"მელია განწირული საჭადრაკო ფიგურაა" - კვირის პალიტრა

"მელია განწირული საჭადრაკო ფიგურაა"

"ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთნაირად ცდილობენ, ოპოზიცია არ შეთანხმდეს და პარლამენტში არ შევიდეს"

"ქართულ ოცნებას" არ სურს იმ პირობების შესრულება, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა ქართველ ხალხს. ამიტომ შეუერთდა "ნაცმოძრაობის" ბუნტს რესპუბლიკელების წინააღმდეგ", - ამბობს პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია.

- ჩვენ არ გვქონია რესპუბლიკელებთან კონსულტაციები. არ ვიცოდით მათი ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც უბარიერო პროპორციულ სისტემას ეხებოდა. თუმცა ვიცოდით მათი აზრი ამ საკითხზე. გაგვიხარდა, როცა ეს ინციატივა გაახმაურეს, მაგრამ რა? "ნაცმოძრაობა" თავს დაესხა რესპუბლიკელებს და ამაში ხელისუფლებაც აიყოლია. "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთნაირად ცდილობენ, ოპოზიცია არ შეთანხმდეს და პარლამენტში არ შევიდეს.

- თქვენი ვერსიით, "ოცნებას" რატომ არ სურს ოპოზიციის პარლამენტში შესვლა? - იმიტომ, რომ 60 ოპოზიციონერის შესვლა პარლამენტში ხელისუფლებისთვის დიდი დისკომფორტია. იცის, ყველა დებატს წააგებს. ამიტომ სახედაკარგული ოპოზიციის ნარჩენები აწყობს პარლამენტში. ამას გარდა, არ სურთ ივანიშვილის გაცემული დაპირებების შესრულება. იციან, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ძალაუფლებას დაკარგავენ.

- ნულოვანი ბარიერით სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის სანაცვლოდ პარლამენტში შესვლა რესპუბლიკელებზე ადრე "ოცნებას" თქვენ შესთავაზეთ. ხომ იცოდით, რომ ამ ცვლილებებს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა. რაზე გქონდათ გათვლილი თქვენი წინადადება? - იმედი გვქონდა, რომ რესპუბლიკელების მსგავსად სხვა პარტიებიც მიხვდებოდნენ, რა მნიშვნელოვან საკითხებზე იყო საუბარი და მოლაპარაკების მაგიდაზე ამ მოთხოვნების დადების სანაცვლოდ პარლამენტში შევიდოდნენ.

- თქვენ ამბობთ, რომ "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" უნისონში მოქმედებენ. მაშინ მელიასა და მმართველ გუნდს შორის გამწვავებულ დაპირისპირებას როგორ ახსნით? - ჩემი აზრით, სააკაშვილი "ქართულ ოცნებას" ეთამაშება. ცდილობს რაც შეიძლება მეტი დაათმობინოს თავისი ძალაუფლების გაძლიერებისთვის. მელია განწირული საჭადრაკო ფიგურაა. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამას ვერ ხვდება, სააკაშვილის თამაშში ერთვება და პროცესებს უფრო ამძაფრებს. შეიძლება ვითარება ისე გართულდეს, პროცესები უმართავი გახდეს. სააკაშვილიც მიზანიც ეს არის.

- ნიკა მელიაც არის საჭადრაკო ფიგურა სააკაშვილის ხელში და ამას ვერ ხვდება? - შეიძლება მელიას მოსწონს კიდეც. მისი დაპატიმრება ხელისუფლების დიდი შეცდომა იქნება.

- როგორია თქვენი როლი ამ პროცესში? - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შერიგება. ეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა.

- თავიდან ამბობდით, უნისონში მოქმედებენო, ახლა ამბობთ, უნდა შევარიგოო... როგორ გავიგოთ ეს? - ორივე პარტიის რეიტინგი ერთმანეთთან ჩხუბზე დგას. რომ შერიგდნენ, შეიძლება ორივეს რეიტინგი ნულამდე დაეცეს. შესაბამისად, მათ ჩხუბი ურჩევნიათ, მაგრამ ჩვენი, ანუ ხალხის ინტერესი მათი შერიგებაა... ერთიან ეროვნულ მოთხოვნად უნდა ვაქციოთ ამ ორი პოლიტიკური ძალის შერიგება. ამ შერიგების ფარგლებში უნდა მოვაქციოთ პარლამენტში შესვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები უმართავი გახდება.

პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაჭერას ვიღაც აუცილებლად გააპროტესტებს, ვიღაც ქუჩაში გამოვა, ვიღაც ქვას ისვრის, ქვის მსროლელი გახდება დასაჭერი, დაპატიმრებულ ქვის მსროლელს გამოუჩნდება ჭირისუფალი, ახლა ის გამოვა ქუჩაში და პოლიციას დაარტყამს. ჩვენ მუდმივ კონფლიქტში ვცხოვრობთ - ერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლების დამხობას ცდილობს, ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის, ვადამდელ არჩევნებზე უარს ამბობს, ოპოზიცია ქუჩაში რჩება, ხოლო ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას ქვების სროლის მეტი საბაბი ეძლევა.…ამ გაწამაწიაში იჭყლიტებიან პატარა პოლიტიკური პარტიები და ერთხელაც, როცა რაღაც სერიოზული აფეთქდება, "ქართული ოცნების" პირისპირ მიშას გარდა აღარავინ დარჩება.

ხათუნა ბახტურიძე