"რესპუბლიკელების ინიციატივა მკვდრად შობილია" - კვირის პალიტრა

"რესპუბლიკელების ინიციატივა მკვდრად შობილია"

"მე ის მახარებს, რომ მსგავსი ტურბულენტობა "სტრატეგია აღმაშენებელში" არ არის"

კიევში ვიყავი და წასვლას ისევ ვაპირებ, მაგრამ სააკაშვილს არ შევხვედრივარ და არც ვგეგმავ რაიმეს. ჩემი და სააკაშვილის გზა უკრაინაშიც გაიყარა და საქართველოშიც", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. ის "ევროპულ საქართველოში" მიმდინარე პროცესებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ნებისმიერ ერთ ოპოზიციურ პარტიაში ტურბულენტობა საერთო-ოპოზიციური ფონის შეფასებაზეც ახდენს გავლენას. როგორია დღეს ქვეყანაში არსებული საერთო-ოპოზიციური ფონი, რა გამოწვევების წინაშე დგას "სტრატეგია აღმაშენებელი", ამის შესახებ გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტიაში სხვადასხვა ტიპის პროცესები დაიწყო. "ნაცმოძრაობა" პარტიის ლიდერმა დატოვა, "გირჩი" შუაზე გაიყო, "ლელოშიც" მოხდა რაღაც-რაღაცები... გამონაკლისი არც "ევროპული საქართველოა". ვფიქრობ, პროცესი ჯანსაღია, თუმცა ხალხს ეს მაინც აღელვებს. მე ის მახარებს, რომ მსგავსი ტურბულენტობა "სტრატეგია აღმაშენებელში" არ არის.

- თქვენ ერთ-ერთი ხელმომწერი ხართ იმ განცხადებისა, რომლითაც ოპოზიცია ხელისუფლებას მელიას პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადება, რომ პროკურატურისგან დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის და კანონს არ დაემორჩილება, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ? - შეფასების საკითხია, არღვევს თუ არა კანონს მელია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ არარსებულ ამბოხში დასდეს ბრალი, კანონს მელია კი არა, პროკურატურა არღვევს.

- თქვენ რას იზამთ, თუ ნიკა მელიას დააპატიმრებენ? - გავაპროტესტებ პოლიტპატიმრების არსებობას, ისევე როგორც აქამდე ვაპროტესტებდი. სამწუხაროდ, მელია პირველი ნამდვილად არ იქნება. შეგახსენებთ, რომ რურუა დღემდე უკანონოდ ზის ციხეში.

- ოპოზიციონერი ლიდერები გამუდმებით ცდილობთ საზოგადოება ოპოზიციური ერთობის მონოლითურობაში დაარწმუნოთ. თუმცა, როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ძალა რაიმე ინიციატივას წამოაყენებს, დანარჩენი ოპოზიცია მაშინვე უპირისპირდება... - რომელ ინიციატივას გულისხმობთ?

- ასეთი არაერთი შემთხვევა შეიძლება დასახელდეს, თუმცა ამჯერად ბოლოდროინდელ ფაქტს ვგულისხმობ - ოპოზიცია მწვავედ შეხვდა რესპუბლიკელების ინიციატივას უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ. - ოპოზიციაში არაერთი პოლიტიკური ჯგუფია და ყველა მათგანი თავისებურად ხედავს პროცესს. პირადად მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ჩვენ არც განსხვავებული აზრის გამო დავსხმივართ ვინმეს თავს. ზოგიერთი ნამდვილად რადიკალურია და ეს მეც არ მომწონს. რაც შეეხება რესპუბლიკელების ინიციატივას, თავისთავად ის, რომ კანონპროექტი ინიცირებული არ არის და მმართველი გუნდი არც აპირებს განხილვას, საკითხი მკვდრად შობილია. ახლა რაც შეეხება უბარიერო სისტემას. ოპოზიციონერი კოლეგებისთვისაც არაერთხელ მითქვამს, რომ მე ამის წინააღმდეგი ვარ. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ერთი, საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, რომ ბარიერი უნდა იყოს, საჭიროა. მსოფლიო პოლიტიკაში არ ვიცნობ პრაქტიკას, სადაც ბარიერი არ არის. პარტიას მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ერთპროცენტიანი იქნება, ორი თუ სამი.

- თუმცა თქვენ მხარი დაუჭირეთ ამ საკითხის მოლაპარაკების მაგიდაზე გატანას. - კი, მხარი ნამდვილად დავუჭირე, იმიტომ, რომ სხვებმა იმ საკითხებს დაუჭირეს მხარი, რაც მე მაინტერესებდა. ეს იყო ჩვენი კონსენსუსისა და შეთანხმების საგანი. უბარიერო სისტემა "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" არ არის ამოსავალი წერტილი, რის გამოც რაიმე დათმობაზე შემიძლია წასვლა.

- თქვენი ინტერესის საგანს, რის გამოც კონსენსუსზე წახვედით, რა წარმოადგენდა? - განსაკუთრებული არაფერი, ესეც საარჩევნო ცვლილებებს შეეხებოდა. მთავარია, კონსენსუსი შედგა. მე 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას ვემხრობი, შეიძლება 2%-იც იყოს. სრულიად უბარიერო არ მიმაჩნია სწორად.

- ფიქრობთ, რომ 2024 წლისთვის არ გაგიჭირდებათ 5%-იანი ან თუნდაც 3%-იანი ბარიერის გადალახვა? - არ გაგვიჭირდება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ პარლამენტში არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვკვეთეთ ჩვენი ნიშა. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, გვექნება თუ არა სკამი პარლამენტში, დანარჩენებისგან განსხვავებით ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობა გვაქვს და აქტიურობით გამოვირჩევით.

ხათუნა ბახტურიძე