ არჩევნებში, თვითმმართველობის იქნება თუ საპარლამენტო, "ოცნებას" თავისი ამომრჩეველი ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. თქვენ დასავლელი პარტნიორები ახსენეთ, მათ შორის, ალბათ, ამერიკელებიც იგულისხმეთ. შეგახსენებთ, ამერიკელებმა რა დღეში ჩააგდეს ტრამპი, რომლის მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ. თქვენ მელია დონალდ ტრამპს არ გაგონებთ?


- სიმართლე გითხრათ მიჭირს მათი ერთმანეთთან დაკავშირება, თუმცა თქვენ ფსიქოლოგიც ბრძანდებით და, ალბათ, მათ თვისებრივ მახასიათებლებს შორის პარალელის გავლება უკეთ შეგიძლიათ. დავუბრუნდეთ მმართველ გუნდს, რამდენად გულწრფელები­ არიან, როცა ერთიანობასა და მონოლითურობაზე ლაპარაკობენ. რა პროცესები შეიძლება განვითარდეს "ოცნებაში" მას შემდეგ, რაც პარტია ივანიშვილმა დატოვა?
- მჯერა, რომ ამ ეტაპზე გულახდილები არიან. ამჟამად ნამდვილად არ არის მათ შორის დაპირისპირება, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც პოლიტიკის ფსიქოლოგიის სპეციალისტი, დარწმუნებული ვარ ეს ერთიანობა დიდხანს ვერ გასტანს. პოლიტიკის ისტორია გვასწავლის, რომ გამორიცხულია, სახელისუფლებო დიდ ჯგუფებს შორის დროთა განმავლობაში დაპირისპირება არ დაიწყოს. მმართველ გუნდში დაპირისპირების მომსწრენი აუცილებლად გავხდებით. თუმცა ეს იქნება დაპირისპირება და არა გაქცევა პარტიიდან, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება.

- მმართველი გუნდისთვის არის თუ არა კიდევ ერთი გამოწვევა რესპუბლი­კელების ინიციატივა, - თუ "ოცნება" ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ კანონპროექტს?
- მე უფრო მგონია, ამ ინიციატივის მიზანი პარლამენტში შესვლა და შემდეგ იქ გამაგრებაა.

- ამის ფიქრის მიზეზს რა გაძლევთ?
- თქმა, თუ მმართველი გუნდი კანონპროექტს დაარეგისტრირებს, ჩვენ პარლამენტში შევხტებით და მერე ისევ გამოვხტებითო, არასერიოზულია. რესპუბლიკელები ნულოვან ბარიერსა და სრულად პროპორციულ სისტემას 2024 წლისთვის ითხოვენ. "ოცნება" ამ დროისთვის ისედაც აპირებს ამ ცვლილებებს, ვადამდელ არჩევნებზე კი ასეც უარს ამბობს და ისეც. რესპუბლიკელები ახლა იწყებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ზრუნვას?!

- თუ ასეა, "ოცნებამ" რატომ შეაფასა­ ეს ინიციატივა არასერიოზულად? ფაქტობრივად, კომპრომისზე წასვლის გარეშე მიიღებდნენ პარლამენტში კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიას.
- მიიღებდნენ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ სურთ?

- რას გულისხმობთ?
- რაც უნდა გულის გამგმირავი განცხადებები აკეთოს მმართველმა გუნდმა, თითქოს თავს იკლავენ იმაზე ფიქრით, როგორ შეიყვანონ ოპოზიცია პარლამენტში, ამას ვინ დაიჯერებს? ადამიანური თვალსაზრისით შევხედოთ საკითხს. რად უნდა "ოცნებას" ზედმეტი თავსატეხი პარლამენტში?! მოიგეს არჩევნები და არხეინად სხედან. შემპასუხებელიც არავინ ჰყავთ.

- ხელისუფლებას თუ დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია, სწორედ ერთპარტიულობა უნდა იყოს მისთვის თავსატეხი.
- დიახ, მრავალპარტიული პარლამენტი ნამდვილად არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტი­, რადგან ერთპარტიული პარლამენტი ხელისუფლებას უქმნის კომფორტს. კომუნისტების დროს ერთპარტიული სისტემა გვქონდა. ჩინეთში დღესაც ასეთი სისტემაა. რატომ მიიჩნევა ჩინეთის ხელისუფლება დიქტატორულ რეჟიმად? იმიტომ, რომ ხელისუფლება არ უშვებს პარლამენტში არავის, გარდა კომუნისტური პარტიისა. თუმცა თუ "ოცნება" ამ მხრივ გახსნილია, მაგრამ თავად ოპოზიცია ამბობს უარს პარლამენტში შესვლაზე, დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება.

"ნაციონალებს" იმის იმედი აქვთ, რომ შორიდან, ანუ დასავლეთიდან კარგად არ ჩანს, ხელისუფლების დიქტატორული რეჟიმის ბრალია პარლამენტის ერთპარტიულობა, თუ ოპოზიციის დესტრუქციულობის. შესაბამისად, ცდილობს, ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალოს. თუმცა "ოცნება" აქაც ჯობნის სტრატეგიით და საქმეში ფასილიტატორ ელჩებს რთავს.­ დღეს ხელისუფლებას შეუძლია ამერიკის და ევროკავშირის ელჩები დაიმოწმოს, რომ ყველაფერი გააკეთა ოპოზიციის პარლამენტში შესასვლელად, მაგრამ ვერაფერს გახდა.

- როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესი?
- თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, დაახლოებით იგივე სურათი იქნება, რაც აქამდე იყო - ძველებურად არაპროდუქტიული იქნება. თუ არ შევლენ, დარჩებიან ქუჩაში და ამით დაამთავრებენ პოლიტიკურ ცხოვრებას.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები