"უგულავა თავის საქმეზე იყო კიევში, თუ სააკაშვილს შეხვდა და ადამიანურად დაელაპარაკა, ეს არაფერს ნიშნავს" - კვირის პალიტრა

"უგულავა თავის საქმეზე იყო კიევში, თუ სააკაშვილს შეხვდა და ადამიანურად დაელაპარაკა, ეს არაფერს ნიშნავს"

"არაფერი უჩვეულო და ექსტრაორდინარული", - ასე აფასებს "ევროპულ საქართველოში" შექმნილ ვითარებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი. მისი თქმით, თუკი პარტიას განახლება არ შეუძლია, ესე იგი, მას არა აქვს პერსპექტივა, რომ უფრო წონიანი სიტყვა თქვას პოლიტიკაში, "ევროპულ საქართველოს" კი თავისი რესურსით, პოლიტიკური წონით, ინტელექტით, ხედვითა და სტრატეგიით დიდი და მნიშვნელოვანი როლის თამაშის შესაძლებლობა აქვს.

- არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია რაღაცას აჯამებს, აანალიზებს და თუ შედეგი სასურველი არ არის, ფიქრობს, რა გააკეთოს. ნორმალურ ქვეყნებში პროგრესული სტანდარტია, როცა პარტიის ხელმძღვანელობა ამ პასუხისმგებლობას აღიარებს და გადაწყვეტილებას იღებს. უმეტეს შემთხვევაში ასეთ სიტუაციაში პარტიის ხელმძღვანელობა იცვლება. დღეს პარტია "ევროპული საქართველო" მიჩნევს, რომ ახალი სტრატეგიაა საჭირო.

- როგორ გგონიათ, რა იყო თქვენი გუნდის მთავარი შეცდომა? - ალბათ, შიდაპარტიული პრობლემები კამპანიის წარმართვაში. რაღაც მომენტში პიროვნულმა ფაქტორმა არ იმუშავა, სადღაც რთული იყო ფინანსების ორგანიზება "ოცნების" წნეხის გამო, ზოგიერთი გზავნილი თუ სარეკლამო რგოლი კი ეფექტიანი არ გამოდგა.

- პიროვნული ფაქტორი ახსენეთ, ვინ იგულისხმეთ? - კონკრეტულად არავინ. შესაძლოა მაჟორიტარი კანდიდატები არ იყვნენ საკმარისად ეფექტურები. საარჩევნო ბიულეტენებიც პერსონიფიცირებული გვქონდა, სამი ლიდერის სახელი და გვარი იყო დატანილი. შესაძლოა Lესეც არ იყო საჭირო.

- უგულავასა და სააკაშვილის კიევში შეხვედრას მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გამორიცხავთ, რომ "ევროპული საქართველოს" ბედი იმ შეხვედრაზე გადაწყვეტილიყო? - გამოვრიცხავ. უგულავა თავის საქმეზე იყო კიევში. თუ სააკაშვილს შეხვდა და ადამიანურად, მეგობრულად დაელაპარაკა, ეს არაფერს ნიშნავს.

სხვათა შორის, ამ ცვლილებების მთავარი ავტორი უგულავა არც ყოფილა. საკითხის საჯარო არტიკულირება დავით ბაქრაძემ მოახდინა. თუმცა საკითხი მანამდეც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი...

- რა მიზეზი დაასახელეს ლიდერებმა, რომლებმაც უკვე დატოვეს ან აპირებენ დატოვონ პარტია? - უგულავა და ბაქრაძე პარტიის მართვისგან დისტანცირდნენ და არა პარტიისგან. რაც შეეხება დანარჩენებს, ეს არის საკითხი, რაზეც მე არ უნდა ვისაუბრო. თავად გააკეთებენ უფრო ზუსტ განმარტებას.

- არსებობს მოსაზრება, რომ პარტიის თავმჯდომარე შეიძლება სერგი კაპანაძე იყოს. - სერგი საარჩევნო შტაბის უფროსი იყო და ძალიან აქტიურიც. საერთოდ, თუ განახლებაზე ვლაპარაკობთ, შესაძლებელია პარტიაში ახალი ლიდერებიც მოვიდნენ...

ხათუნა ბახტურიძე