"ნაციონალებისგან" გამოყოფა "ევროპულ საქართველოსაც" არ სჯერა" - კვირის პალიტრა

"ნაციონალებისგან" გამოყოფა "ევროპულ საქართველოსაც" არ სჯერა"

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას განცხადებით მიმართავენ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ნიკა მელიას შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება პოლიტიკურ ოპონენტებთან ხელისუფლების დანაშაულებრივი ბრძოლაა, რომელსაც კავშირი არა აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან. "მელიას საქმე ნათელი დასტურია იმისა, თუ რა მეთოდებით იბრძვის "ოცნება" ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. გახდება თუ არა ნიკა მელია ხელისუფლების ახალი თავსატეხის მიზეზი, რას ცვლის მმართველი გუნდის სტრატეგიაში ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ახალი დღის წესრიგი, ამ და სხვა საინტერესო თემებზე პარლამენტარი დავით მათიკაშვილი გვესაუბრება:

- ნიკა მელია და არა მარტო ის, მთელი დესტრუქციული ოპოზიცია გამოწვევის წინაშე აყენებს არა ხელისუფლებას, არამედ საზოგადოებას, ქვეყანას. მელია თავად არის საკუთარი პერსპექტივის ავტორი. რაც მოხდება, ავტორი თვითონ იქნება. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რა მართებს პროკურატურას, როცა პირი აღკვეთის ღონისძიების პირობებს არღვევს. დაჭერა და მკაცრი ზომების გამოყენება იდეფიქსი არ არის და ამის გაკეთება არავის სიამოვნებს. პოლიტიკური პარტიის წევრობა და ლიდერობა ინდულგენცია ვერ იქნება.

- ნიკა მელიას დაჭერა დააზარალებს თუ არა "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურად? - შესაძლოა დააზარალოს კიდეც, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობა ვერ გახდება ქვეყნის დემოკრატიის დარღვევისა და სამართალდამცავი სისტემის შეურაცხყოფის საფუძველი. ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტისამართლებრივი იდეოლოგიის მქონე ძალა სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის შემდეგ საქართველოს არ ჰყოლია. ლაპარაკობენ ძალიან ნათლად, თუ როგორ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო, როგორ გამოაცალონ საფუძვლები დემოკრატიას, როგორ გამოაცალონ საფუძველი სამართალდამცავ ორგანოებს და როგორ შექმნან ქაოსი. საქმე არ არის გირაოს თანხის გადახდა-არგადახდაში. საქმე ის არის, ან გქვია სახელმწიფო, ან არა.

- "ევროპულ საქართველოში" მიმდინარე პროცესი რაზე მიგანიშნებთ? - არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ როტაცია დაიწყო არა მარტო "ევროპულ საქართველოში", არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც, რაც, ჩემი აზრით, სავსებით ბუნებრივია. "ნაცმოძრაობის" ანასხლეტი, დაბალრეიტინგული პარტიის ლიდერები სააკაშვილის ხელმოწერილი სიით შევიდნენ მე-9 მოწვევის პარლამენტში და შემდეგ გახდნენ "ევროპული საქართველოს" ლიდერები. მათი "ნაციონალებისგან" გამოყოფის ამბავი, ალბათ, თავადაც არ სჯერათ. ახლა რა გზას დაადგებიან, არავის აინტერესებს და ვერც "ოცნების" გეგმებს შეცვლიან.

- მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა კიევში სააკაშვილს შეხვდა, "ნაციონალური მოძრაობის" გამსხვილებას ხომ არ ელით? - ზუსტად ეგ ვიგულისხმე, როცა ვთქვი, რომ "ნაციონალებისგან" გამოყოფა "ევროპულ საქართველოსაც" არ სჯერა-მეთქი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ეს ორი პარტია, ფაქტობრივად, ერთ პოლიტიკურ ძალად წარდგა ჩვენ წინაშე. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოება მათ არ ენდობა. რაც უნდა გადაჯგუფდნენ და გადალაგდნენ, ქვეყანაში პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლიან. ჩვენ გაცილებით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ქვეყანა პანდემიიდან გამოსვლის ეტაპზეა და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ოპონენტებსაც მოვუწოდებ გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან.

- პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას რამდენად მომზადებული ვხვდებით და შეძლებს თუ არა ქვეყანა მესამე ტალღასთან გამკლავებას? - პანდემიის დაწყების წუთიდან დღემდე არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ყველაფერს ექიმებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით ვაკეთებდით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და დღესაც აკეთებს. ახლა ჯერი მოსახლეობაზეა, მან უნდა გაითვალისწინოს და ზედმიწევნით დაიცვას სპეციალისტების რეკომენდაციები. მხოლოდ ამით შევძლებთ ნაკლები დანაკარგით ფონს გასვლას.

ხათუნა ბახტურიძე